მარიამ ჭიღლაძის ინტერესები, რაც ჩინეთს უკავშირდება

თარიღი: 2024-04-12 18:58:24

მარიამ ჭიღლაძე ჩინეთის კულტურით ჯერ კიდევ ბავშვობაში დაინტერესდა,  როდესაც თავისი უფროსი ძმის მეშვეობით გაეცნო ამ ქვეყნის ისტორიას. დღეს ის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის მიმართულების მეოთხე კურსის  წარმატებული სტუდენტია, რომელსაც მაინორად სინოლოგია აქვს არჩეული.

მიუხედავად იმისა, რომ თავიდან უნივერსიტეტში არ იყო  შორეული აღმოსავლეთის მიმართულების საბაკალავრო პროგრამა,  მაინორად სინოლოგია აირჩია და  პირველივე კურსიდან დაიწყო ჩინეთთან დაკავშირებული საგნების გავლა.  „ონლაინ სწავლების პერიოდში ძალიან ბევრი ხარვეზი და დაბრკოლებები იყო, თუმცა სურვილი ჩინური ენის სწავლის მიმართ იმდენად მქონდა, რომ აქტიურად ვმეცადინეობდი. ასევე, ჩემი ძმის დახმარებით გავიგე ჩინეთის სამთავრობო სტიპენდიის პროგრამის შესახებ და  გადავწყვიტე  ბედი მეც მეცადა… ჩემდა საბედნიეროდ,  გასაუბრების გავლის შემდეგ 2021 წელს გავხდი ჩინეთის სამთავრობო სტიპენდიატი – ეს იყო ერთწლიანი ენის კურსის პროგრამა.  რთულია,  გადმოვცე ის ემოცია, რომელიც მაშინ განვიცადე, რადგან  ეს სტიპენდია გულისხმობს სწავლის  100%-ით დაფინანსებას. სამწუხაროდ,  კორონავირუსის პანდემიის გამო  აკადემიური ავიღე ჩინურ უნივერსიტეტში და მომდევნო წელს – 2022 წელს წავედი ჩინეთში. ვსწავლობდი ასევე ჩინეთის წამყვანი სამი უნივერსიტეტიდან ერთ-ერთში – ჭეძიანგის უნივერსიტეტში, რომელიც ქალაქ ხანგჭოუში მდებარეობს. ჩემი ოცნება იყო ამ უნივერსიტეტში სწავლა და უზომოდ ბედნიერი ვიყავი ჩემი ოცნების ახდენითა და იქ გატარებული ერთი წლით.  შთაბეჭდილება მართლაც დაუვიწყარი იყო:  საოცარი გარემო, ლექტორები, სწავლების მეთოდები, კამპუსი და სტუდენტური ცხოვრება, რომელიც უდიდეს მოტივაციას გაძლევს, რომ უფრო და უფრო მეტი გააკეთო. ბევრად დავხვეწე და გავაუმჯობესე ჩემი ჩინური და ზოგადად ცოდნა, ცნობიერება ამ ხალხისა თუ კულტურის მიმართ“, – გვიყვება მარიამი.

2023 წლის ზაფხულში მარიამი  საქართველოში  დაბრუნდა და  ბაკალავრიატის საფეხურზე სწავლა გააგრძელა. საქართველოში დაბრუნების შემდეგ თავისუფალ დროს ჩინურენოვანი გიდობის პროფესიაც შეითავსა.

ჩინეთის სამთავრობო სტიპენდიის მოსაპოვებლად წელს გამოცხადებულ კონკურსში მარიამმა სასურველ უნივერსიტეტში მოსახვედრად კვლავ მიიღო მონაწილეობა.

„წელს  კონკურენცია საკმაოდ დიდი იყო, მაგრამ  უამრავი საბუთის გადაგზავნის, გასაუბრების, ლოდინის შემდეგ მომწერეს, რომ მოვიპოვე სტიპენდია. თუმცა, მაგისტრატურის გაგრძელება, ლოგიკურია, უფრო ბევრად სერიოზულ რეზიუმესა და პროცედურების გავლას მოითხოვს. საელჩოდან მიღებული პასუხის შემდეგ სავალდებულო იყო, რომ თავად უნივერსიტეტშიც გამევლო გასაუბრება, ვინაიდან მას უნდა გამოეგზავნა ჩემთვის საბოლოო ჩარიცხვის წერილი. საკმაოდ ხანგრძლივი გასაუბრების შემდგომ დადებითმა პასუხმაც არ დააყოვნა…“  – ამბობს მარიამი.

მისივე თქმით, მაგისტრატურის დამთავრების შემდეგ იგი  ჩინური ენისა და კულტურის სპეციალისტის წოდებას მოიპოვებს. „მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო  ჩემს ძმას, რომლის წყალობით ბევრ წარმატებას მივაღწიე. ჩემი მეორე ძმაც სინოლოგია,  სამივე ვსწავლობდით ერთწლიან გაცვლით ენის კურსზე ჩინეთში, სამივემ ბაკალავრიატი  თსუ-ში გავიარეთ… სხვათა შორის, საქართველოში გამოიცა ჩინეთის ისტორიის პირველი ქართულენოვანი წიგნი, რომლის თანაავტორიც ჩემი უფროსი ძმაა…

განსაკუთრებული მადლობა ჩვენს ლექტორს  ნანა გელაშვილს მხარდაჭერისა და ხელშეწყობისათვის,  რომელსაც მუდამ ვგრძნობთ მისი მხრიდან.  სწორედ მისი დამსახურებაა, რომ შორეული აღმოსავლეთის საბაკალავრო მიმართულება გაიხსნა ჩვენს უნივერსიტეტში, რაც პირველი შემთხვევაა მთელს საქართველოში. ამით კი ბევრ ახალგაზრდას მიეცა საშუალება პირდაპირ დაეუფლოს სინოლოგიის პროფესიას.

ძალიან მიხარია, რომ ცნობადობა ჩინეთის, ჩინური ენისა და კულტურის მიმართ უფრო და უფრო იზრდება, ბევრი ახალგაზრდა ინტერესდება, რისი დასტურიც თუნდაც სტიპენდიის მოსაპოვებელ კონკურსში დიდი კონკურენციაა. მსურს, რომ ჩვენს უნივერსიტეტშიც სინოლოგიის და, ზოგადად, შორეული აღმოსავლეთის მიმართულებით უფრო მოიმატოს ყურადღებამ და სურვილმა, რათა უფრო განვავითაროთ ეს სფერო. მეც ჩემებურად სწორედ ამიტომ ვსწავლობ, რომ შემდეგ ხელი შევუწყო და ჩემი წვლილი შევიტანო სინოლოგიის განვითარებაში“, – ამბობს მარიამ ჭიღლაძე.

Facebook
Twitter
LinkedIn