ფილოსოფია და ხატვა მარიამ ჩუბინიძეს თვითგამორკვევაში ეხმარება
მარიამ ჩუბინიძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის მიმართულების მესამე კურსის სტუდენტია. ამ სპეციალობით დაინტერესება, გარკვეულწილად, თავისმა მეორე პროფესიამ – მხატვრობამაც გამოიწვია. თავდაპირველად იგი სამხატვრო სასწავლებელში სწავლობდა. სადიპლომო თემა ფრანც კაფკას „მეტაფორმოზა“ და ამ ნაწარმოების მიხედვით ილუსტრაციების შექმნა იყო. სწორედ ამ პროცესში დაინტერესდა ფილოსოფიით და სწავლის გაგრძელება ამ მიმართულებით გადაწყვიტა. უნივერსიტეტში მარიამისთვის ახალი ეტაპი დაიწყო.
„შეიძლება ითქვას, რომ გამიმართლა, რადგან უნივერსიტეტში საშუალება მაქვს მივიღო ხარისხიანი ცოდნა, გავიცანი არაჩვეულებრივი ადამიანები, რომლებმაც უდიდესი ზეგავლენა იქონიეს ჩემი ცნობიერების ჩამოყალიბებაზე. ხატვა ჩემი ემოციების გამოხატვაში მეხმარება, ლექციების დროს ხშირად გამიკეთებია ჩანახატები ლექტორის სიტყვებით შთაგონებულს, განსაკუთრებით ესთეტიკის სალექციო კურსის მოსმენისას. კარგად მახსოვს ჩემთვის ძალიან ძვირფასი ლექტორის, ბატონი აკაკი ყულიჯანიშვილის სიტყვები, რომ „ხელოვნება გვაძლევს საშუალებას – განვიცადოთ და გამოვცადოთ ის, რაც რეალურ ცხოვრებაში სათანადოდ ვერ განვიცადეთ და გამოვცადეთ!“ – ამბობს მარიამი.
„სამი წელია, რაც, სწავლის პარალელურად, ფილოსოფიას ვიყენებ როგორც ინსტრუმენტს თვითგამორკვევისათვის და, რაც მთავარია, ნახატების შინაარსობრივი სრულყოფისათვის, რადგან ნამუშევრის ვიზუალური მხარე გარკვეული ქვეტექსტის გარეშე უნაყოფოა. შეუძლებელია არ ვაღიაროთ ხელოვნების შემეცნებით-ზნეობრივ-კათარზისული ფუნქციების მაღალი ღირებულება, რაც ჩემთვის სწორედ ფილოსოფიაზე სწავლისას გახდა ბევრად გასაგები ცოდნის დონეზე. უნივერსიტეტში ვირჩევთ ცოდნის რომელიმე სფეროს, რომელიც შემდგომ ჩვენი მთავარი სპეციალობა ხდება. ამ მხრივ მუდამ ვიცოდი – რისი სწავლა, გაგება მინდოდა და საბოლოოდ საკუთარ სპეციალობაზე კონკრეტულად არასდროს მიფიქრია. უნივერსიტეტში სწავლა მნიშვნელოვანი და შესანიშნავი გამოცდილებაა. იმის შესწავლა, თუ როგორ უნდა იმუშაო ერთმანეთისგან განსხვავებული იდეების გარემოცვაში, საუნივერსიტეტო გარემოში გადამწყვეტია. უნივერსიტეტი სწორ ფორმირებას აძლევს სტუდენტის მსოფლხედვას და ეს ყველაზე ნათლად ფილოსოფიის მიმართულებაზე ჩანს“, – ამბობს მარიამ ჩუბინიძე.
მარიამმა ორი წლის წინ თსუ-ს ბიბლიოთეკის კედელიც მოხატა. სამომავლოდ მომავალი ფილოსოფოსი ამ კუთხითაც აპირებს თავისი საქმიანობის გაგრძელებას.