,,რანაირი გაზაფხული მოვა”

თარიღი: 2023-06-01 18:47:31

შეხვედრა პოეტთან

31 მაისს თსუ-ს ბიბლიოთეკაში, მარო მაყაშვილის სახელობის სამკითხველო დარბაზში პოეტ მანანა ჩიტიშვილთან შეხვედრა სახელწოდებით – ,,რანაირი გაზაფხული მოვა” – გაიმართა. შეხვედრის მასპინძელი ქართული ენის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის ხელმძღვანელი, პროფესორი რამაზ ქურდაძე გახლდათ.

გაზაფხულზე გამართული პოეზიის საღამოები ტრადიციად იქცა მანანა ჩიტიშვილის შემოქმედებაში და ეს ღონისძიებაც სწორედ ამ ტრადიციის ნაწილი იყო.

პოეტმა შეხვედრაზე შეკრებილთ ახალი კრებული წარუდგინა, რომელშიც მისი რჩეული ლექსებია თავმოყრილი.

შეხვედრას ესწრებოდნენ პოეტის მეგობრები, კოლეგები და უნივერსიტეტის სტუდენტები. როგორც თავად ქალბატონმა მანანამ აღნიშნა, ეს საღამო მისთვის მეტად მნიშვნელოვანი იყო, რადგანაც პირველად წაიკითხა საავტორო ლექსები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და ამით დიდი ხნის სურვილი აიხდინა.

,,ყოველთვის მქონდა სურვილი იმ უნივერსიტეტში, რომელიც ჩემთვის ნამდვილად ცოდნის ტაძარია, ჩემი ლექსები წამეკითხა. მიხარია, რომ აქ  ხელცარიელი არ მოვედი და მინდა ეს კრებული ერთგვარ მიძღვნადაც ჩაითვალოს უნივერსიტეტისადმი”, – ამბობს მანანა ჩიტიშვილი.

შეხვედრაზე ქალბატონმა მანანამ მკითხველისთვის საავტორო ლექსები წაიკითხა. ღონისძიებაზე მყოფი პოეტის მეგობრები და კოლეგები საუბრობდნენ იმ დამსახურების შესახებ, რომელიც მას ქართული პოეზიისა და ქართლული დიალექტის შენარჩუნების საქმეში მიუძღვის.

ჩიტიშვილის პოეზიის მთავარი თემატიკა პატრიოტულ მოტივებზეა დაფუძნებული. შეხვედრაზე მყოფმა პოეტმა ერეკლე საღლიანმა თავადაც წაიკითხა ქალბატონი მანანას ლექსი – ,,კითხულობ ჩიტიშვილს, გჯერა საქართველო წარსულით, დღევანდელობითა და ხვალინდელი დღით”, – ასე შეაფასა მან ჩიტიშვილის პოეზია. შეხვედრაზე პოეტს ახალგაზრდებმაც გაუზიარეს თავიანთი დამოკიდებულება და მოისმინეს პასუხები მათთვის საინტერესო კითხვებზე.

როგორც შეხვედრაზეც აღინიშნა და თავად პოეტმაც გაანდო დამსწრე აუდიტორიას, მისთვის მთავარი სიტყვაზე მუშაობაა – ,,მინდა ტექსტი ძირძველი ქართული იყოს, მიყვარს სიტყვასთან ჯახირი, მისი მიხრა-მოხრა, თუმცა მაინც ქართულ ყალიბში ჩასმა”, – ასე აღწერს ავტორი შემოქმედებით პროცესს.

შეხვედრის ორგანიზატორის, პროფესორ რამაზ ქურდაძის თქმით, ასეთი პოეტების გაცნობა ახალგაზრდებისთვის აუცილებელია. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქალბატონი მანანას ლექსების მოსმენა ქართული ფილოლოგიის სტუდენტებისათვის, რადგან ჩიტიშვილის პოეზიაში კუთხური (ქართლური), არქაული ელემენტებია ჩაქსოვილი.

,,ახალგაზრდები უნდა ეზიარონ ჭეშმარიტ პოეზიას, სწორედ ამიტომ ვთხოვე დეკანატსა და ბიბლიოთეკას დახმარება, რომ ჩემი დიდი ხნის სურვილი ამესრულებინა და შედგა კიდეც ეს შეხვედრა“, –  განაცხადა ბატონმა რამაზმა.

შეხვედრის დასასრულ, ქალბატონმა მანანამ პოეზიის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

,,პოეზია ჩვენს ქვეყანაში ოდითგანვე მნიშვნელოვან ადგილს იკავებდა, გამოთქმაც არსებობს, რომ საქართველო პოეზიისა და პოეტების ქვეყანაა. პოეზია ერისა და ენის ზნეობას აყალიბებს. აქ განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ახალგაზრდებთან შესახვედრად მოვედი, რადგანაც სწორედ ახალი თაობაა ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღე. თუ ახალგაზრდობა დააინტერესე შენი შემოქმედებით, ეს პოეზიის უკვდავებას ნიშნავს, ამ შეხვედრაზე მე ვიგრძენი ახალგაზრდების დაინტერესება და ამიტომ ვთვლი, რომ ეს შეხვედრა წარმატებული აღმოჩნდა”, – განაცხადა პოეტმა და მადლობა გადაუხადა უნივერსიტეტსა და შეხვედრის ყველა ორგანიზატორს.

,,ნუ მიატოვებთ ერთმანეთს მარტოობაში!”-  მკითხველთან შეხვედრა პოეტმა ამ მიმართვით დაასრულა.

ნინო ჯანჯალაშვილი,

 თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტი

რანაირი გაზაფხული მოვა

ქარი ეხლა საალერსოდ მიწვევს,

ია მინდა, გადაიღო თოვამ…

ნეტავ, მე რომ არ ვიქნები იმ წელს

რანაირი გაზაფხული მოვა?


კვლავ ის ფერი თუ ექნება ნისლებს?

ამ ცის თაღებს, ცისფრად შემოგარსულთ? 

ან ტყემალი ემსგავსება ისევ?

ქორწილიდან გამოპარულ ასულს?


მთებსა ვძრავდი სასურველის პოვნად,

ვგავდი ჟინით მყვირალობის ირემს. 

ან იმ ქვეყნად მომდევს ვინმეს ხსოვნა,

ან ამ ქვეყნად ვეხსომები ვინმეს?!


ქარი ახლა საალერსოდ მიწვევს.

სულს მოსწყურდი… გადაიღო თოვამ,

ნეტავ, მე რომ არ ვიქნები, იმ წელს,

რანაირი გაზაფხული მოვა.

მანანა ჩიტიშვილი

Facebook
Twitter
LinkedIn