რას იკვლევს მაია მესტვირიშვილის პროექტი – ,,ომის სამართლიანობა და მორალი: ინდივიდუალური დონის ანალიზი“

თარიღი: 2025-03-28 15:37:39

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ წელს დაფინანსდა სამეცნიერო გრანტების კონკურში გამარჯვებული პროექტი – ,,ომის სამართლიანობა და მორალი: ინდივიდუალური დონის ანალიზი”, რომლის ავტორიც გახლავთ თსუ-ს ფიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი მაია მესტვირიშვილი.

,,გეოპოლიტიკური კონფლიქტების დროს, მაშინ, როდესაც მსგავს კონფლიქტებს გლობალური მშვიდობის ნგრევისკენ მივყავართ, ძალის გამოყენების ეთიკური საფუძველის ძიება არასოდეს ყოფილა ასეთი აქტუალური. ომის სამართლიანობა და მორალურობა ხშირად ფილოსოფიური დებატების საგანია, თუმცა სამეცნიერო ლიტერატურაში მნიშვნელოვანი დანაკლისი არსებობს ინდივიდუალური დონის ფაქტორებთან დაკავშირებით, რამაც შეიძლება ახსნას მორალური დამოკიდებულების გავლენა სამართლიანი ომის რწმენაზე” – აღნიშნავს მაია მესტვირიშვილი. სწორედ მისი პროექტი იკვლევს სამართლიანი ომის დამოკიდებულების ფსიქოლოგიურ საფუძველს მორალური საფუძვლების თეორიის მეშვეობით.

ასოცირებული პროფესორის მიერ წარდგენილი პროექტი მიზნად ისახავს მორალური, ემოციური და შემეცნებითი კომპონენტების დაშლას, რომლებიც აყალიბებენ ინდივიდების აღქმას ომის ლეგიტიმურობის შესახებ, გამოავლენს ტრავმული გამოცდილების გავლენით ინდივიდუალურ მორალურ რწმენას შორის ურთიერთქმედების სირთულეს. კერძოდ, პროექტი მიზნად ისახავს გამოიკვლიოს: (1) როგორ წინასწარმეტყველებს მორალური საფუძვლების ინდივიდუალური და დამაკავშირებელი ფაქტორები ომის გამამართლებელ რწმენებს და (2) მორალური ექსპანსიურობისა და მორალური გამოთიშვის როლი ომის ტრავმის კონტექსტში.

,,სამი ემპირიული კვლევა შეისწავლის მორალური საფუძვლების, მორალური ექსპანსიურობის, მორალური ჩართულობის კავშირებს და პრედიქტურ ღირებულებას სამართლიანი ომის რწმენების ჩამოყალიბებაში ომთან დაკავშირებული ტრავმის კონტექსტში. პირველ კვლევაში დაგეგმილია 5 უნივერსალური მორალური საფუძველის – ზრუნვა/ზიანი, სამართლიანობა/ტყუილი, ავტორიტეტი/მორჩილება, ერთგულება/ღალატი, სიწმინდე/დეგრადაცია და ომის მიმართ 4 განსხვავებული დამოკიდებულების – სამართლიანი (შეზღუდული მიზეზები და საშუალებები), ”წმინდა” (შეზღუდული მიზეზები, შეუზღუდავი საშუალებები), უტილიტარული (შეუზღუდავი მიზეზები, შეზღუდული საშუალებები) და „ბინძური“ (შეუზღუდავი მიზეზები და საშუალებები) ურთიერთკავშირების დადგენა. მე-2 კვლევა ფოკუსირებული იქნება მორალური ექსპანსიურობისა და მორალური გამოთიშვის მედიატორულ როლზე მორალურ საფუძვლებსა და სამართლიანი ომის რწმენის ურთიერთკავშირში. ხოლო მე-3 კვლევა შეისწავლის – თუ როგორ მოქმედებს ომთან დაკავშირებული ტრავმა მორალურ ელემენტსა და სამართლიანი ომის აღქმას შორის ურთიერთდამოკიდებულების დინამიკაზე. კვლევა იყენებს მულტიდისციპლინური მიდგომის ორ თეორიულ ჩარჩოს სამართლიანი ომის თეორიისა და ეთიკური საფუძვლების თეორიის ინტეგრირებით, რათა გამოიკვლიოს ურთიერთქმედება სამართლიანობისა და მორალის ცნებებს შორის. სხვადასხვა სამეცნიერო დისციპლინების, მათ შორის, პოლიტიკური კვლევების, საერთაშორისო ურთიერთობების, სოციოლოგიისა და ფსიქოლოგიის პერსპექტივების ინტეგრირებით წარმართული კვლევა მიზნად ისახავს გაეცნოს ფსიქოლოგიურ და სოციალურ მექანიზმებს, რომლებიც გავლენას ახდენენ ომის გამართლების შესახებ რწმენების ჩამოყალიბებაზე” – ამბობს პროექტის ავტორი მაია მესტვირიშვილი.

Facebook
Twitter
LinkedIn