გამორჩეული პირველსემესტრელი იურიდიული ფაკულტეტიდან

თარიღი: 2025-09-23 16:55:40

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია, თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თამარ ზარანდია და სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტი ლუკა ტაბიძე იურიდიული ფაკულტეტის პირველსემესტრელ სტუდენტებს შეხვდნენ და სწავლის დაწყება მიულოცეს. შეხვედრაზე თსუ-ს რექტორმა და ფაკულტეტის დეკანმა დააჯილდოვეს 2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად თსუ-ს იურიდიულ ფაკულტეტზე ჩარიცხული ყველაზე მაღალქულიანი პირველსემესტრელი სტუდენტი მარიამ ანჯაფარიძე.

მარიამმაიურიდიულ ფაკულტეტზესამართლის მიმართულება აირჩია. ,,თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში იურიდიული განათლება ეფუძნება სამართლის სწავლების მდიდარ ტრადიციებსა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას. თსუ-ს სამართლის სკოლა ყველაზე მაღალრეიტინგულია საქართველოში, რასაც განაპირობებს აკადემიური პერსონალის მაღალი კვალიფიკაცია. გარდა ამისა, თსუ თანამშრომლობს 150-ზე მეტ ევროპულ უნივერსიტეტთან, რაც საშუალებას მომცემს, ჩავერთო საერთაშორისო მობილობის პროექტებში“, – აღნიშნავს მარიამ ანჯაფარიძე. მისთვის უნივერსიტეტში მისვლის პირველივე დღეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის კეთილგანწყობა და მეგობრული გარემო, რომელიც იურიდიულ ფაკულტეტზე დახვდა.

მარიამს სჯერა, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეიძენს იმ თეორიულ ცოდნას და პრაქტიკულ უნარებს, რომლებიც მაღალი კვალიფიკაციის იურისტისთვის აუცილებელია. ,,მინდა, სწავლის პროცესი საინტერესო და პროდუქტიული იყოს. ვფიქრობ, სტუდენტობის პერიოდში დამყარებული ურთიერთობები მნიშვნელოვანი იქნება შემდგომი პროფესიული საქმიანობისთვის. ჩემი ყველაზე დიდი მოლოდინი კი უცხოეთში სწავლის გაგრძელის პერსპექტივებს უკავშირდება. დიდი სურვილი მაქვს, პროფესიული განათლების მიღების პარალელურად, ჩავერთო იმ სამეცნიერო, კულტურულ და სპორტულ პროექტებსა და აქტივობებში, რომელთაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სტუდენტებს სთავაზობს. ვფიქრობ, ჩემი სტუდენტური ცხოვრება საინტერესო და ხალისიანი იქნება“, – ასეთი მოლოდინები აქვს მარიამ ანჯაფარიძეს, რომელიც ბაკალავრიატის საფეხურის დასრულების შემდეგ სწავლის გაგრძელებას მაგისტრატურასა და დოქტორანტურაში ევროპის რომელიმე წამყვან უნივერსიტეტში გეგმავს.

,,ვფიქრობ, თსუ-სა და სხვა სასწავლებლებში მიღებული ცოდნა დამეხმარება პროფესიულ წინსვლასა და საკუთარი თავის რეალიზაციაში. იმედი მაქვს, შევძლებ საკუთარი მცირე წვლილი შევიტანო საქართველოს, როგორც სამართლებრივი სახელმწიფოს, შემდგომ განვითარებაში“, – ამბობს მარიამი, რომელიც იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლას უკვე შეუდგა.

Facebook
Twitter
LinkedIn