მარიამ ჩალაძე: ,,საფრანგეთში სწავლების სტილი საკმაოდ განსხვავებულია“

თარიღი: 2025-10-03 15:41:01

მარიამ ჩალაძემ, რომელიც თსუ-ს ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) მესამე კურსელია, გაზაფხულის სემესტრი საფრანგეთში, კლერმონ ოვერნის უნივერსიტეტში გაატარა. თუ რა გამოცდილება შესძინა საზღვარგარეთ ერთი სემესტრით სწავლამ, ამის თაობაზე მარიამი გვიყვება: ,,ამ პერიოდის განმავლობაში უდიდესი გამოცდილება მივიღე, როგორც აკადემიური, ისე ცხოვრებისეული თვალსაზრისით. რა თქმა უნდა, ბევრი ვისწავლე საფრანგეთის შესახებ და, როგორც ეკონომიკის სტუდენტი, უკეთ გავერკვიე ევროკავშირში მიმდინარე პროცესებში, თუმცა, ამას გარდა, უპირველეს ყოვლისა, ,,ერასმუსმა“ ცხოვრება მასწავლა. პირველად მომიწია მარტო ცხოვრება და ყოველი პატარა დეტალის თავად განსაზღვრა. ვფიქრობ, ამან საკუთარი თავის რწმენაც შემმატა და უამრავი საჭირო უნარიც გამომიმუშავა. საფრანგეთი ეთნიკურად ძალიან მდიდარი ქვეყანაა, ამიტომ ურთიერთობა მიწევდა მსოფლიოს ყველა კონტინენტის წარმომადგენელთან. ამ ურთიერთობებმა ბევრი მასწავლა, თვალსაწიერი უფრო გამიფართოვა და მომცა საშუალება, რომ ჩემი კულტურა უცხოელებისთვის გამეზიარებინა და ასევე მათიც გამეცნო“, – ამბობს მარიამი.  

როდესაც უნივერსიტეტში აბარებდა, საკმაოდ რთული არჩევანის წინაშე აღმოჩნდა. საბოლოოდ მარიამმა თსუ აირჩია და ამ გადაწყვეტილებით დღეს ძალიან კმაყოფილია: ,,საუკეთესო ლექტორებით ვარ გარემოცული, რომელთაც უყვართ თავიანთი საქმე და სიამოვნებით გასწავლიან. ამასთანავე, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს გარემოცვასაც – როგორი კურსელები დაგხვდებიან. ამ მხრივაც ძალიან კმაყოფილი ვარ: სწავლის გარდა ბევრი ჩვენგანია ჩართული დამატებით საერთაშორისო თუ ადგილობრივ ახალგაზრდულ პროექტებსა და ორგანიზაციებში. როდესაც ასეთ გარემოში ხვდები, შენც გიძლიერდება იმის სურვილი, რომ უფრო მეტი და მეტი აკეთო“.

რით განსხვავდება სწავლების მეთოდები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისგან იმ უნივერსიტეტში, სადაც გაცვლითი პროგრამით ისწავლა?  – ამ კითხვაზე მარიამ ჩალაძე გვპასუხობს, რომ სწავლების სტილი საკმაოდ განსხვავებულია. ,,ISET-ში ყველა საგანი 5-კრედიტიანია და მთელი სემესტრი გრძელდება. საფრანგეთში ასე არ არის, ამიტომაც მეტი საგნის გავლა დამჭირდა. ასევე, კლერმონში ლექტორებს ბევრად მეტი თავისუფლება აქვთ და სურვილისამებრ შეუძლიათ ლექციების გადანაწილება. მაგალითად, მქონდა ისეთი საგნები, რომელთა სწავლების პროცესიც მხოლოდ 2-3 კვირა გრძელდებოდა. აღვნიშნავ იმასაც, რომ წერითი გამოცდები თითქმის არ მქონია: ჯგუფური ნაშრომების დაწერასა და შემდეგ მათ პრეზენტაციას გვთხოვდნენ, რაც ჩემთვის აქამდე არასდროს დაუვალებიათ. ქულების სისტემაც განსხვავებულია: ფრანგული სისტემა 20-ქულიანია და GPA-ც განსხვავებულად გამოითვლება, პირდაპირ არ სკალირდება ქართულ სისტემაში.  სწავლა ადრე იწყება – იანვარში – და ადრეც მთავრდება – მაგისტრატურა ივნისში, ხოლო ბაკალავრიატი აპრილში. მე ორივე საფეხურის საგნებს გავდიოდი, თუმცა აპრილის მერე დრო საკმაოდ გამომითავისუფლდა, თან არდადეგებიც ხშირად გვქონდა ხოლმე, ამიტომაც მოგზაურობას და სხვა ქვეყნების გაცნობასაც თავისუფლად ვახერხებდი. საბოლოო ჯამში, 4 ქვეყანას ვესტუმრე“, – ამბობს მარიამი, რომელსაც უცხო ქვეყანაში სწავლამ საშუალება მისცა – აქაურიც დაეფასებინა. მარიამი მხოლოდ ერთ პრობლემას გამოყოფს, რასაც საუნივერსიტეტო სივრცეში გამოასწორებდა: ,,ვფიქრობ, რომ ძალიან დიდ თეორიულ მასალას გავდივართ, თუმცა პრაქტიკულად მას დიდად არ ვიყენებთ, რაც იმას იწვევს, რომ როდესაც მუშაობას იწყებს ადამიანი, უჭირს ხოლმე ახალ გარემოსთან  შეგუება. ამ საკითხის გამოსწორება სტუდენტებს პირდაპირ დაეხმარება – უკეთ მოემზადონ სამომავლო კარიერისთვის და წარმატებასაც უფრო მარტივად მიაღწიონ“.

Facebook
Twitter
LinkedIn