漫画   მანგას ხელოვნების დასაუფლებლად იაპონისტიკის მიმართულებაზე პრაქტიკული სემინარი ჩატარდა

თარიღი: 2023-10-16 19:25:32

თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის იაპონისტიკის მიმართულებაზე მანგას ხელოვნების დასაუფლებლად სტუდენტებისთვის მეტად საინტერესო სემინარი გაიმართა, რომელსაც ტოკიოს უნივერსიტეტის ლექტორი ტაკუმი იოშიდა უძღვებოდა. იაპონელი ლექტორის მოწვევა იაპონისტიკის საბაკალავრო პროგრამის  ხელმძღვანელის, პროფესორ ნანა გელაშვილის ინიციატივით მოხერხდა, რომელმაც  სტუდენტების დაინტერესებიდან გამომდინარე, ამჯერად, იაპონური სახვითი  ხელოვნების ორიგინალური სახეობის – მანგას (სიტყვასიტყვით ნიშნავს – უჩვეულო, გროტესკული სურათები) თემა  შეარჩია.

,,რამდენადაც მანგა ძალიან მოდური გახლავთ მთელს მსოფლიოში და ახალგაზრდებმა თუ სტუდენტებმა კარგად იციან ხელოვნების ამ ჟანრის შესახებ, ჩვენც ამიტომ შევარჩიეთ ეს თემა. ამისათვის დიდ მადლობას მოვახსენებ საქართველოში იაპონიის საერთაშორისო სააგენტოს – „ჯაიკას“, რომელმაც ჩვენი თხოვნის საფუძველზე დღევანდელი ღონისძიების  ორგანიზება ითავა. მანგა იაპონური კულტურისთვის დამახასიათებელი გრაფიკული ნოველაა, რომლის დასავლური შესატყვისი კომიქსია. თქვენც ხედავთ, რამდენი სტუდენტი ესწრება სემინარს ამ ჟანრის წარმოშობის ისტორიის გასაცნობად, მისი შესრულების ტექნიკის დასაუფლებლად. ყველა ის ატრიბუტიკა (ტუში, კალმები და ა.შ.), რაც მანგას მიმდინარეობის შესასწავლადაა საჭირო, იაპონელმა ლექტორმა სტუდენტებს დაურიგა და მათთან ერთად შეეცადა კომიქსების შექმნას მანგას სტილში. სასიამოვნოა, რომ ეს პროცესი მეტად დინამიურად წარიმართა, რადგან სტუდენტებმა საოცარი ნიჭი გამოავლინეს როგორც ხატვის, ასევე კომიქსების  თემატიკის მოფიქრების კუთხით “, – განაცხადა ნანა გელაშვილმა.

,,რამდენადაც ამ ხელოვნების შესახებ  წარმოდგენა უკვე აქვთ სტუდენტებს, ჩვენ მიერ მოწვეულ ლექტორს სემინარზე აღარ დასჭირდა იმის დეტალურად ახსნა-განმარტება  – თუ რა არის მანგა? ჩვენი სტუდენტები ტაკუმი იოშიდას მითითებებით პირდაპირ გადავიდნენ ხატვაზე.

სემინარზე ამ ე.წ. ,,ეგზოტიკური სამყაროთი“ გატაცებულ ახალგაზრდებს დაურიგდათ სხვადასხვა გმირებისა და ფილმების პერსონაჟების ამსახველი ნახატების ასლები, რომელთა საშუალებით  თემატურად  სხვადასხვა  ჟანრის ნაწარმოებებს გაეცნენ. იაპონისტიკის მიმართულება ყოველთვის ცდილობს, რომ სტუდენტებს, შეძლებისდაგვარად, იაპონური გარემო შეუქმნას და უფრო მეტად შეიგრძნონ  მათ მიერ არჩეული სპეციალობის სპეციფიკური მახასიათებლები“,  – ამბობს ნანა გელაშვილი.

როგორც იაპონისტიკის მიმართულების ხელმძღვანელი აღნიშნავს, მანგა, როგორც იაპონური ტრადიციების შემადგენელი ხელოვნების ერთ-ერთი მიმდინარეობა, ჯერ კიდევ შუა საუკუნეებიდან იღებს სათავეს. პირველად თურმე ბუდისტმა ბერებმა დაიწყეს კარიკატურების ხატვა, რაც საზოგადოებამ ერთხმად აიტაცა და რასაც შემდეგში სხვადასხვა თემატიკაზე გაბმული თხრობის ამსახველი კომიქსების სახე მიეცა.    სწორედ კომიქსები გახლავთ მანგას ერთ-ერთი მიმართულება, რითაც არა მხოლოდ ახალგაზრდები არიან გატაცებულნი, არამედ ყველა ასაკის ადამიანებშია ის პოპულარული, რადგანაც თემატურად ის მეტად ფართო სპექტრს მოიცავს: თრილერს, დრამას, კომედიას, სპორტს, ფანტასტიკას, დეტექტივს, ისტორიას და ა.შ.

