ფოლკლორისტთა დელეგაცია აზერბაიჯანის მეცნიერებათა ნაციონალურ აკადემიაში
8-10 ოქტომბერს ქალაქ ბაქოში, აზერბაიჯანის მეცნიერებათა ნაციონალურ აკადემიაში, გაიმართა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია – „აშუღური შემოქმედების ჩამოყალიბება, განვითარების ეტაპები და თანამედროვე მიმართულებები“, რომელიც კულტურის დამსახურებული მოღვაწის, აშუღი-ოსტატის, ჰუსეინ სარაჩლის დაბადებიდან 110 წლისთავს მიეძღვნა.
შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის დირექტორის, პროფესორ ირმა რატიანისა და აზერბაიჯანის მეცნიერებათა ნაციონალური აკადემიის პრეზიდენტის, აკადემიკოს ისა ჰაბიბეილის ორგანიზებით, ბაქოში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდნენ ქართველი ფოლკლორისტები შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტიდან – ფილოლოგიის დოქტორი ეკა ჩხეიძე და თსუ-ის ასოცირებული პროფესორები ქეთევან სიხარულიძე და ხვთისო მამისიმედიშვილი.

თსუ-ის ასოცირებული პროფესორის ხვთისო მამისიმედიშვილის ინფორმაციით, ქართველ მეცნიერთა მონაწილეობა ამ მნიშვნელოვან საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმში განაპირობა აზერბაიჯანის მეცნიერებათა ნაციონალურ აკადემიასა და შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტს შორის მრავალწლიანმა ნაყოფიერმა სამეცნიერო თანამშრომლობამ:
– ქართველი ფოლკლორისტების მონაწილეობას ამ სამეცნიერო ფორუმში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებოდა იმ გარემოების გათვალისწინებითაც, რომ ჰუსეინ სარაჩლი საქართველოსთან მჭიდროდ დაკავშირებული აზერბაიჯანული აშუღური კულტურის გამორჩეული წარმომადგენელი გახლდათ. ის იყო ჩვენი თანამემამულე, ბოლნისის მუნიციპალიტეტში დაბადებული და მცხოვრები აშუღი პოეტი, რომლის შემოქმედებაც ქართული და აზერბაიჯანული კულტურული ურთიერთობების შესწავლისთვის მნიშვნელოვან მასალას წარმოადგენს.
ჰუსეინ სარაჩლი (ნამდვილი სახელი – ჰუსეინ ყურბან ოღლი ჰასანოვი) XX საუკუნის აზერბაიჯანული აშუღური ხელოვნების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წარმომადგენელია. იგი 1916 წელს ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მამხუტში (აზერბაიჯანულად – სარაჩლი) დაიბადა. ჰუსეინ სარაჩლი აზერბაიჯანულ დასთანებსა და საკუთარ ლექსებს საზის თანხლებით ასრულებდა და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა აშუღური ტრადიციის განვითარებასა და პოპულარიზაციაში.1976 წელს, დაბადებიდან 60 წლისთავისადმი მიძღვნილ საიუბილეო ღონისძიებაზე, მას საქართველოს კულტურის დამსახურებული მოღვაწის საპატიო წოდება მიენიჭა. ჰუსეინ სარაჩლი 1987 წელს 71 წლის ასაკში გარდაიცვალა, თუმცა მისი შემოქმედებითი ტრადიცია არ შეწყვეტილა – იგი მისმა მოწაფეებმა გააგრძელეს, რომელთა შორის არაერთი დღესაც ცნობილი აშუღია. ამგვარად, ჰუსეინ სარაჩლის სახელი არა მხოლოდ მის შემოქმედებას, არამედ აშუღური ხელოვნების თაობიდან თაობაზე გადაცემის უწყვეტ ტრადიციასაც უკავშირდება, – აღნიშნა ხვთისო მამისიმედიშვილმა.

აღსანიშნავია, რომ კონფერენციაში მონაწილეობის პარალელურად, ქართველ ფოლკლორისტებს ბაქოში შეხვედრა ჰქონდათ აზერბაიჯანის მეცნიერებათა ნაციონალური აკადემიის პრეზიდენტთან და აზერბაიჯანელ კოლეგებთან. აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა ისა ჰაბიბეილიმ მაღალი შეფასება მისცა შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერტურის ინსტიტუტთან მრავალწლიან სამეცნიერო თანამშრომლობას, ასევე ისაუბრა განხორციელებულ ერთობლივ პროექტებზე, მათ შორის აზერბაიჯანის მეცნიერებათა ნაციონალური აკადემიისა და შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის მიერ კემბრიჯში ინგლისურ ენაზე გამოცემულ მონოგრაფიაზე „ნიზამი განჯელი და რუსთაველი“. აკადემიის პრეზიდენტთან ქართველ მეცნიერთა შეხვედრაზე განხილულ იქნა ქართულ-აზერბაიჯანული სამეცნიერო თანამშრომლობის გაღრმავებისა და ერთობლივი სამომავლო პროექტების განხორციელების პერსპექტივები ფოლკლორისტიკაში. ჰუსეინ სარჩლის 110 წლის იუბილესთან დაკავშირებით, მის შესახებ ბაქოში დაიბეჭდა წიგნები.
მეცნიერის თქმით, ქართველ მეცნიერთა ვიზიტი აზერბაიჯანის მეცნიერებათა ნაციონალურ აკადემიაში იყო შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის კიდევ ერთი დიდი სამეცნიერო წარმატება. აღნიშნული თანამშრომლობა ხელს შეუწყობს ქართულ-აზერბაიჯანული სამეცნიერო ურთიერთობების მეტად გაღრმავებასა და განვითარებას.
