„დაბადებიდან ლექსით მოაზროვნე ლიტერატორი“ – პროფესორ მანანა გელაშვილის 50 წელი უნივერსიტეტში
10 ოქტომბერს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მუზეუმში შეკრებილი საზოგადოება დიდი მოლოდინითა და ინტერესით უსმენდა მათ წინაშე მდგარ პროფესორ მანანა გელაშვილს. აუდიტორია მას წლების განმავლობაში იცნობდა, როგორც დასავლეთევროპული ენებისა და ლიტერატურის ინსტიტუტის ხელმძღვანელს, პედაგოგსა და ინგლისური მოდერნისტული შემოქმედების მკვლევარს, ამჯერად კი პროფესორმა კოლეგებსა და სტუდენტებს სიახლე მოუმზადა – უნივერსიტეტში მოღვაწეობის 50 წლის იუბილეზე მანანა გელაშვილმა საკუთარი „ლიტერატურული ბიოგრაფია“ წარმოადგინა და პირველად წაიკითხა საჯაროდ თავისივე ლექსები და პოეტური თარგმანები.
პედაგოგიური და აკადემიური საქმიანობა
ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნა პროფესორ მანანა გელაშვილის მოწაფემ, აწ უკვე თსუ-ს ასოცირებულმა პროფესორმა დავით მაზიაშვილმა, რომელმაც ის რთული პერიოდი გაიხსენა, როდესაც საქართველოში ინგლისური ლიტერატურის სწავლება მოწოდების სიმაღლეზე არ იყო. მისი თქმით, იმ დროს, როცა უნივერსიტეტში მუშაობა პრესტიჟს მოკლებული ჩანდა, ქალბატონმა მანანამ ლიტერატურის მიმართულებას, ფაქტობრივად, სასიცოცხლო ძალა დაუბრუნა: „ექიმების ოჯახიდან არის და, როგორც ჩანს, რეანიმაციის განსაკუთრებული უნარები მასაც ებოძა – მან გადაარჩინა, უწყვეტ ხაზზე დატოვა ინგლისური ლიტერატურის მიმართულება. შემოიკრიბა ხალხი არა მარტო თავისი პიროვნული თვისებებით და პედაგოგიური საქმით, არამედ პირველ რიგში თავისი აკადემიური ავტორიტეტით“, – თქვა დავით მაზიაშვილმა.
ეს „პედაგოგიური გმირობა“ ახსენა შემდგომ თავის გამოსვლისას პროფესორმა თინათინ მარგალიტაძემაც. როგორც მან თქვა, მანანა გელაშვილმა მარტომ დაწერა ყველა საგნის სილაბუსი და ლექციების უდიდეს ნაწილს თავად კითხულობდა, რათა სტუდენტებს ჰუმანიტარული აზროვნების, ღირებულებებისა და ლიტერატურის სიღრმეები არ მოჰკლებოდათ. „მან აღზარდა ლიტერატორების მთელი თაობა. სადაც არ უნდა გაიხედოთ დღეს – თბილისში თუ სხვა ქალაქების უნივერსიტეტებში – ყველგან მისი აღზრდილები ასწავლიან ანგლისტიკასა და ლიტერატურას“, – აღნიშნავს თინათინ მარგალიტაძე.
პროფესორ მანანა გელაშვილის სამეცნიერო ინტერესები – მოდერნისტული ლიტერატურა, ფემინისტური კრიტიკა, ჯეიმს ჯოისის „ულისეს“ ქართული თარგმანის ისტორია თუ შექსპიროლოგია – თავისი მასშტაბითა და შინაარსით ნამდვილად საერთაშორისო მნიშვნელობისაა. ამის დასტურია მისი მჭიდრო თანამშრომლობა ოქსფორდის უნივერსიტეტთან, სადაც წლების განმავლობაში თავის სტუდენტებთან ერთად არაერთხელ წარდგა. განსაკუთრებით აღსანიშნავია 2008 წლის აგვისტო, როდესაც საქართველოში დაწყებული ომის პარალელურად, ოქსფორდში გამართულ კონფერენციაზე თსუ-ს დელეგაციამ საკუთარი სათქმელი მაინც მიიტანა ევროპულ აუდიტორიამდე.
საქმისადმი სიყვარული ყოველთვის მთავარი მამოძრავებელი ძალაა პროფესორ მანანა გელაშვილისთვის. ეს იგრძნობა ყველა მის წამოწყებაში – იქნება ეს შექსპირის შემსწავლელი სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის აღდგენა, „ბლუმსდეის“ დღესასწაულების აღნიშვნა თბილისში, საერთაშორისო კონფერენციების ორგანიზება თუ სამეცნიერო ჟურნალის დაფუძნება.
„სკივრში მიმალული“ შემოქმედება
საიუბილეო ღონისძიების მთავარი სიურპრიზი მაინც მანანა გელაშვილის პოეზია და თარგმანები აღმოჩნდა. ბაირონი, ნიცშე, ჰაფეზი, ვერლენი, ტომას ვულფი, ედგარ ალან პო – ეს იმ ავტორთა მცირე ჩამონათვალია, რომელთა ტექსტებსაც იგი წლების განმავლობაში დიდი სიფაქიზით თარგმნიდა. შემთხვევითი არ არის, რომ პროფესორმა ინესა მერაბიშვილმა მას „დაბადებიდან ლექსით მოაზროვნე ლიტერატორი” უწოდა.
თავად მანანა გელაშვილი თავის შემოქმედებაზე საუბრისას აღნიშნავს, რომ პოეზია მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი ჯერ კიდევ ადრეული ბავშვობიდან გახდა. თუმცა, აკადემიური სივრცისთვის ეს მხარე აქამდე „სკივრში ჰქონდა მიმალული“.
სწორედ ამ მრავალმხრივი მოღვაწეობის აღსანიშნავად, ღონისძიებაზე ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის ხელმძღვანელმა, ეკატერინე ნაროზაშვილმა ინიციატივა გამოთქვა, რომ უნივერსიტეტმა პროფესორ-მასწავლებელთა თარგმანებისა და პოეზიის ანთოლოგია გამოსცეს, სადაც მანანა გელაშვილის შემოქმედება საპატიო ადგილს დაიკავებს.
უნივერსიტეტი ის სივრცეა, სადაც პროფესორმა მანანა გელაშვილმა საკუთარი აკადემიური, პედაგოგიური თუ შემოქმედებითი ძიებები გააერთიანა და დღესაც კვლავ რჩება მთავარ საყრდენად იმ ახალგაზრდებისთვის, რომლებიც მის საქმეს მომავალშიც გააგრძელებენ.
