მარიამ აბულაძის ,,ზრუნვა“ და შთაბეჭდილებები

თარიღი: 2024-03-22 17:21:39

პოზიტიური მშობლობის შესახებ დაახლოებით ერთი წელია ფეისბუქსივრცეში ახალი გვერდი „ზრუნვა“ გამოჩნდა. „ზრუნვა“ სოციალური ქსელის მომხმარებლებისთვის ბავშვის კოგნიტიური და მოტორული უნარების, ასევე მშობლისა და ბავშვის ფსიქოლოგიური კეთილდღეობის ხელშემწყობ სხვადასხვა ვიდეორგოლებს ავრცელებს. ჩანაწერებში ნაჩვენებია, თუ როგორ შეიძლება მცირე დანახარჯებით, სახლის პირობებში დამზადებული სათამაშოებით შვილთან ერთად ისეთი საინტერესო და სასარგებლო აქტივობების განხორციელება, რაც, ამავე დროს, მცირეწლოვანების გაჯეტებზე დამოკიდებულებას შეამცირებს.

„ჩვენს სამიზნე ჯგუფს მშობლები წარმოადგენენ, ერთ-ერთი მოკლევადიანი პროექტის ფარგლებში დავიწყეთ პოზიტიური მშობლობის შესახებ საინფორმაციო ვიდეორგოლების ჩაწერა და ახლაც ვაგრძელებთ, რადგან გვინდა მდგრადი ხასიათი მივცეთ. ჩვენი მთავარი მესიჯი მშობლებისთვის არის ის, რომ ბავშვისთვის ღირებული არა სათამაშო, არამედ ის დროა ძვირფასი, რომელსაც მასთან მშობელი ატარებს და ამ დროის მანძილზე ბევრი საინტერესო რამის გაკეთება შეუძლიათ სახლის პირობებშიც“, – განმარტავს მარიამ აბულაძე, რომელიც პროექტის ერთ-ერთი ინიციატორი, ავტორი და თსუ-ს სოციალური მუშაობის მეორე კურსის სტუდენტია.

„სოციალური მუშაობა არ არის ის პროფესია, რომელიც მატერიალური მოგების მიზნით შეიძლება აირჩიო“ – გვესაუბრება მარიამი – „ეს არის ნაწილობრივ მოხალისეობრივი პროფესია, რომელიც ემპათიას, ასევე ემოციებსა და რაციონალურობას შორის გონივრული ბალანსის დაცვას, მაღალ კვალიფიკაციასა და მუდმივ შრომას მოითხოვს. ყოველთვის მინდოდა ბავშვებთან მუშაობა, მაგრამ არა  პედაგოგიური მიმართულებით. მე-12 კლასში სოციალური მუშაობის შესახებ გავიგე და მივხვდი, რომ ამ პროფესიას გავყვებოდი. ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო დავხმარებოდი ადამიანებს ყველაზე მნიშვნელოვანი – ინფორმაციის, ცოდნის გაზიარების საშუალებით“.

მარიამისთვის „ზრუნვა“ არ არის პირველი შემეცნებითი-სოციალური ხასიათის პროექტი. ჯერ კიდევ სკოლის პერიოდში, რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლების მიზნით, გარდაბნის რაიონში იგი შეხვედრებს მართავდა. როგორც იხსენებს, დაინტერესება საკმაოდ მაღალი იყო. ამჯერად კვალიფიკაციის ამაღლებაზეა ორიენტირებული.

„გასული სემესტრი ფულდას გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის სოციალური მუშაობის საბაკალავრო პროგრამაზე, გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, ვისწავლე. ძალიან საინტერესო გამოცდილება იყო. მაგალითად, უნივერსიტეტში ერთ-ერთი ლექცია გვქონდა „თეატრი“, სადაც ვემზადებოდით მთელი სემესტრი წარმოდგენისთვის. ამ წარმოდგენაზე მცირე სკეჩებთან ერთად გვქონდა სხვადასხვა ქვეყნის ტრადიციული სიმღერა და ცეკვა. იმის გამო, რომ ბევრი დრო არ გვქონდა, საბავშვო სიმღერებს ვსწავლობდით. ძალიან სახალისო იყო როგორც სიმღერის სწავლის პროცესი, ასევე წარმოდგენა. წარმოდგენის ნაწილი იყო პრეზენტაციები, სადაც ვისაუბრეთ ჩვენს პრაქტიკულ გამოცდილებაზე ახალგაზრდულ ცენტრებში.

ბევრი ახალი თეორია და მუშაობის მიმართულება გავიგე სოციალურ მუშაობაში. მეტი გავიგე მკვიდრ მოსახლეობაზე და კვლევის ახალ ფორმაზე, რომელიც მკვიდრ მოსახლეობასთან შეგვიძლია გამოვიყენოთ. ასევე ვისწავლე  – სოციალური სივრცის კვლევა როგორ უნდა ჩავატარო.

