მარიამ გიუნაშვილს უნგრეთში სწავლამ დიდი გამოცდილება შესძინა
დიდი პასუხისმგებლობით მოეკიდა მარიამ გიუნაშვილი პროფესიულ არჩევანს. ამაში სკოლის პერიოდიდან მოყოლებული მათემატიკისადმი ინტერესი და მისწრაფება დაეხმარა და დღეს მარიამი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის IV კურსის წარჩინებული სტუდენტია.
„რთულია ცხოვრების ადრეულ ეტაპზე მიიღო გაცნობიერებული გადაწყვეტილება იმის შესახებ, თუ რომელ სფეროში ხედავ საკუთარი საქმიანობის გაგრძელების პოტენციალს. ვფიქრობ, ამ დროს მნიშვნელოვანია მოვუსმინოთ საკუთარ თავს და გულის ძახილს, კარგად გავაანალიზოთ ჩვენი ინტერესები, გავიაზროთ ჩვენი ძლიერი და სუსტი მხარეები და სწორად დავალაგოთ არსებული პრიორიტეტები, რათა მივიღოთ დამოუკიდებელი და ოპტიმალური გადაწყვეტილება, რომელიც ასევე თანხვედრაში იქნება სამომავლოდ კარიერული განვითარების შესაძლებლობებთან.
ბავშვობიდან მაინტერესებდა ისეთი სახის საკითხები, რაც პირდაპირკავშირში იყო დღევანდელობასთან და განსაზღვრავდა როგორც ქვეყნის, ასევე, მისი მოსახლეობის უკეთესი მომავლის ფორმირებას არა მხოლოდ ეროვნულ, არამედ გლობალურ ჭრილში, რასაც ვთვლი, რომ ეკონომიკის ფაკულტეტი ყველაზე კარგად შეესაბამებოდა“, – აცხადებს მარიამი, რომელისთვისაც მნიშვნელოვანია თვითგანვითარებაზე ზრუნვა და პროგრესზე ორიენტირება, რაშიც, როგორც თვითონ ამბობს, ერთ-ერთი გარდამტეხი როლი ითამაშა ,,ერასმუს +“-ის გაცვლითმა პროგრამამ.
„მომეცა საშუალება – ნახევარი სემესტრით სწავლა უნგრეთში, მიშკოლცის უნივერსიტეტში (University of Miskolc) გამეგრძელებინა. ვფიქრობ, რომ აღნიშნულ პროგრამაში მონაწილეობის მიღება იყო ერთ-ერთი საუკეთესო გადაწყვეტილება, რისი მიღებაც სწავლის ამ ეტაპზე შემეძლო, რადგან ჯერ კიდევ ადრეული ასაკიდან მოყოლებული ყოველთვის მქონდა სურვილი, რომ მონაწილეობა მიმეღო მსგავს აქტივობებში და საკუთარ თავზე გამომეცადა ფართო შესაძლებლობების ის არეალი, რასაც საზღვარგარეთის სასწავლო სისტემა იძლევა. კერძოდ, საშუალება მომეცა გავცნობოდი უცხოურ კულტურას, ტრადიციებს, ცხოვრების წესს და ამის პარალელურად გამეღრმავებინა ჩემი ცოდნა ეკონომიკის სფეროში, აგრეთვე, ყოველდღიურ გამოწვევებთან ერთად აღმომეჩინა ის ახალი უნარ-ჩვევები, რომელიც დამეხმარა უკეთ გამეაზრებინა ჩემი სამომავლო მისწრაფებები და წარმომეჩინა საკუთარი თავის აქამდე აღმოუჩენელი ვერსია. მართალია, თავდაპირველად ეს ყველაფერი ჩემთვისაც დიდი გამოწვევა იყო და ერთი შეხედვით მიუღწეველ ოცნებად მიმაჩნდა, თუმცა დავრწმუნდი, რომ საკუთარი თავის რწმენით, ცოტაოდენი მონდომებითა და შრომისმოყვარეობით ყველაფრის მიღწევა შესაძლებელია, ამიტომ დანარჩენ სტუდენტებსაც ვურჩევდი, მონაწილეობა მიიღონ მსგავსი სახის აქტივობებში და თავიანთი სურვილები რეალობად აქციონ!“ – ამბობს მარიამ გიუნაშვილი, რომელიც თვლის, რომ პროფესია ეკონომისტი 21-ე საუკუნის გამოწვევებს საკმაოდ აქტუალურად ეხმიანება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც როგორც საქართველოს, ასევე მსოფლიოს ეკონომიკა მუდმივად ცვლილებებს განიცდის. „ჩემთვის ეკონომისტის პროფესია ასოცირდება მუდმივად გამოწვევების ეპიცენტრში ყოფნასთან… ეკონომისტი არის პირი, რომელსაც თავისი მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ქვეყნისა და საზოგადოების კეთილდღეობის განვითარების საქმეში.
დღევანდელ მსოფლიოში, ციფრული ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სამყაროში ვთვლი, რომ ეკონომისტს აქვს მოქმედების ფართო არეალი, რათა შეძლოს მის ხელთ არსებული ინფორმაციის დამუშავება და ანალიზი, ამის საფუძველზე კი ეფექტიანი ნაბიჯების განხორციელება და მიმდინარე მოვლენების ობიექტურად შეფასება“, – ასე ფიქრობს მარიამი, რომელიც სულ მალე დაამთავრებს თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტს. საინტერესოა, მომავალი ეკონომისტი როგორ აფასებს ფაკულტეტზე მიმდინარე სასწავლო პროცესს, პროგრამებს და პროფესორ- მასწავლებელთა დამოკიდებულებას.
„რაც შეეხება თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე მიმდინარე სასწავლო პროცესს, უნდა აღინიშნოს, რომ არსებული ფაკულტეტი საშუალებას აძლევს სტუდენტებს გაიღრმავონ თეორიული და პრაქტიკული ცოდნა ეკონომიკისა და ბიზნესის აქტუალურ საკითხებთან მიმართებაში, რაშიც დიდ როლს ასრულებს სტუდენტებზე მორგებული სწავლების გრაფიკი. აღსანიშნავია ისიც, რომ ფაკულტეტი სტუდენტებს სთავაზობს პროგრამების ფართო არჩევანს და საშუალებას აძლევს მათ მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა სახის აქტივობებში, როგორიცაა: სამეცნიერო კონფერენციები, პრეზენტაციები, გაცვლითი პროგრამები. მნიშვნელოვანია პროფესორ-მასწავლებელთა დამოკიდებულებაც, რომლებიც ყველანაირად ცდილობენ დაეხმარონ სტუდენტებს არა მხოლოდ თეორიული ცოდნის მიღებაში, არამედ პიროვნულ განვითრებასა და კარიერულ წინსვლაში. რა თქმა უნდა, ისევე, როგორც ყველგან, ფაკულტეტის წინაშეც დგას გარკვეული სახის ტექნიკური გამოწვევები, თუმცა ვთვლი, რომ უახლოეს პერიოდში შესაძლებელია მათი ადეკვატურად გადაჭრა და სწავლის გაუმჯობესებისთვის დამატებითი ნაბიჯების გადადგმა“, – აღნიშნავს მარიამი, რომელიც სწავლის გაგრძელებას მაგისტრატურაზეც აპირებს ისევ ეკონომიკის მიმართულებით. ამასთანავე, დიდი სურვილი აქვს – მონაწილეობა მიიღოს სასწავლო გაცვლით პროგრამებში, თუ, რა თქმა უნდა, ამის შესაძლებლობა მიეცემა.