რატომ აირჩევდა კვლავ თსუ-ს ხელოვნური ინტელექტის თემაზე მაქს პლანკის ინსტიტუტში მომუშავე თსუ-ს კურსდამთავრებული?

თარიღი: 2026-03-27 20:08:51

ილია ყიფშიძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერებების კურსდამთავრებულია. მან თსუ-ში სწავლა 2020 წელს დაიწყო სრული, 100%-იანი სახელმწიფო გრანტით. ილია დღეს მაქს პლანკის ინსტიტუტის მკვლევარი ასისტენტია და გენომური ხელოვნური ინტელექტის დიდი მოდელების ახსნადობასა და ინტერპრეტაციაზე მუშაობს.

,,2025 წლის ოქტომბრიდან ზაარლანდის უნივერსიტეტში გავხდი ტუტორი (იგივე, რაც საქართველოში სემინარისტი) და მაგისტრანტებსა და ბაკალავრებს ვასწავლი „მანქანური სწავლების ელემენტებს“ (Elements of Machine Learning). თებერვლიდან კი, როგორც research assistant-ი (მკვლევარი ასისტენტი), შევუერთდი მაქს პლანკის ინსტიტუტს, რომელიც საერთაშორისო რეიტინგებით კომპიუტერულ მეცნიერებებში ევროპაში მესამე ადგილს იკავებს და ისეთ ავტორიტეტულ უნივერსიტეტებს უსწრებს, როგორებიცაა ოქსფორდის, კემბრიჯის და ედინბურგის უნივერსიტეტები (წყარო: CSRankings, https://csrankings.org/#/index?all&europe)“, – გვიყვება ილია.

როგორც ილია ყიფშიძე ამბობს, თსუ-ში ჩაბარებისას თავისი პროფესიული არჩევანი საბოლოოდ ჩამოყალიბებული არ ჰქონდა, თუმცა ინტერესის მთავარი სფერო მკაფიო იყო: მათემატიკა და, ზოგადად, ზუსტი მეცნიერებები. სწორედ ამ ინტერესმა განსაზღვრა კომპიუტერული მეცნიერების არჩევა – დარგისა, რომელიც იმ პერიოდში ჯერ კიდევ არ სარგებლობდა ფართო პოპულარობით, თუმცა სწრაფად ვითარდებოდა. დღეს ეს არჩევანი სრულად გამართლებულია, მიუხედავად იმისა, რომ, ილიას ხედვით, შეეძლო პირდაპირ მათემატიკის მიმართულება აერჩია, რადგან მისი კვლევითი საქმიანობის ძირითადი ბირთვი სწორედ მათემატიკურ ანალიზს ეფუძნება.

როგორ მივიდა იგი მსოფლიოში აღიარებული ინსტიტუტის სამკვლევრო არეალთან და რა როლი ითამაშა მის წარმატებებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, თავად ილიას საუბარში ამოვიკითხავთ:

