მარიამ ცინდელიანი ამერიკის საელჩოს Fulbright-ის პროგრამის გამარჯვებულია

თარიღი: 2026-10-09 12:27:21

უნივერსიტეტელი მარიამ ცინდელიანი შემოდგომის სემესტრიდან სწავლას სრული დაფინანსებით აშშ-ში, Duke University-ში, მაგისტრატურის საფეხურზე სამედიცინო ფიზიკის მიმართულებით გააგრძელებს.

Fulbright-ის პროგრამა მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟულ სტიპენდიად ითვლება და ყოველ წელს ხუთიოდე სტუდენტს აძლევს შესაძლებლობას – სწავლა განაგრძონ ამერიკაში სრული სწავლისა და საცხოვრებლის დაფინანსებით. 2010 წლიდან დღემდე ფულბრაითის პროგრამას ფიზიკოსი არ დაუფინანსებია, 16 წლის შემდეგ კი ფულბრაითის სტიპენდიის გამარჯვებული მარიამ ცინდელიანი გახდება!

მანამდე მარიამმა ევროპისა და ამერიკის ათამდე წამყვანი უნივერსიტეტიდან მიიღო შემოთავაზება, თუმცა, მისი გადაწყვეტილებით, 2026 წლის აგვისტოდან სწავლას განაგრძობს მაგისტრატურის საფეხურზე სამედიცინო ფიზიკის მიმართულებით Duke-ის უნივერსიტეტში, ჩრდილოეთ კაროლინას შტატში. აღსანიშნავია, რომ დიუკის უნივერსიტეტს მხოლოდ 6% აქვს მიღების მაჩვენებელი, ამერიკის ტოპ 10 უნივერსიტეტების ჩამონათვალში მე-7 ადგილს იკავებს და 26-ე ადგილზეა გლობალური უნივერსიტეტების რეიტინგში.

სამედიცინო ფიზიკა მეცნიერს უნიკალურ შესაძლებელობას აძლევს, რომ ფიზიკის ცოდნა ადამიანების ჯანმრთელობის გაუმჯობესებას მოახმაროს. საქართველოში დღესდღეობით არ არსებობს სამედიცინო ფიზიკის აკრედიტირებული პროგრამა, შესაბამისად, საქართველოს ბაზარზე თავს იჩენს სამედიცინო ფიზიკოსების დიდი დეფიციტი. ამ ფონზე სასიხარულოა, რომ მარიამი აშშ-ში სწავლის შემდეგ, შინ დაბრუნებისას, საკუთარი სფეროს წამყვანი სპეციალისტი იქნება და მიეცემა შესაძლებლობა – ამერიკაში მიღებული განათლებით ეს სფერო საქართველოში უფრო მეტად განავითაროს და წვლილი შეიტანოს მის პოპულარიზაციაში.

ამ წარმატებამდე მარიამ ცინდელიანმა გრძელი გზა გაიარა  – 2019 წელს სრული დაფინანსებით ჩაირიცხა და შემდეგ წარჩინებით (GPA:4.0), წითელ დიპლომზე 2023 წელს დაასრულა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი, რომელზეც ჯერ კიდევ ბაკალავრიატის საფეხურზე გახდა ფაკულტეტზე ყველაზე რეიტინგული სტუდენტი და მიიღო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ჯილდო. მან მაგისტრატურის საფეხურზე სწავლა განაგრძო ასევე 100%-იანი დაფინანსებით თსუ-ში ბიოფიზიკის მიმართულებით და ისიც წითელ დიპლომზე (GPA : 4.0) დაასრულა 2025 წელს.

ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურზე იგი აქტიურად იღებდა მონაწილეობას სამეცნიერო, სტუდენტურ და საერთაშორისო კონფერენციებში, ასევე იყო სტუდენტთა ნაშრომების თანახელმძღვანელიც.

სტუდენტობის პერიოდში მარიამი ყოველ სემესტრში იყო არაერთი კერძო და სახელმწიფო სტიპენდიის, ხოლო მაგისტრატურის საფეხურზე მერიის წარმატებული სტუდენტის სტიპენდიების მფლობელი. იგი ასევე არის თსუ-ის გამოთვლითი ფიზიკის სტუდენტური ლაბორატორიის წევრი და მისი ნაშრომები ეფუძნება რიცხობრივ გამოთვლებსა და კომპიუტერულ მოდელირებას.

2025 წლიდან მარიამი მუშაობს თოდუას კლინიკაში, სადაც ის სამედიცინო ფიზიკოსის პოზიციას იკავებს. მის მოვალეობაში შედის რადიაციული უსაფრთხოების უზრუნველყოფა თანამშრომლებისა და მოსახლეობისათვის, აპარატურის ხარისხის რეგულარული კონტროლი, ბირთვულ მედიცინაში რადიოფარმპრეპარატებისა და რადიოაქტიური ნარჩენების მართვა და ამ სფეროში ახალი ტექნოლოგიებისა და პროტოკოლების დანერგვა.

მარიამი მუდმივად აქტიურად არის ჩართული საგანმანათლებლო  ინიციატივებში, განსაკუთრებით ცდილობს ხელი შეუწყოს მეცნიერების განვითარებას სკოლის მოსწავლეებში. იგი 2022 წლიდან საქართველოს ფიზიკის სტუდენტთა ასოციაცია GAPS-ისა და ახალგაზრდა ფიზიკოსთა ასოციაცია Young Minds Tbilisi-ის აქტიური წევრია და მოსწავლეთათვის  მრავალფეროვან საგანმანათლებლო ღონისძიებებს გეგმავს.

Facebook
Twitter
LinkedIn