მარიამ ანჯაფარიძე: ,,თსუ – ეს არის რწმენათა და იდეათა სახლი“
თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფილოლოგიის მიმართულების სადოქტორო პროგრამის მეხუთე სემესტრის სტუდენტისთვის, მარიამ ანჯაფარიძისთვის უნივერსიტეტი მხოლოდ უმაღლესი სასწავლო დაწესებულება არ არის. როგორც თავად აღწერს, ,,ეს არის რწმენათა და იდეათა სახლი“, რომელმაც ათეული წლების განმავლობაში გამოზარდა არაერთი მსოფლიო დონის მეცნიერი.
„ივანე ჯავახიშვილისა და მისი თანამოაზრეების რწმენის საფუძველს თავისუფალი მეცნიერება და პროგრესული განვითარება წარმოადგენდა. გადიოდა წლები და დამოუკიდებელი საქართველოს პირმშო – ჩვენი დედა უნივერსიტეტი – აძლიერებდა მომხვდური მტრის შეხედულებათა უკუგდებას და როგორც მერანი მიუძღვოდა საკუთარ ერს დიადი საგანმანათლებლო მიზნებისკენ. საუკუნის გასვლის შემდეგაც კი დედა უნივერსიტეტი ინარჩუნებს და ავითარებს თავისი დამაარსებლების მიერ დატოვებულ მემკვიდრეობას. 21-ე საუკუნეშიც კი ჩვენი პირველი უნივერსიტეტი ანდამატივით იზიდავს ახალგაზრდების მოჟრიამულე გულებს. არც მე აღმოვჩნდი გამონაკლისი. როდესაც ცხოვრების გზაჯვარედინზე დავდექი, უნივერსიტეტის მიმართ არსებული გრძნობები იმდენად ღრმა იყო, რომ არჩევანი თავისთავად გაკეთდა“ – ამბობს მარიამი.
მარიამ ანჯაფარიძე გვიყვება, რომ უნივერსიტეტში სწავლის გადაწყვეტილება ბიძის რჩევის შემდეგ მიიღეს მან და მისმა ძმამ. მოლოდინები კი ბოლომდე გამართლდა: „სწორედ უნივერსიტეტმა მომცა მეტი მოტივაცია ჩემი თავის უკეთესი ვერსიის ჩამოყალიბებაში. უნივერსიტეტმა მომცა შრომის, დაფასების, ერთგულებისა და სიყვარულის უამრავი მაგალითი და მთავარი – მასწავლა, რომ თითოეული ადამიანი არის რაღაც დიადის ნაწილი, რომელსაც საკუთარი თავის გაუმჯობესებით შეუძლია სხვათა ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალოს“ – გვიზიარებს თავის ემოციას მარიამი.
რაც შეეხება პრობლემას, რაც უნივერსიტეტს უკავშირდება, მარიამის აზრით, ხაზგასასმელია ზოგიერთი კორპუსის ინფრასტრუქტურული მდგომარეობა და სტუდენტური საცხოვრებლების ნაკლებობა, რაც უამრავი ახალგაზრდისთვის სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს.
მარიამს არაერთი საყვარელი ლექტორი ჰყავს, ვისგანაც არა მხოლოდ ცოდნას იღებს, არამედ ცხოვრებისეულ გაკვეთილებსაც: „განსაკუთრებით გამოვარჩევ ჩემს ხელმძღვანელს, ქალბატონ ნესტან სულავას. იგი არის საოცრად თავმდაბალი, თავისი საქმის უბადლო მცოდნე, რომელიც ჩემთვის უპირობო მაგალითია პროფესიის სიყვარულისა და ადამიანობის მხრივ. გამოვარჩევ, ასევე, ქალბატონ ნანა გონჯილაშვილსაც, რომლის ლექცია/სემინარები არასდროს დამავიწყდება. რა თქმა უნდა, ჩემთვის ასევე განსაკუთრებული ლექტორია ბატონი ელგუჯა ხინთიბიძეც, რომლის ლექციები და მითითებები არა მხოლოდ ცოდნას გვიღრმავებს, არამედ სწორ აზროვნებას გვიყალიბებს“.
მარიამი პირად წარმატებად თვლის უნივერსიტეტის სივრცეში მისი საყვარელი საქმის კეთების შესაძლებლობას. სწორედ უნივერსიტეტში მიღებული ცოდნით გახდა იგი საზოგადოების იმ ნაწილის წევრი, რომელზეც ბავშვობიდან ოცნებობდა. ამბობს, რომ წინ ახალი გამოწვევებია, მაგრამ აქვს ძალა და უნარი – ღირსეულად გაუმკლავდეს მათ და მიაღწიოს დასახულ მიზნებს. მისთვის სტუდენტური ცხოვრება წიგნებით სავსე ბიბლიოთეკაში გატარებულ საათებთან, დერეფნებში დასახული გეგმების შესრულებასთან და ქსეროქსის რიგებში მოთმინების გამოცდასთან ასოცირდება. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, წინასწარ საუბარი არ სურს, თუმცა აღნიშნავს, რომ უახლოესი სამომავლო მიზნები დაკავშირებულია სადოქტორო ხარისხის მოპოვებასა და შემდგომი კვლევების გაგრძელებასთან. ამჟამად მარიამი ამუშავებს სადოქტორო თემას: ხარებისა და აღდგომის საგალობლების არქეტიპთა გააზრებისათვის IX-XI საუკუნეების ჰიმნოგრაფიაში.