  • რა მოგცა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლამ და რამდენად კმაყოფილი ხარ დღევანდელი გადმოსახედიდან შენი პროფესიული არჩევანით, რომელმაც შენი სამომავლო წარმატებები განაპირობა?
  • უნივერსიტეტში, გარდა ტრადიციული საკურსო სამუშაოებისა, აქტიურად ვმონაწილეობდი სტუდენტურ კონფერენციებში. მალევე გავიცანი პროფესორი ალექსანდრე გამყრელიძე და მისი ხელმძღვანელობით მუდმივად ვმუშაობდი სხვადასხვა პროექტზე (მათ შორის, საკონფერენციო თემებზე). სწორედ ამ პროექტებიდან, მეორე კურსზე, დავინტერესდი ხელოვნური ინტელექტით. ბატონი ალექსანდრე დამეხმარა სხვადასხვა მიმართულების აღმოჩენაში. ის გვაცნობდა ჩვენს დარგში წარმატებულ  ყოფილ კურსდამთავრებულებს და კოლეგებს, გვიწვევდა კონფერენციებზე, სამეცნიერო სემინარებზე და, როგორც მოგვიანებით ევროპაში სწავლის დაწყებისთანავე აღმოვაჩინე, ცდილობდა სწორედ ევროპული მიდგომების დანერგვას. თსუ-ში მთელი ბაკალავრიატის განმავლობაში ვიყავი სახელმწიფო სტიპენდიატი. ასევე, 2023 წელს მომენიჭა აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის სტიპენდია, რომელიც წელიწადში, ქვეყნის მასშტაბით, ზუსტი მეცნიერებების მხოლოდ ერთ სტუდენტს გადაეცემა. მესამე კურსზე ერასმუსის გაცვლითი პროგრამით (ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით) სტაჟირება გავიარე ესპანეთში. სწავლის პარალელურად, მეოთხე კურსზე ვმუშაობდი მონაცემთა მეცნიერად ქართულ სტარტაპში „Optio.AI”. ძალიან მომწონდა ჩემი საქმიანობა. მინდოდა ინდუსტრიაში დავრჩენილიყავი და იქ გამეგრძელებინა კარიერა, თუმცა, ბატონი ალექსანდრეს რჩევით და თსუ-ს სხვა პროფესორების რეკომენდაციით, მაინც გავგზავნე აპლიკაცია ზაარლანდის უნივერსიტეტში, რაც, ვფიქრობ, საუკეთესო გადაწყვეტილება იყო. 2024 წლის ოქტომბრიდან სრული დაფინანსებით დავიწყე სწავლა გერმანიაში, ზაარლანდის უნივერსიტეტში, კომპიუტერული მეცნიერების სამაგისტრო-სადოქტორო (ერთიან) პროგრამაზე. ის, რომ ზაარლანდის უნივერსიტეტში ძალიან რთულ და მოცულობით მასალასთან გამკლავება შევძელი, სწორედ იმის დამსახურებაა, რომ თსუ-ში მქონდა შესაძლებლობა, გამევლო კომპიუტერული მეცნიერებისთვის ყველაზე რელევანტური მათემატიკური კურსები, ალგორითმები და, ზოგადად, თეორიული კომპიუტერული მეცნიერების საგნები.
  • როგორ წარიმართა შენი საქმიანობა ზაარლანდის უნივერსიტეტში და როგორ მოხვდი ისეთ რეიტინგულ უნივერსიტეტში, როგორიც მაქს პლანკის უნივერსიტეტია?
  • მაქს პლანკში ჩემი კვლევის საგანს წარმოადგენს გენომური ხელოვნური ინტელექტის დიდი მოდელების ახსნადობა და ინტერპრეტაცია, რათა უკეთ შევისწავლოთ ნეიროდეგენერაციული (როგორიცაა ალცჰაიმერის) დაავადებები, კიბო, კოვიდი და სხვა (თუმცა ძირითადი ფოკუსი ალცჰაიმერია). ჩემი მიზანია, მნიშვნელოვანი კონტრიბუცია შევიტანო კვლევაში და ძალიან სწრაფად ვისწავლო კვლევის ყველა ეტაპი – ჰიპოთეზების აღმოჩენიდან სამეცნიერო სტატიის გამოქვეყნებამდე, რათა მოვამზადო საკუთარი თავი დამოუკიდებელი სამეცნიერო მუშაობისთვის. თუ ამის შესაძლებლობას ვიპოვნი, საქართველოშიც დავბრუნდები, რადგან ყველაზე მეტად საქართველოში მინდა ცხოვრება.
  • შენი აზრით, რა განსხვავებაა ევროპული უნივერსიტეტებისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესებს შორის?
  • ფუნდამენტური განსხვავება თსუ-სა და ევროპულ უნივერსიტეტებს შორის, ალბათ, ფინანსებია და დანარჩენი აქედან გამომდინარეობს. თსუ-ს ჰყავს არაჩვეულებრივი პროფესურა, აქვს კომპიუტერული მეცნიერებების დეპარტამენტი ქალბატონი მანანა ხაჩიძის ხელმძღვანელობით, საოცარ ადამიანურ რესურსს ფლობს. შესაბამისად, სწავლების მხრივ, თსუ ძალიან კარგ ფუნდამენტს იძლევა. თუმცა, გარდა სწავლებისა, უნივერსიტეტის მეორე და შესაძლოა ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი კვლევაა, რაშიც, სამწუხაროდ, მნიშვნელოვნად ჩამოვრჩებით, რადგან კვლევა ძალიან დიდ ფინანსურ რესურსს მოითხოვს. ევროპაში თითოეულ კვლევით ჯგუფს ჰყავს დოქტორანტები, პოსტდოქტორანტები, მკვლევარი ასისტენტები და მათ შრომის ანაზღაურება აქვთ, როგორც დასაქმებულებს. აქ ერთი კვლევითი ჯგუფი სიდიდით, შეიძლება, თსუ-ს კომპიუტერული მეცნიერების დეპარტამენტსაც კი აღემატებოდეს. თუმცა, უნდა აღინიშნოს, ამის ერთი უპირატესობა ისაა, რომ თსუ-ში ბაკალავრიატის სტუდენტსაც კი შეუძლია პირადად იცნობდეს ყველა პროფესორს და მათი უშუალო ხელმძღვანელობით მუშაობდეს (თუ მოტივაცია აქვს) პროექტებზე, რაც აქაურ (ევროპულ) უნივერსიტეტებში თითქმის წარმოუდგენელია; პროფესორები ხშირად მათი ყველა დოქტორანტი სტუდენტის ხელმძღვანელობასაც ვერ ასწრებენ. კიდევ ერთი განსხვავება – სიმკაცრეა. თუ თსუ-ში შედარებით ლოიალური დამოკიდებულებაა, აქ უფრო დიდი მასალა და მკაცრი მოთხოვნაა და გაცილებით მეტ დამოუკიდებელ მუშაობას საჭიროებს.
  • დღეს რომ აბიტურიენტი იყო…
  • დღეს რომ აბიტურიენტი ვიყო, აუცილებლად ისევ  თსუ-ს ავირჩევდი. გარდა იმისა, რომ თსუ-ს აქვს ძალიან კარგი საერთაშორისო პარტნიორობები და გაცვლითი პროგრამები, ის საერთაშორისო რეიტინგებით საქართველოში მუდმივად პირველს იკავებს, რაც პროფესურის და მათი ნაშრომების დამსახურებაა. შესაბამისად, ეს პროფესორები ფლობენ ცოდნას, ქმნიან კურსებს და სასწავლო პროგრამას, რომელიც კომპიუტერული მეცნიერების მიმართულებით, დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოში საუკეთესოა. ბოლოს, მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენს დეპარტამენტს, თითოეულ პროფესორს, რადგან მათ მთავარი წვლილი აქვთ ჩემს ყველა წარმატებაში. განსაკუთრებული მადლობა ბატონ ალექსანდრე გამყრელიძეს, რომელიც მუდმივად მეხმარება სწორი გადაწყვეტილების მიღებასა და აღსრულებაში.
Facebook
Twitter
LinkedIn