თსუ მეცნიერ-მკვლევრები ომის სამართლიანობასა და მორალს გამოიკვლევენ
თსუ-ს ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებულმა პროფესორმა მაია მესტვირიშვილმა 2024 წელს შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფუნდამენტური კვლევების სახელმწიფო სამეცნიერო გრანტი მოიპოვა. გრანტი სამწლიანია და მასში, ხელმძღვანელთან ერთად, ჩართულია ფსიქოლოგიის დოქტორი, თსუ-ს მოწვეული ლექტორი მარიამ კვიციანი. სამი წლის განმავლობაში გრანტის ფარგლებში შესრულდება 3 კვლევა, რომელთა საერთო სახელწოდებაა: ,,ომის სამართლიანობა და მორალი: ინდივიდუალური დონის ანალიზი”.
აქტუალობის შესახებ ანოტაციაში მინიშნებულია, რომ გეოპოლიტიკური კონფლიქტების დროს, მაშინ, როდესაც მსგავს კონფლიქტებს გლობალური მშვიდობის ნგრევისკენ მივყავართ, ძალის გამოყენების ეთიკური საფუძველის ძიება დღეისათვის ყველაზე მნიშვნელოვანია. ავტორთა თქმით, ომის სამართლიანობა და მორალურობა ხშირად ფილოსოფიური დებატების საგანია, თუმცა სამეცნიერო ლიტერატურაში მნიშვნელოვანი დანაკლისი არსებობს ინდივიდუალური დონის ფაქტორებთან დაკავშირებით, რამაც შეიძლება ახსნას მორალური დამოკიდებულების გავლენა სამართლიანი ომის რწმენაზე.
პროექტი იკვლევს სამართლიანი ომის დამოკიდებულების ფსიქოლოგიურ საფუძველს მორალური საფუძვლების თეორიის მეშვეობით. ეს ინტერდისციპლინური პროექტი მიზნად ისახავს მორალური, ემოციური და შემეცნებითი კომპონენტების დაშლას, რომლებიც აყალიბებენ ინდივიდების აღქმას ომის ლეგიტიმურობის შესახებ. კვლევა გამოავლენს ტრავმული გამოცდილების გავლენით ინდივიდუალურ მორალურ რწმენებს შორის ურთიერთქმედების სირთულეს. კერძოდ, პროექტი მიზნად ისახავს გამოიკვლიოს (1) როგორ წინასწარმეტყველებს მორალური საფუძვლების ინდივიდუალური და დამაკავშირებელი ფაქტორები ომის გამამართლებელ რწმენებს, ასევე იკვლევს (2) მორალური ექსპანსიურობისა და მორალური გამოთიშვის როლს ომის ტრავმის კონტექსტში.
გრანტის ფარგლებში შესრულებული 3 ემპირიული კვლევა შეისწავლის მორალური საფუძვლების, მორალური ექსპანსიურობის, მორალური ჩართულობის კავშირებსა და პრედიქტურ ღირებულებას სამართლიანი ომის რწმენების ჩამოყალიბებაში (ომთან დაკავშირებული ტრავმის კონტექსტში).
პირველ კვლევაში დაგეგმილია ხუთი უნივერსალური მორალური საფუძვლის (ზრუნვა/ზიანი, სამართლიანობა/ტყუილი, ავტორიტეტი/მორჩილება, ერთგულება/ღალატი, სიწმინდე/დეგრადაცია) და ომის მიმართ ოთხი განსხვავებული დამოკიდებულების (სამართლიანი (შეზღუდული მიზეზები და საშუალებები), „წმინდა“ (შეზღუდული მიზეზები, შეუზღუდავი საშუალებები); უტილიტარული (შეუზღუდავი მიზეზები, შეზღუდული საშუალებები) და „ბინძური“ (შეუზღუდავი მიზეზები და საშუალებები)) ურთიერთკავშირების დადგენა.
მეორე კვლევა ფოკუსირებული იქნება მორალური ექსპანსიურობისა და მორალური გამოთიშვის მედიატორულ როლზე, მორალურ საფუძვლებსა და სამართლიანი ომის რწმენის ურთიერთკავშირში.
მესამე კვლევა შეისწავლის, თუ როგორ მოქმედებს ომთან დაკავშირებული ტრავმა მორალურ ელემენტსა და სამართლიანი ომის აღქმას შორის ურთიერთდამოკიდებულების დინამიკაზე.
კვლევა იყენებს მულტიდისციპლინური მიდგომის ორ თეორიული ჩარჩოს (სამართლიანი ომის თეორიის და ეთიკური საფუძვლების თეორიის ინტეგრირებით), რათა გამოიკვლიოს ურთიერთქმედება სამართლიანობისა და მორალის ცნებებს შორის.
სხვადასხვა სამეცნიერო დისციპლინის, მათ შორის, პოლიტიკური კვლევების, საერთაშორისო ურთიერთობების, სოციოლოგიისა და ფსიქოლოგიის პერსპექტივების ინტეგრირებით კვლევა და ასეთი მიდგომა მიზნად ისახავს გაეცნოს ფსიქოლოგიურ და სოციალურ მექანიზმებს, რომლებიც გავლენას ახდენენ ომის გამართლების შესახებ რწმენების ჩამოყალიბებაზე.
როგორც პროექტის ხელმძღვანელმა მაია მესტვირიშვილმა ჩვენთან საუბარში აღნიშნა, „არსებული სოციო-პოლიტიკური ნარატივების ფონზე ომის მიმართ დამოკიდებულების ემპირიული ანალიზი და „სამართლიანი ომის“ კონცეფციის ინდივიდუალური აღქმის გაგება მნიშვნელოვანია როგორც აკადემიური, ასევე პრაქტიკული თვალსაზრისით. ომის აღქმის ემპირიული ანალიზი აჩვენებს, რომ ინდივიდუალური დამოკიდებულება ჩამოყალიბებულია არა მხოლოდ ობიექტური ფაქტებით, არამედ სოციალური კონსტრუქტებით. ამ პროცესების გაგება საშუალებას მისცემს საზოგადოებას – მოახდინოს მოვლენების რეალისტური შეფასება და შეამციროს მანიპულაციის რისკი“. მისივე თქმით, კვლევის შედეგები, სამეცნიერო სტატიის სახით, საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალში გამოქვეყნდება.