ჩემთვის საინტერესო იყო კურსის ფარგლებში პრაქტიკის გავლა ახალგაზრდულ ცენტრში. იქ მუშაობამ საშუალება მომცა განსხვავებები დამენახა ქართულ და გერმანულ სოციალურ მუშაობას შორის. საინტერესო იყო ჩემთვის უცხო გარემოში მუშაობა, რამაც მასწავლა რთულ სიტუაციებში ადაპტირება და გამააზრებინა ბავშვებთან ურთიერთობისას არავერბალური კომუნიკაციის როლი. საინტერესო იყო სხვადასხვა ინსტიტუტებში სტუმრობა; ერთ-ერთი კურსის ფარგლებში ვესტუმრეთ სათემო ორგანიზაციებს – ანა ფრანკის საგანმანათლებლო ცენტრს და „Eastside Europe’s largest low-threshold facility for addiction care“. ამ ინსტიტუტებში სტუმრობით გავიგე ცენტრების ფუნქციონირებასა და ახალგაზრდებთან მუშაობის სახელმწიფო პოლიტიკის შესახებ. ეს იყო შესაძლებლობა – პარალელი გამევლო ჩვენს ქვეყანაში არსებულ მდგომარეობასთან, ვცდილობდით დაგვენახა მსგავსება/განსხვავება და განვიხილავდით – როგორ შეიძლება სოციალური მუშაობის უკეთესი პოლიტიკის შემუშავება.

ერთ-ერთ ლექტორს და მის დამხმარეს კურსის დასასრულს ვაჩუქე ვეფხისტყაოსანი სამახსოვროდ. ძალიან გახარებული იყო და მახსოვს – ბევრს მეკითხებოდა, როგორც წიგნზე, ასევე მის ავტორსა და, ზოგადად, ქართულ ლიტერატურაზე.

სწავლასთან ერთად საინტერესო იყო გერმანიის ისტორიის ისეთი დეტალების გაცნობა, რომლებიც აქამდე უცნობი იყო ჩემთვის, ან მხოლოდ წაკითხული მქონდა ისტორიის წიგნებში. კურსის ფარგლებში ვესტუმრეთ Alpha point-ს, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, გერმანიის ორად გაყოფის დროს, საზღვარს წარმოადგენდა დასავლეთ და აღმოსავლეთ გერმანიას შორის, ასევე ვეწვიეთ ყოფილ საავადმყოფოს, სადაც ფარულად კლავდნენ ადამიანებს, რომლებიც მიუღებელი იყო ჰიტლერის გერმანიისთვის, მაგალითად, ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანები, მეამბოხე ახალგაზრდები, რომლებიც არ ემხრობოდნენ იმ დროინდელ გერმანულ სახელმწიფო წყობას და ა.შ. ასევე მქონდა საშუალება გავცნობოდი გერმანულ ღვინოს და ვესტუმრეთ ადგილს Rüdesheim am Rhein, რომელიც ცნობილია არა მარტო ღვინით, არამედ ისტორიითაც.

იმდენად დავახლოვდით სტუდენტები, რომ ერთმანეთი მივიწვიეთ ჩვენს ქვეყნებში. ერთად ვგეგმავდით აქტივობებს. სანამ წამოვიდოდით, საერთაშორისო სტუდენტებმა ერთად საშობაო ორცხობილები გავაკეთეთ და ერთად წინასწარ ვიზეიმეთ შობა-ახალი წელი. სწორედ გერმანიაში წასვლით მომეცა საშუალება ასევე მენახა სხვადასხვა მცირე თუ დიდი ქალაქები გერმანიაში.

უნივერსიტეტმა დააფინანსა და დაგეგმა ტური ბერლინში, სადაც ისტორიული ადგილები მოვინახულეთ და ვეცადეთ სხვადასხვა კუთხით დაგვენახა ბერლინი – მეამბოხე ახალგაზრდებით სავსე, რომლებიც თავიანთი პოლიტიკური პროტესტის გამოსახატავად იყენებენ გრაფიტის მხატვრობას; ბერლინი, რომელიც დიდ ისტორიულ ტკივილს იტევს და თანამედროვე მრავალფეროვნებითა და მიმღეობით ცდლობს ამ ტკივილის მოშუშებას და ამ ყველაფრის ფონზე ვისაუბრეთ სოციალურ მუშაობაზე თანამედროვე გერმანიაში“, – გვიყვება მარიამი.

საერთაშორისო გაცვლით პროგრამებში მონაწილეობას მარიამი მომავალშიც გეგმავს. როგორც გვითხრა, კარგ სპეციალისტად ჩამოყალიბებისთვის სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილების გაცნობა-შესწავლა-გაზიარება აუცილებელი კომპონენტია.

ამ დროისთვის თსუ-ს ტუტორების მოხალისეობრივ პროგრამაშია ჩართული, რომელიც უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტმა აღადგინა.

„ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, გადავწყვიტე დავეხმარო გაცვლითი პროგრამის სტუდენტებს, რომლებიც აქ ჩამოვლენ. თვითონ გამოვცადე  – რა რთულია, როცა გეშინია სამომავლოდ რა იქნება და არ იცი – რა გააკეთო. რადგან სისტემა განსხვავებულად მუშაობს, ამიტომ მნიშვნელოვანია გვერდით გყავდეს ადამიანი, რომელიც გაგარკვევს და დაგეხმარება“, – ამბობს მარიამ აბულაძე.

Facebook
Twitter
LinkedIn