მარიამ ბუღაძის წარმატების ისტორია უკავშირდება მისსავე არჩევანს, რომ თსუ-ში ჩაებარებინა

თარიღი: 2026-03-29 14:10:57

თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის საერთაშორისო სამართლის პროგრამის მეოთხე კურსის სტუდენტი მარიამ ბუღაძე გაცვლითი პროგრამით  ესტონეთში, ტარტუს უნივერსიტეტში იმყოფებოდა, საიდანაც დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით დაბრუნდა.  საზღვარგარეთ ერთი სემესტრით სწავლა მისთვის  მრავალმხრივი და გამორჩეული გამოცდილება აღმოჩნდა.

„პირველ რიგში, ეს პერიოდი მნიშვნელოვანი იყო აკადემიური თვალსაზრისით, რადგან სრულიად განსხვავებულ საგანმანათლებლო გარემოში მომიწია სწავლა, რისი წყალობითაც შევძელი სწავლის პროცესის ახალი პერსპექტივით დანახვა, გავიფართოვე თვალსაწიერი. ამასთან ერთად, გავიუმჯობესე კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარები, რადგან სწავლა მიმდინარეობდა მრავალკულტურულ გარემოში.  თუმცა, აღსანიშნავია,  რომ  ტარტუს უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში შევიძინე არა მხოლოდ აკადემიური ცოდნა, არამედ განვივითარე დამოუკიდებლად მოქმედების უნარი და უკეთ გავაცნობიერე ჩემი შესაძლებლობები, რაც შეუძლებელი იქნებოდა იმ გამოწვევებისა და ამოცანების გარეშე, რომელთან გამკლავებაც მომიწია. ასეთ გარემოში ყოფნამ მასწავლა პასუხისმგებლობის აღება და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ჩემს პიროვნულ განვითარებაში“, – ამბობს მარიამი.

მარიამი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ემადლიერება და აღნიშნავს, რომ სწორედ თსუ-ში სწავლამ მისცა ძლიერი აკადემიური საფუძველი საზღვარგარეთ სწავლის გასაგრძელებლად. ,,სწორედ აქ შევიძინე კვლევისა და კრიტიკული აზროვნების ის უნარები, რამაც უცხო სასწავლო გარემოში ადაპტაცია გამიმარტივა.  თსუ-ში  აქცენტი,  ძირითადად, კეთდება გამოცდებსა და სემინარებზე, რაც ხელს უწყობს ცოდნის ეტაპობრივ დაგროვებასა და მის გამოვლენას ლექტორ-სემინარისტების აქტიური ჩართულობით. რაც შეეხება ტარტუს უნივერსიტეტს, იქ მიდგომა მნიშვნელოვნად  განსხვავდებოდა:  სასწავლო სისტემა კონცენტრირებული იყო სტუდენტის დამოუკიდებელ მუშაობაზე, ხოლო კურსების განმავლობაში შეძენილი ცოდნისა და უნარების გამოვლენა, ძირითადად, პრეზენტაციების, დისკუსიებისა და სემესტრის განმავლობაში კვლევითი ნაშრომების მომზადებით ხდებოდა. განსხვავებული მეთოდიკით სწავლა დამეხმარა განმევითარებინა ადაპტაციის უნარი, რაც, ჩემი აზრით, სასარგებლო იქნება ჩემი მომავალი სწავლისა  და პიროვნული განვითარებისთვის.   განსაკუთრებული მადლიერება მინდა გამოვხატო ყველა პროფესიონალის მიმართ, რომელთა დაუღალავი შრომის წყალობით გვაქვს შესაძლებლობა, მივიღოთ განათლება წამყვან უნივერსიტეტებში,“  – ამბობს მარიამი.

მარიამის აზრით, მისი წარმატების ისტორიის დასაწყისი უკავშირდება მისსავე არჩევანს, რომ თსუ-ში ჩაებარებინა. იგი მას შემდეგ მუდმივად ცდილობს განვითარდეს  და „ახალი მწვერვალები“ დაიპყროს:  „გაცვლით პროგრამაში ჩემი მონაწილეობა ნამდვილად გამორჩეული თავია ამ ისტორიის,  რომელიც მიზანმიმართული შრომისა და მონდომების შედეგად დაიწერა. კონკურსის გავლა მარტივი არ ყოფილა, თუმცა წინასწარი მომზადება, ძლიერი მოტივაცია და საკუთარი მიზნების მკაფიო ხედვა დამეხმარა შედეგის მიღწევაში. გაცვლითმა პროგრამამ მნიშვნელოვნად გააფართოვა ჩემი აკადემიური გამოცდილება და მომცა საკუთარი შესაძლებლობების რწმენა“, – ასეთია მარიამ ბუღაძის თვითშეფასებით გამოწვეული ემოციები, რის გამოვლენაშიც მას უნივერსიტეტის გაზეთიც დაეხმარა.  

Facebook
Twitter
LinkedIn