რატომ აირჩია თსუ-ში ჩაბარება მარიამ ფირცხალაიშვილმა

თარიღი: 2023-09-14 14:23:25

ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარების შედეგად მარიამ ფირცხალაიშვილი მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტი გახდა. მას სურს შეისწავლოს მედიცინა, როგორც მეცნიერება. დღეის გადმოსახედიდან აინტერესებს გენეტიკა, ამიტომ თვლის, რომ მისი მომავალი პროფესია ამ სფეროსთან იქნება დაკავშირებული.

რატომ აირჩია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი? – ამ კითხვაზე მარიამ ფირცხალაიშვილს ასეთი პასუხი აქვს:

,,თსუ-ში ჩავაბარე მრავალფეროვანი გაცვლითი პროგრამებისა და კვლევების შესაძლებლობების გამო“.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისგან იგი ისეთი განათლების მიღებას ელოდება, რაც დაეხმარება კონკურენტუნარიანი იყოს მსოფლიოს მასშტაბით. სამომავლო გეგმებზე საუბრისას, მარიამი ამბობს: ,,ჩემი სამომავლო გეგმები უკავშირდება სტუდენტური ცხოვრების ნაყოფიერად გამოყენებას, კარიერულ და პიროვნულ წინსვლას. მსურს, მიღებული განათლებით ვემსახურო ჩემს სამშობლოს და წვლილი შევიტანო სიახლის დანერგვასა და განვითარებაში“. მარიამი სურვილებსაც გვიმხელს, რაც უნივერსიტეტში სწავლას უკავშირდება: ,,მსურს, ვისწავლო სამართლიან და მეგობრულ გარემოში მაღალკვალიფიციურ ლექტორებთან, რომლებიც მზად იქნებიან სტუდენტებს მისცენ მოტივაცია და საჭიროებისას დახმარების ხელი გაუწოდონ“,  – ამბობს მარიამი.

Facebook
Twitter
LinkedIn