საოცნებო გარემო ოსტფოლდის საუნივერსიტეტო კოლეჯში

თარიღი: 2025-01-29 14:38:21

თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულების მე-4 კურსის სტუდენტი მარიამ ჩანჩიბაძე, გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, ერთი სემესტრით ნორვეგიაში, ოსტფოლდის საუნივერსიტეტო კოლეჯში სწავლობდა.

,,საზღვარგარეთ სწავლამ უდიდესი გამოცდილება შემძინა. ეს იყო უნიკალური შესაძლებლობა  – გავცნობოდი განსხვავებულ სასწავლო გარემოს, სწავლების მეთოდებს და კულტურას. ამავე პერიოდში გავიცანი უამრავი საერთაშორისო სტუდენტი, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნის კულტურულ და აკადემიურ გამოცდილებას გვიზიარებდნენ, რამაც კიდევ ერთხელ დამარწმუნა – თუ რამდენად მნიშვნელოვანია საერთაშორისო გამოცდილება თანამედროვე სამყაროში. საერთაშორისო სტუდენტებთან და უნივერსიტეტის პროფესორებთან კომუნიკაციამ მომცა შესაძლებლობა ჩამომეყალიბებინა ახალი მეგობრული და პროფესიული ურთიერთობები,  რაც მომავალში, ვფიქრობ, ძალიან სასარგებლო იქნება. გარდა ამისა, დამოუკიდებლად ცხოვრებამ და უცხო ქვეყანაში სწავლამ გამიუმჯობესა პიროვნული უნარ-ჩვევები“, – აცხადებს მარიამი.

რით განსხვავდებოდა სწავლების მეთოდები აქაური უნივერსიტეტისგან იმ უნივერსიტეტში, სადაც გაცვლითი პროგრამით ისწავლა? – ამ კითხვაზე მარიამ ჩანჩიბაძე ასე გვპასუხობს: ,,ნორვეგიის უნივერსიტეტში სწავლების პროცესი მორგებული იყო სტუდენტის მაქსიმალურ ჩართულობაზე ლექციის განმავლობაში. ინტერაქციული და დისკუსიის ფორმატში წარმართული ლექციები გვაძლევდა საშუალებას უფრო ღრმად გაგვეანალიზებინა მოცემული საკითხები. ასევე, განსხვავებული იყო საგამოცდო მიდგომებიც. ვფიქრობ, თსუ-ში უფრო მეტად თეორიული მიდგომა სჭარბობს, თუმცა ორივე მეთოდი ძალიან მნიშვნელოვანი და ღირებულია“.

მარიამს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიღებული თეორიული ცოდნა ძალიან დაეხმარა ნორვეგიაში პრაქტიკული დავალებების შესრულებისას.

ერთადერთი, რის გაუმჯობესებასაც თსუ-ში ის ისურვებდა, ინფრასტრუქტურაა, რაც, მისი აზრით, მნიშვნელოვან როლს თამაშობს სწავლის პროცესის გამარტივებაში. სწორედ ნორვეგიაში დახვდა მას საოცნებო გარემო და იქიდან მოყოლებული, ფიქრობს, რომ მის უნივერსიტეტსაც უფრო კომფორტულად მოწყობა სჭირდება.

Facebook
Twitter
LinkedIn