სამედიცინო განათლების საერთაშორისო კონფერენცია

თარიღი: 2025-09-17 14:51:46

თსუ-ს მედიცინის ფაკულტეტის ასოცირებულმა პროფესორებმა – მაია ბიწკინაშვილმა (მედიცინის ფაკულტეტის დეკანი) და ია ხახუტაიშვილმა (მედიცინის პროგრამის კოორდინატორი) მონაწილეობა მიიღეს სამედიცინო განათლების საერთაშორისო კონფერენციაში AMEE 2025 (Association for Medical Education In Europe), რომელიც ჩატარდა ბარსელონაში (ესპანეთი) მიმდინარე წლის 22-27 აგვისტოს. მაია ბიწკინაშვილმა წარადგინა საკუთარი კვლევის შედეგები ,,როლური თამაშების გამოყენების უპირატესობები ბაკალავრიატის სამედიცინო განათლებაში”; ია ხახუტაიშვილმა კი წარადგინა მოხსენება – ,,თოვლის გუნდის” მეთოდის გავლენა დამოუკიდებელ მუშაობაზე, ასევე გუნდურ მუშაობაზე, სწავლების უნარზე და ცოდნის შეჯამებაზე სტუდენტის პერსპექტივი-დან.

აღნიშნული კონფერენცია საერთაშორისოდ აღიარებული ფორუმია და იმართება ყოველწლიურად სამედიცინო განათლების განვითარების ხელშეწყობისთვის. კონფერენციის პროგრამა გამორჩეული იყო მრავალფეროვნებით და ინოვაციებით. კონფერენციაზე განხილულ იქნა ისეთი აქტუალური საკითხები, როგორებიცაა ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაცია ჯანდაცვის პროფესიების საგანმანათლებლო პროგრამებში; სიმულაციური სწავლების როლი კომპეტენციების განვითარებაში; თანასწორობის, მრავალფეროვნების და ინკლუზიურობის დანერგვის აუცილებლობა მსოფლიო საგანმანათლებლო სისტემებში; ფაკულტეტის განვითარების სტრატეგიები.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს სხვადასვა სიმპოზიუმებში, სამუშაო შეხვედრებსა და ტრენინგებში. ამ შეხვედრებში მიღებული ცოდნა  მნივნელოვნად დაეხმარება მათ სამედიცინო პროგრამების განახლებაში, სწავლების ინოვაციური მეთოდების დანერგვასა და ფაკულტეტის მომავალ განვითარებაში.

Facebook
Twitter
LinkedIn