როგორ გაუძლო მარიამ ბერიძემ კონკურენციას საზღვარგარეთ სწავლის მსურველებს შორის
მარიამ ბერიძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ფინანსებისა და საბანკო საქმის სპეციალობის მე-4 კურსელია. მისთვის სასწავლო პროგრამის ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი გასულ შემოდგომაზე დადგა, როცა გაცვლითი პროგრამით ნორვეგიის ოსტფოლდის საუნივერსიტეტო კოლეჯში (Østfold University College) მოუწია სემესტრის გატარება.
მარიამი გაზეთ „თბილისის უნივერსიტეტთან“ ნორვეგიული გამოცდილებისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიღებული ცოდნის შესახებ საუბრობს:
– მარიამ, გაგვიზიარე შენი გამოცდილება – როგორ შეძელი გაცვლითი პროგრამით სარგებლობა? რა სირთულეებთან არის დაკავშირებული კონკურსის გავლა და როგორ მიაღწიე შედეგს?
– პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად რამდენიმე ეტაპის გავლა დამჭირდა. პირველი ნაბიჯი იყო ინგლისური ენის ცოდნის დადასტურება. მეორე ეტაპზე მოვამზადე სამოტივაციო წერილი, რომელიც დეტალურად ასახავდა ჩემს მიზნებს, პროგრამაში მონაწილეობის მოტივაციას და იმის ხედვას, თუ როგორ მოახდენდა ეს გამოცდილება გავლენას ჩემს აკადემიურ და კარიერულ განვითარებაზე. სამოტივაციო წერილის შედგენას ყველაზე დიდი ყურადღება დავუთმე, რადგან მისი საშუალებით უნდა გამომეხატა, თუ რატომ ვიყავი პროგრამისთვის შესაფერისი კანდიდატი. ასევე, შევაგროვე რეკომენდაციები ლექტორებისგან, რაც მნიშვნელოვანი იყო აპლიკაციის სრულყოფისთვის.
ფინალური და, ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი იყო გასაუბრება თსუ-სა და Erasmus-ის წარმომადგენლებთან. ამ ეტაპზე შეაფასეს არა მხოლოდ აკადემიური შესაძლებლობები, არამედ ფსიქოლოგიური მზადყოფნაც, რაც აუცილებლად საჭიროა მსგავს პროგრამაში მონაწილეობისთვის. პროცესი, ზოგადად, მარტივია, თუმცა მთავარი სირთულე მონაწილეების რაოდენობა და მაღალი კონკურენციაა. პროგრამაში ჩართვა ძალიან ბევრი სტუდენტის სურვილია, რაც ნიშნავს, რომ კონკურენცია მაღალია და რთულდება ისე წარმოაჩინო საკუთარი თავი, რომ გაუძლო აღნიშნულ კონკურენციას.
– სად იმყოფებოდი (ქვეყანა, უნივერსიტეტი) გაცვლითი პროგრამით?
– გაცვლითი პროგრამის ფარგლებში შემოდგომის სემესტრი გავატარე ნორვეგიაში, ოსტფოლდის საუნივერსიტეტო კოლეჯში (Østfold University College). ხუთი თვის განმავლობაში ვცხოვრობდი სტუდენტურ საცხოვრებელში, რომელიც უნივერსიტეტის კამპუსთან ძალიან ახლოს მდებარეობდა. ეს საცხოვრებელი განსაკუთრებული გამოცდილების ნაწილი გახდა, რადგან აქ ვცხოვრობდი ნორვეგიელ სტუდენტებთან და 80-ზე მეტ Erasmus-ის მონაწილესთან ერთად ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან. ეს გარემო დამეხმარა როგორც აკადემიური, ისე პიროვნული განვითარებისთვის და ჩემთვის ნორვეგიაში გატარებული დრო კიდევ უფრო დასამახსოვრებელი გახადა.
– რა გამოცდილება შეგძინა საზღვარგარეთ ერთი სემესტრით სწავლამ?
– მიუხედავად იმისა, რომ ეს იყო მოკლე პერიოდი – მხოლოდ ერთი სემესტრი, ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე. პირველ რიგში, მქონდა შესაძლებლობა, გამეცნო ახალი კულტურები, გამეღრმავებინა აკადემიური ცოდნა და განმევითარებინა დამოუკიდებელი აზროვნება. ნორვეგიული საგანმანათლებლო სისტემა დიდ ყურადღებას აქცევს გუნდურ მუშაობას, რამაც ხელი შემიწყო, სხვადასხვა ეროვნების სტუდენტებთან საუნივერსიტეტო პროექტებზე მემუშავა და უფრო მეტად დავახლოებოდი უცხო კულტურებს. ამ გამოცდილებამ განმავითარა როგორც პიროვნულად, ისე პროფესიულად და დამანახა, რამდენად მნიშვნელოვანია მოქნილობა და ღიაობა ახალი გამოწვევებისადმი.
– რით განსხვავდება სწავლების მეთოდები აქაური უნივერსიტეტისგან იმ უნივერსიტეტში, სადაც გაცვლითი პროგრამით ისწავლე?
– განსხვავება, რამაც ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა არის ის, რომ ოსტფოლდის უნივერსიტეტში დიდი თავისუფლება აქვთ სტუდენტებს აკადემიური გადაწყვეტილებების მიღებაში, რაც ხელს უწყობს მათი დამოუკიდებლობის განვითარებას. სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა – იმუშაონ რეალურ პროექტებზე, რომლებიც არა მხოლოდ თეორიული ცოდნის გაღრმავებას, არამედ პრაქტიკული უნარების განვითარებას ემსახურება. უნივერსიტეტი უზრუნველყოფს ყველა საჭირო რესურსს, მათ შორის, თანამედროვე ტექნიკასა და ხელსაწყოებს. ლექტორები კი მზად არიან დამატებითი საათები დაუთმონ სტუდენტებს. ამას გარდა, სწავლების პროცესი იქ მეტად თავისუფალია, რაშიც ნორვეგიული განათლების სისტემის ღირებულებების ნაწილი ჩანს – აქცენტი სტუდენტის ინტერესებსა და პროფესიულ ზრდაზეა.
– ამ გადასახედიდან, როცა სხვა ქვეყნის სასწავლო გარემოს გაეცანი, რა შეგიძლია გვითხრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტზე, რა მოგცა თსუ–ში სწავლამ?
– თსუ-ში სწავლამ მომცა შესაძლებლობა – მიმეღო ისეთი მნიშვნელოვანი გამოცდილება, როგორიცაა ერთი სემესტრის გატარება საზღვარგარეთ ნორვეგიულ უნივერსიტეტში. მათთვის, ვისაც სურს მიიღოს მონაწილეობა ერასმუსის პროგრამაში, თსუ-ს დიდი არჩევანი აქვს. ასევე, თსუ-ში სწავლამ მომცა საკმაო თეორიული ცოდნა იმისათვის, რომ საზღვარგარეთ სწავლის პროცესი მარტივი და საქართველოში მიღებული ცოდნის გაგრძელება ყოფილიყო.
