მარიამ დელიბაშვილი პედაგოგობისთვის ემზადება

თარიღი: 2025-04-29 17:29:35

მარიამ დელიბაშვილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის  ქართული ფილოლოგიის მეორე კურსის სტუდენტია. ამბობს, რომ არჩევანის საფუძველი, სწორედ ამ სასწავლებელში რომ ესწავლა, თსუ-ს მდიდარი ტრადიციები და სწავლების მაღალე დონე იყო. მოლოდინმა გაამართლა და თავს ბედნიერად გრძნობს. „ის ჩემთვის მართლაც „დედა უნივერსიტეტი“ გახდა, „ცოდნის ტაძარი“… თანაც,  ჰუმანიტარული მეცნიერებების ფაკულტეტი, ტრადიციულად,  განთქმულია სწავლების უმაღლესი ხარისხითა და პროფესიონალი ლექტორებით. ამ უნივერსიტეტმა, პირველ რიგში, ცოდნა მომცა, აქ უამრავი საინტერესო ადამიანი გავიცანი და საუკეთესო მეგობრები შევიძინე“, – ამბობს მარიამი.

კითხვაზე – რა პრობლემას გამოკვეთდა,  რაც უნივერსიტეტს უკავშირდება, ამბობს, რომ ეს უფრო ტექნიკური ხასიათის პრობლემებია,  რომლებსაც, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ  აწყდებიან  სტუდენტები, განსაკუთრებით საგნების არჩევის დროს. „აქ სწავლა პასუხისმგებლობასთან ერთად დიდი პატივი და პრივილეგიაა, ამიტომ მინდა, რომ ნაკლებ პრობლემებს წავაწყდეთ და სტუდენტებისთვის სასიამოვნო გარემო იყოს შექმნილი“. 

მარიამ დელიბაშვილმა გასული წლის ნოემბერში სახელმწიფო სტიპენდია მოიპოვა. ამბობს, რომ ბედნიერია, რადგან შრომა დაუფასდა და სამომავლოდ უფრო დიდი სტიმული აქვს – ამ სფეროში წარმატებას მიაღწიოს. „ჩემი საუკეთესო ლექტორების – ირაკლი ბათიაშვილის, რამაზ ქურდაძის, სოლომონ ტაბუცაძის, ნესტან სულავას, მზისა ბუსკივაძის,  ასმათ ჯაფარიძის,  რუსუდან ზექალაშვილის დამსახურებაა, რომ ხალისით და დიდი ინტერესით ვსწავლობ ყველა საგანს. ახლა გავდივარ მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიან საგანმანათლებლო პროგრამას, რომელიც დამეხმარება სამომავლოდ. ჯერ კიდევ ბევრი მაქვს გასაკეთებელი… მინდა, აქტიურად ჩავერთო სხვადასხვა აქტივობაში და  მონაწილეობა მივიღო სამეცნიერო კონფერენციებში“,  – ამბობს მარიამი.

სწავლის გარდა იგი  მუსიკით  არის გატაცებული. მარიამი თსუ-ს ფოლკლორული ანსამბლის წევრია. გასულ ზაფხულს, ანსამბლის წევრებთან ერთად, მან რაჭაში გამართულ ფოლკლორულ კონცერტშიც მიიღო მონაწილეობა. მარიამი ლექსებსაც წერს და ოცნებობს – მომავალში საკუთარი წიგნიც გამოსცეს.

„ზოგადად,  წინასწარ ცხოვრების დაგეგმვა  არ მიყვარს, უფრო დღევანდელი დღით ვცხოვრობ, თუმცა, ვიცი, რომ  მომავალზე ფიქრიც აუცილებელია. სამომავლოდ ვისურვებდი, რომ გავხდე ისეთი კარგი პედაგოგი, რომელიც მომავალ თაობას  გზის გაკვალვაში დაეხმარება.  გარდა ამისა,  პოეტების ქვეყანაში ვცხოვრობთ და თავადაც ძალიან მინდა, რომ იმ დიდი ხალხის დაწყებული საქმე ღირსეულად გავაგრძელო, რაც, ვიცი, იოლი საქმე არ იქნება, რადგანაც შემოქმედება „ჯვარცმაა“. ვერ წარმომიდგენია ცხოვრება მუსიკის გარეშე, მითუმეტეს, როდესაც შენი ქვეყნის ფოლკლორს ეხები – ეს დიდი პასუხისმგებლობაა, მაგრამ, ამავე დროს, დიდი ბედნიერებაც. მსურს, საქართველოს ფარგლებს გარეთ გავიტანო ჩვენი კულტურა, რომელსაც აღფრთოვანებაში მოჰყავს მსოფლიო“,  – ამბობს მარიამ დელიბაშვილი.

Facebook
Twitter
LinkedIn