მარიამ გობიანიძე: ,,ფრანკფურტის გოეთეს უნივერსიტეტში შესრულებული კვლევისას ყველაზე დიდი გამოწვევა ,,ვეფხისტყაოსნის“ აფორიზმების ბუნება აღმოჩნდა“

თარიღი: 2026-03-30 13:36:39

მსოფლიო მნიშვნელობის ქართული პოემის – ,,ვეფხისტყაოსნის” – კვლევა თანამედროვე ეპოქაშიც არ კარგავს აქტუალობას. ამ მხრივ კიდევ ერთ წარმატებას მიაღწია მარიამ გობიანიძემ, რომელმაც სადოქტორო დისერტაცია ფრანკფურტში, გოეთეს უნივერსიტეტში დაიცვა თემაზე  „აფორიზმების ეკვივალენტობის საკითხი შოთა რუსთაველის ,,ვეფხისტყაოსნის” ინგლისურ თარგმანებში“.

თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ინგლისური ფილოლოგიის კათედრისა და არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის მოწვევით მარიამ გობიანიძემ 28 მარტს ლექცია წაიკითხა თსუ-ს სტუდენტებისა და სხვა დაინტერესებული აუდიტორიისთვის. შეხვედრა მუდმივმოქმედი სემინარის – ,,სამეცნიერო საუბრები ლექსიკოლოგია-ლექსიკოგრაფიის საკითხებზე” – ფარგლებში გაიმართა.

ლექციაზე მარიამ გობიანიძემ თავისი სადოქტორო კვლევის მთავარი მიგნებები წარმოადგინა, მიმოიხილა „ვეფხისტყაოსნის“ ინგლისურენოვან თარგმანებში აფორიზმების გადატანის სირთულეები და აუდიტორიას ის თანამედროვე, ციფრული მეთოდები გააცნო, რომლებიც დღეს რუსთველოლოგიაში გამოიყენება. როგორც მან აღნიშნა, მისი კვლევა ინტერდისციპლინურია, რადგან აერთიანებს დიგიტალურ ჰუმანიტარიას, კორპუსლინგვისტიკას, ენათმეცნიერებას, თარგმანთმცოდნეობას, სტატისტიკურ და ასევე ფილოსოფიურ კვლევის მეთოდებს.

გაზეთ ,,თბილისის უნივერსიტეტთან” ინტერვიუში ახალგაზრდა მეცნიერმა ვრცლად ისაუბრა ფრანკფურტის გოეთეს უნივერსიტეტში მუშაობის პროცესზე, კვლევის ინოვაციურ მეთოდებსა და იმ პროექტებზე, რომლებსაც იგი ქართული ენის მემკვიდრეობის ციფრული განვითარების მიმართულებით ახორციელებს.

მარიამ გობიანიძეს თსუ-ში ქართული ფილოლოგიის საბაკალავრო და ქართველური ენათმეცნიერების სამაგისტრო პროგრამები აქვს დამთავრებული. ფრანკფურტის გოეთეს უნივერსიტეტში კი სადოქტორო დისერტაცია 2025 წლის 16 დეკემბერს დაიცვა (სამეცნიერო ხელმძღვანელი – ამავე უნივერსიტეტის პროფესორი მანანა თანდაშვილი). ეს ერთწლიანი ინტენსიური სასწავლო პროგრამა განათლების საერთაშორისო ცენტრის გრანტით დაფინანსდა.

,,ვფიქრობდი, რომ, ციფრულ მეთოდებზე ხელმისაწვდომობის პარალელურად, ის ცოდნა, რაც ფრანკფურტის უნივერსიტეტში მივიღე, ძალიან მალე უნდა გამეზიარებინა ,,საქართველოსთვის“, – აღნიშნავს მკვლევარი. მისი თქმით, სწორედ ეს გახდა მისი მთავარი მოტივაცია, რომ დისერტაციაზე მუშაობა ერთ წელში დაესრულებინა, რაც მსგავსი მოცულობითი კვლევისთვის მცირე დროდ მიიჩნევა.

კვლევისთვის ავტორმა „ვეფხისტყაოსნის“ ხუთი არსებული ინგლისური თარგმანიდან სამი შეარჩია: მარჯორი უორდროპის 1912 წლის პროზაული თარგმანი, რომელიც პოემის პირველი თარგმანია და ხშირად სხვა ენებზე თარგმნისას შუალედურ ტექსტადაც გამოიყენებოდა; და ორი პოეტური თარგმანი – ვენერა ურუშაძისა (1968) და ლინ კოფინის (2015).

