გამოვიდა მამუკა ჭანტურაიას წიგნი – „ლიტერატურული ტრიპტიქი ნიკო ლორთქიფანიძის თემებზე“

თარიღი: 2025-07-01 18:13:06

2025 წელს, ნიკო ლორთქიფანიძის დაბადებიდან 145- წლისთავის აღსანიშნავად, გამოიცა საინტერესო და ღირებული ნაშრომიფილოლოგიის დოქტორისა და თსუ-ს მუზეუმის წამყვანი სპეციალისტის, მამუკა ჭანტურაიას წიგნი  – „ლიტერატურული ტრიპტიქი ნიკო ლორთქიფანიძის თემებზე“. წიგნი მოგვითხრობს დიდი მწერლის სამი მინიატურის – „ბებრები“, „თავსაფრიანი დედაკაციდატრაგედია უგმიროთ“ – თემატიკასა და მხატვრულ თავისებურებებზე.

როგორც ავტორი ამბობს, მისი მიზანი იყო ნიკო ლორთქიფანიძის მრავალშრიანი ტექსტების სიღრმეში ჩაღრმავება და მოქმედ პირთა ხასიათების, შინაგანი განცდების, სულიერი წინააღმდეგობების და მწერლის სტილური მრავალფეროვნების ჩვენება: „წელს 145 წელი შეუსრულდა ქართული სიტყვის დიდოსტატს ნიკო ლორთქიფანიძეს. ჩვენი მოკრძალებული ნაშრომიც ამ თარიღს ეძღვნება. ამ სამი მინიატურის მიმოხილვით ვცადეთ – გვეჩვენებინა მოქმედ პირთა ხასიათები, მათი სულიერი განცდების ურთიერთმონაცვლეობა, პიროვნებათა კონტრასტული თვისებები; ასევე, შეგვეგრძნო მწერლის მეტყველების ცვალებადობა, მისი სტილური თავისებურებანი“, – აღნიშნა მამუკა ჭანტურაიამ.

წიგნის მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას რეცენზენტი, ფილოლოგიის დოქტორი სოფიკო ძნელაძე, რომელიც აღნიშნავს, რომ მამუკა ჭანტურაიას ტექსტი სამეცნიერო ანალიზთან ერთად ატარებს ესეისტურ ელფერს – რაც მას მეტ ემოციურობასა და ავტორისეული ხედვის ძალას მატებს: „მამუკა ჭანტურაიას ნაშრომი მეოცე საუკუნის ერთ-ერთი გამორჩეული მწერლის, ნიკო ლორთქიფანიძის შემოქმედებას ეხება. ტექსტები განსხვავებულად, ესეისტურ ჭრილშია გადმოცემული. საინტერესო და სასიამოვნოა ის ფაქტიც, რომ აღნიშნულ ნაშრომში კარგად იკვეთება თავად ავტორის დამოკიდებულება ნიკო ლორთქიფანიძის შემოქმედების მიმართ“, – წერს სოფიკო ძნელაძე.

ნაშრომს მხატვრული დატვირთვაც ახლავს – იგი გამდიდრებულია მხატვარ ანდრო ამბარცუმიანის გრაფიკული ნამუშევრებით, ხოლო ყდის დიზაინი ეკუთვნის მარიამ ებრალიძეს. გამოცემის მომზადებაში მონაწილეობდნენ ნინო ვაჩეიშვილი და ნანა კაჭაბავა.

„ლიტერატურული ტრიპტიქი ნიკო ლორთქიფანიძის თემებზე“ განკუთვნილია ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებისათვის, ასევე ყველა იმ მკითხველისთვის, ვინც დაინტერესებულია ნიკო ლორთქიფანიძის შემოქმედებით.

მამუკა ჭანტურაიას ეს ნაშრომი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს თანამედროვე ლიტერატურათმცოდნეობაში და ხელს შეუწყობს ნიკო ლორთქიფანიძის ფენომენის ღრმად გააზრებას ახალი თაობის მკითხველისათვის.

Facebook
Twitter
LinkedIn