ქიმიკოს მაკა პოპიაშვილის საერთაშორისო კვლევითი გამოცდილება

თარიღი: 2026-09-28 21:40:34

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ტეხასის უნივერსიტეტის (დალასი) პარტნიორობისა და თანამშრომლობის ფარგლებში, თსუ ორგანული ქიმიის მიმართულების დოქტორანტმა მაკა პოპიაშვილმა საზაფხულო სასწავლო–კვლევით პროგრამა ამერიკაში გაიარა.


მაკამ სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუგაანის სანდრო შანშიაშვილის სახელობის საჯარო სკოლა დაამთავრა და ქიმიის მეცნიერებით სწორედ ამ პერიოდში დაინტერესდა, დროთა განმავლობაში კი სკოლისდროინდელი ინტერესი მყარ პროფესიულ არჩევანად ჩამოყალიბდა.

2014 წელს მან სწავლა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ქიმიის საბაკალავრო პროგრამაზე განაგრძო. მაკას თქმით, მისი არჩევანი უნივერსიტეტის მრავალწლიანმა აკადემიურმა ტრადიციებმა, ძლიერმა სამეცნიერო ბაზამ და პროფესიული განვითარების ფართო შესაძლებლობებმა განაპირობა. არც შემცდარა – სწორედ ბაკალავრიატში მიღებულმა ცოდნამ გამოკვეთა საბოლოო მიზანი და 2018 წელს სწავლა ქიმიური ექსპერტიზის სამაგისტრო პროგრამაზე გააგრძელა.

ამჟამად მაკა პოპიაშვილი თსუ-ის დოქტორანტია ორგანული ქიმიის მიმართულებით.

მისი სამეცნიერო საქმიანობა ახალი ორგანული ნაერთების სინთეზს, მათი სტრუქტურისა და ფიზიკურ-ქიმიური თვისებების შესწავლას უკავშირდება. კვლევის მთავარ ფოკუსს კი 2-ფენილინდოლის შემცველი ლუმინოფორები და სქვარინული საღებავები წარმოადგენს.

სამეცნიერო ინტერესები და საერთაშორისო გამოცდილება

დოქტორანტის საუნივერსიტეტო ცხოვრება მთლიანად სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას უკავშირდება. იგი აქტიურად მონაწილეობს სამეცნიერო კონფერენციებსა და კვლევით აქტივობებში. მისი ინტერესის სფეროებია: ორგანული სინთეზი, მწვანე ქიმიის პრინციპების გამოყენება, ბისინდოლებისა და ლუმინოფორული ნაერთების მიღება და მათი სპექტრალური თუ ლუმინესცენტური თვისებების შესწავლა.

აშშ-ის საზაფხულო პროგრამამდე მაკა პოპიაშვილი კვლევითი ვიზიტით გერმანიაში, რეგენსბურგის უნივერსიტეტში იმყოფებოდა, სადაც ინდოლის ბირთვის შემცველი ნაერთების სინთეზზე მუშაობდა. ამ გამოცდილებამ მას საშუალება მისცა, გაცნობოდა საერთაშორისო კვლევით გარემოსა და ლაბორატორიულ მიდგომებს.

მაკა პოპიაშვილის აკადემიურ საქმიანობაში განსაკუთრებული ეტაპი აღმოჩნდა თსუ-სა და ტეხასის უნივერსიტეტს (დალასში – UTD) შორის არსებული თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელებული საზაფხულო სასწავლო-კვლევით პროგრამაში მონაწილეობა. შერჩევის რთული ეტაპის – ინგლისური ენის შეფასებისა და გასაუბრების გავლის შემდეგ – მას შესაძლებლობა მიეცა, ემუშავა აშშ-ის წამყვან ლაბორატორიულ გარემოში.

მაკას თქმით,  ამ წარმატებაში უდიდესი როლი ითამაშა აკადემიურმა მხარდაჭერამ: „განსაკუთრებით ვემადლიერები ჩემს სამეცნიერო ხელმძღვანელს, ასოცირებულ პროფესორ  ელენე კაცაძეს, რომლის თანადგომამაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ჩემს პროფესიულ და აკადემიურ განვითარებაში. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი მხარდამჭერი წერილი, რომელიც თსუ–UTD-ის კვლევით პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელი მოთხოვნა იყო. ქალბატონი ელენეს ნდობა და რეკომენდაცია  ჩემთვის მნიშვნელოვანი სტიმული გახდა, რათა გამომეყენებინა შესაძლებლობა  და საერთაშორისო კვლევით გარემოში მიმეღო გამოცდილება“, – აღნიშნავს იგი.

ტეხასის უნივერსიტეტში ყოფნისას მაკა მუშაობდა 2-ფენილინდოლის შემცველი ორგანული ნაერთების სპექტრალური თვისებების შესწავლაზე, კერძოდ, შთანთქმისა და ლუმინესცენციის მახასიათებლებზე, რაც პირდაპირ უკავშირდება მის სადოქტორო ნაშრომს.

მაკა პოპიაშვილის უახლოესი მიზანი სადოქტორო კვლევის წარმატებით დასრულება და შედეგების საერთაშორისო სამეცნიერო სტატიების სახით გამოქვეყნებაა. მას სურს განაგრძოს კვლევები ახალი ფუნქციური ორგანული ნაერთების მიღებაზე და მიღებული გამოცდილება ქართული სამეცნიერო სივრცის გაძლიერებას მოახმაროს.

„საერთაშორისო პროგრამებში მონაწილეობა ახალგაზრდა მკვლევრებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის შესაძლებლობაა. ასეთი პროგრამები გვაძლევს საშუალებას, გავეცნოთ ახალ სამეცნიერო მიდგომებს, მივიღოთ გამოცდილება, დავამყაროთ პროფესიული კავშირები და უკეთ გავიაზროთ საკუთარი კვლევის განვითარების პერსპექტივები. ვფიქრობ, მსგავსი შესაძლებლობების მხარდაჭერა ხელს უწყობს ახალგაზრდა მეცნიერების განვითარებას და საქართველოს სამეცნიერო სივრცის საერთაშორისო აკადემიურ საზოგადოებასთან დაახლოებას“,  – აღნიშნავს მაკა პოპიაშვილი.

Facebook
Twitter
LinkedIn