როგორც ჩვენი რესპონდენტი ხსნის, კვლევისას ყველაზე დიდი გამოწვევა თავად აფორიზმების ბუნება აღმოჩნდა. ,,სირთულე იწყება იქიდან, რომ არ არსებობს აფორიზმის ერთიანი, უნივერსალური დეფინიცია, ლექსიკონები და სამეცნიერო ნაშრომები მას სხვადასხვანაირად განმარტავენ. რთულია ზუსტად განისაზღვროს მათი რაოდენობა პოემაში და ადგილი სტროფში. ამას ემატება ქართული და ინგლისური ენების სტრუქტურული სხვაობები და აფორიზმების მაღალი სემანტიკური დატვირთვის უცხო ენაზე შენარჩუნების პრობლემა”, – აცხადებს მარიამ გობიანიძე.

ამ სირთულეების დასაძლევად მარიამ გობიანიძემ გამოიყენა ფრანკფურტის უნივერსიტეტში პროფესორ მანანა თანდაშვილისა და დოქტორ მარიამ ყამარაულის მიერ შექმნილი აფორიზმთა შედარების უნივერსალური თეორიული მოდელი, რომელსაც საკუთარი სიახლე – ლოგიკური პერსპექტივა დაამატა.

„რუსთაველი ძალიან ხშირად იყენებს ფილოსოფიურ მიდგომებს. ამიტომ გადავწყვიტე – მისი აზრი ლოგიკური ფორმულების სახით გადამეწერა. მკაცრი ინდიკატორებისა და ლოგიკური ფორმულების დამატებამ თეორია უფრო სრულყოფილი და ობიექტური გახადა”, – გვითხრა მკვლევარმა.

მარიამ გობიანიძემ ყურადღება გაამახვილა „დიგიტალურ რუსთველოლოგიაზეც“, რომელიც მოიცავს რუსთაველის და ვეფხისტყაოსნის კვლევას თანამედროვე ციფრული მეთოდებით, რაც, თავის მხრივ, გულისხმობს ტრადიციული მეთოდების გამოყენებასაც. როგორც მეცნიერმა აღნიშნა, ეს სფერო 2019 წლიდან, ფრანკფურტში რუსთაველის კაბინეტის გახსნის შემდეგ, აქტიურად ვითარდება. შეიქმნა „ვეფხისტყაოსნის“ თარგმანების პარალელური კორპუსი, სადაც ტექსტები მრავალ ენაზეა (მათ შორის არაბულსა და ყირგიზულზე) ,,დაპარალელებული”. ეს მკვლევრებს საშუალებას აძლევს – ერთი კონცეპტი ერთდროულად რამდენიმე ენაში შეისწავლონ.

                                      წლის საუკეთესო პროექტის ჯილდო

ჩვენი რესპონდენტი ქართული ენობრივი მემკვიდრეობის ციფრული განვითარების მიმართულებით კიდევ ორ მნიშვნელოვან ინიციატივაში იყო ჩართული: იგი არის მრავალენოვანი ციფრული პორტალის – „ჩემი რუსთაველის“ თანაავტორი (პროფესორ მანანა თანდაშვილთან ერთად). ეს რესურსი უცხოეთში მცხოვრები ქართველი ბავშვებისთვის შეიქმნა და მათ პოემის წაკითხვის საშუალებას, ქართულთან ერთად, 6 ევროპულ ენაზე აძლევს (საგანგებო კალიგრაფიითა და ლექსიკონით). 2024 წელს პორტალმა წლის საუკეთესო პროექტის ჯილდო მოიპოვა.

გარდა ამისა, მარიამი იყო პროექტის – ხელოვნური ინტელექტი და ქართული ენა ციფრულ ეპოქაში – კოორდინატორი. ეს იდეა ფრანკფურტში გაჩნდა, როცა დოქტორმა მარიამ ყამარაულმა საუკეთესო სწავლებისთვის მიღებული ფულადი ჯილდო ისევ საგანმანათლებლო საქმეს მოახმარა და 2025 წელს სვანეთში საერთაშორისო საზაფხულო სკოლა დააფინანსა. სკოლის ფარგლებში ქართველმა და უცხოელმა მეცნიერებმა იმსჯელეს, თუ როგორ შეიძლება ხელოვნური ინტელექტის გამოყენება ქართული ხელნაწერების ციფრული კვლევისა და ენობრივი მოდელების განვითარებისთვის.

მარიამ გობიანიძე ამჟამად თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტი და მოწვეული ლექტორია. ის კვლავ აგრძელებს კვლევას. მისი საქმიანობის მაგალითზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ტრადიციული მეცნიერებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების სინთეზს ქართველოლოგიის სხვადასხვა მიმართულებაში დიდი პოტენციალი აქვს.

Facebook
Twitter
LinkedIn