მაგისტრი მანანა დუმბაძე  ცნობილი ეთნოლოგის ოჯახიდან

თარიღი: 2023-04-19 18:01:57

თსუ-ს სტუდენტმა მანანა დუმბაძემ კულტურული და სოციალური ანთროპოლოგიის მაგისტრის  აკადემიური ხარისხი მოიპოვა.  მან  ბოლო 10 წლის მანძილზე, კარიერული თუ საგანმანათლებლო კუთხით, მრავალპროფილური გამოცდილება მიიღო და, ამ ეტაპისთვის, ცხოვრებაში საკმაოდ მნიშვნელოვანი პრაქტიკული გამოცდილებაც დააგროვა  გაყიდვების, მენეჯმენტის, კომუნიკაციების, პედაგოგიკისა და მეცნიერების კუთხით.  

„რაც თავი მახსოვს, ყოველთვის მიყვარდა ადამიანებთან კომუნიკაცია, მათი გამოცდილებებისა და ცოდნის გაზიარება. როდესაც საქმე  პროფესიის არჩევაზე მიდგა, მახსოვს, რამდენიმე ვარიანტი მქონდა და ამ ვარიანტების განხილვა ჩემთვის ყველაზე ძვირფას და სამაგალითო ადამიანთან დავიწყე, რომლის სიტყვას ყოველთვის ვაფასებდი. ეს ადამიანი  გახლდათ ჩემი  ბაბუა – დამსახურებული ეთნოლოგი ვახტანგ შამილაძე, ვისგანაც  ეთნოლოგიისა და ანთროპოლოგიის სფეროს შესახებ გარკვეული წარმოდგენა მქონდა. სამწუხაროდ, იმ პერიოდში,  ამ სპეციალობის შესახებ სკოლებში, პრაქტიკულად, არაფერი ვიცოდით.

ბაბუასთან საუბრის შემდეგ გავიაზრე, რომ ეთნოლოგია/ანთროპოლოგია სწორედ ის სპეციალობა იყო, რომელიც ჩემთან ყველაზე ახლოს იქნებოდა და სადაც ყველაზე თავისუფლად, შემართებით და მოტივაციით გავაგრძელებდი საქმიანობას“, – აცხადებს  ანთროპოლოგიის მაგისტრი მანანა დუმბაძე, რომელსაც დიდი სურვილი აქვს – თუნდაც მცირედი წვლილი შეიტანოს სამყაროს  უკეთესობისკენ  შეცვლაში.

„ამ ეტაპზე, შეიძლება ითქვას, რომ  ჯერ კიდევ დამკვირვებლის როლში ვარ.  ყველგან, სადაც არ უნდა ვიყო, ვაკვირდები ადამიანებს, მათ ურთიერთობებს, აზროვნებას, ინტერესებს,  კულტურულ ღირებულებებს  და თითქოს ყოველდღიურად ვიზრდები.  დღეს განათლების კონსულტანტად ვმუშაობ და ვაწარმოებ კვლევებს  სხვადასხვა მიმართულებით. ვფიქრობ, აღნიშნული გამოცდილება გამომადგება  აკადემიური სტანდარტების შესაბამისი კვლევების მიმართულებით.  

ეთნოლოგიის ბაკალავრი ვარ და ამან განაპირობა სწავლა კულტურული და სოციალური ანთროპოლოგიის მიმართულებით გამეგრძელებინა. ჩემი უმთავრესი მოტივატორი ყოველთვის იყო ის, რომ საკუთარი რესურსები, შესაძლებლობები მაქსიმალურად გამომეყენებინა ჯერ თავის შეცნობაში, შემდგომ კი მეცნიერების კუთხით საინტერესო მიგნებების, სიახლის აღმოჩენაში. ვფიქრობ, ანთროპოლოგია არის დარგი, რომლის სპეციალისტიც ყველა კულტურის წარმომადგენლისთვის მისაღებია  თავისი საქმიანობით, რომელსაც ყველაზე ოპტიმალური გზით შეუძლია სამყაროს გაკეთილშობილება“, – აღნიშნავს მანანა.

მომავალ ანთროპოლოგს დიდი მოლოდინი აქვს, რომ  საკუთარ გამოცდილებასა და რესურსებს მაქსიმალურად გამოიყენებს და წვლილს შეიტანს ანთროპოლოგიის დარგის განვითარებაში.

„ამ ეტაპამდე, თითქოს, მზაობა არ მქონდა ანთროპოლოგი გავმხდარიყავი,  რადგან ვიცოდი, რომ ან მაქსიმუმი უნდა გამეკეთებინა, ან სწორ დროს დავლოდებოდი… ახლა კი, როდესაც უკვე ასაკიც, გამოცდილებაც მიწყობს ხელს, ვიაზრებ, რომ ჩემი ადგილი  სწორედ ამ სივრცეშია, იმ ადამიანებთან,  რომელთა ღირებულებებიც და ფასეულობებიც ჩემსას ემთხვევა. აკადემიურ სივრცეში ისეთ ადამიანებს შევხვდი,  ვინც, დიდი დამსახურების  მიუხედავად,  ყოველთვის   მზად არის  გვერდში დამიდგეს, როგორც უმცროს კოლეგას“,  – აღნიშნავს მანანა დუმბაძე,  რომელსაც დიდი სურვილი აქვს  – საქმიანობა  კვლევების მიმართულებით გააგრძელოს.

„დაინტერესებული ვარ თანამედროვე მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკური, სოციალური, ეკონომიკური და კულტურული პროცესებით. სადიპლომო ნაშრომიდან გამომდინარე, ვფიქრობ, უფრო სიღრმისეულად შევისწავლო მესაქონლეობის დარგი, რომელიც, ვფიქრობ, რომ  საკმაოდ პერსპექტიულია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის და, ვიმედოვნებ, გარკვეული გამოცდილების მიღების შემდეგ, შესაძლებლობა მომეცემა, პედაგოგიური საქმიანობითაც დავკავდე“, – აცხადებს მანანა, რომელსაც თსუ-ს ეთნოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის ხელმძღვანელი, პროფესორი  ქეთევან ხუციშვილი ასე ახასიათებს: „მანანა დუმბაძე  ცნობილი ეთნოლოგის ოჯახიდანაა და გასაკვირი არ არის მისი  ინტერესი ეთნოგრაფიული კვლევებისადმი. იგი იყო ჩვენი  სტუდენტი საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე. ასევე თავი გამოიჩინა, როგორც გონიერმა და აჭარის რეგიონის ყოფითი მახასიათებლების ზედმიწევნით კარგად მცოდნემ. მისი სამაგისტრო ნაშრომი აქტუალურ საკითხს  – აჭარის ტრადიციულ სამეურნეო დარგს – მესაქონლეობის ტრადიციულ და თანამედროვე მდგომარეობას ეხებოდა, რომელიც ასოცირებული პროფესორის თეიმურაზ გვიმრაძის სამეცნიერო ხელმძღვანელობით მოამზადა. განსაკუთრებით საინტერესო იყო მის მიერ წარმოდგენილი თანამედროვე მასალა, რომელიც მესაქონლეობის დარგის  მდგომარეობას ასახავდა“, – განაცხადა  პროფესორმა  ქეთევან ხუციშვილმა, რომელმაც მომავალ ეთნოლოგს სამეცნიერო საქმიანობის გზაზე დიდი   წარმატებები უსურვა. 

Facebook
Twitter
LinkedIn