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის იაპონისტიკის მიმართულების მეოთხე კურსის სტუდენტი ნიკა გოგეშვილი ფიქრობს, რომ მანგა იმით არის საინტერესო და სახალისო, რომ ადამიანს ამ ჟანრით ყველაფრის გადმოცემა შეუძლია. ანუ, ე.წ. ილუსტრირებული ,,მოთხრობებით“ ყველა ავტორის მისწრაფებების, მიზნებისა თუ ნებისმიერი სათქმელის გადმოცემაა შესაძლებელი.

,,მანგას ხელოვნებით დაინტერესება ბავშვობიდან მომყვება. სემინარს ვესწრები იმ მოტივით, რომ უფრო სიღრმისეულად გავიგო – როგორ იქმნება მანგა? რა კრიტერიუმები უნდა დავაკმაყოფილოთ და რაზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება? საერთოდ, მანგას პოპულარიზაცია, ძირითადად, ანიმეებიდან დაიწო. მანგაზეა დაფუძნებული ანიმეს სიუჟეტიც.

ვინაიდან ანიმეების ბუმი კოვიდის პანდემიის პერიოდიდან 2021 წლამდე გაგრძელდა, ახალგაზრდები კიდევ უფრო დაინტერესდნენ ამ ჟანრით და მეც მათ შორის.

თვითონ პროცესი არის საკმაოდ საინტერესო – პერსონაჟებსაც შენით ქმნი, სიუჟეტსაც შენით იაზრებ, დიალოგებსაც შენ თავად თხზავ… მოკლედ, მანგაში შენ შეგიძლია გამოხატო შენი ემოცია, ინტერესები… სხვათა შორის, ძალიან ბევრი მანგა, რაც მეორე მსოფლიო ომის მერე შეიქმნა, ძალიან კარგად ასახავდა პოლიტიკურ ვითარებებს, ისტორიასაც… მინდა გითხრათ, რომ მანგას სტილში შესრულებული ილუსტრაციების გაცნობა ბავშვებისთვის, ზოგიერთ შემთხვევაში, არ არის რეკომენდებული, რადგან მათი შინაარსი მძაფრსიუჟეტიანია.

მანგას მიმდევარი მხატვრები საქართველოშიც გვყავს, თუმცა ისინი ერიდებიან იაპონური შინაარსის გადმოცემას, რადგან მის ტრადიციას და კულტურას სიღმისეულად არ იცნობენ, რაც აუცილებელია ამ ჟანრში მოღვაწეობისთვის. ამიტომ ქართველი მხატვრები უფრო ქართული ტრადიციების გამომსახველ კომიქსებს ქმნიან. ვიმედოვნებ, რომ მათი ნამუშევრები საერთაშორისო ასპარეზზეც დააინტერესებთ.  დღევანდელი პრაქტიკული ხასიათის სემინარის ორგანიზებისთვის, მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო იაპონისტიკის მიმართულებას, კათედრას და მის ხელმძღვანელს, ქალბატონ ნანა გელაშვილს. ის დიდ შრომას დებს სტუდენტებში შორეული აღმოსავლეთით დაინტერესებისთვის. ამ სემინარის ჩატარებაც სწორედ ამაზე მეტყველებს “, – განაცხადა ნიკა გოგეშვილმა, რომელმაც სხვა სტუდენტებთან ერთად, ღონისძიების ფარგლებში, მანგას სხვადასხვა ვარიანტი შექმნა.

ცნობისთვის: მანგა და ანიმე მნიშვნელოვან როლს ასრულებენ დანარჩენი მსოფლიოსთვის იაპონიის შესახებ ადექვატური შეხედულების ჩამოყალიბებაში. აღსანიშნავია, რომ  ხშირად იაპონურ კულტურაზე, საზოგადოებასა თუ პოლიტიკურ მდგომარეობაზე საბაზისო წარმოდგენები სწორედ მანგებისა თუ ანიმეების საშუალებით იქმნება. დასავლური კულტურის ბევრ წარმომადგენელს რომ ჰკითხოთ, იაპონელებთან დაკავშირებით ყველაზე მეტად რისი გაგება გიჭირთო, ერთ-ერთი პასუხი, ალბათ, მანგას ან კომიქსების მიმართ გამოვლენილი უსაზღვრო სიყვარულია.  მანგას ინდუსტრიის ღირებულება წელიწადში 500 მილიარდ იენს (4 მილიარდი აშშ დოლარი) შეადგენს. მანგა ორი ძირითადი ფორმით გვხვდება: ყოველკვირეული, ორკვირეული და ყოველთვიური ჟურნალის ტიპის მანგა და ქაღალდის ყდიანი წიგნები, რომლებიც, ჩვეულებრივ, სერიებად გამოიცემა. ეს სერიები ხშირად ჟურნალებში გამოქვეყნებულ სიუჟეტებზე იქმნება და თავის მხრივ სატელევიზიო გადაცემებად ან ფილმებად გადაკეთდება ხოლმე.

Facebook
Twitter
LinkedIn