მაგდა სარჯველაძე  და არჩილ წივილაშვილი კონფერენციაში გამარჯვებულად დასახელდნენ

თარიღი: 2023-12-04 21:01:43

თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მე-3 კურსის სტუდენტები მაგდა სარჯველაძე (სოციოლოგიის მიმართულება) და არჩილ წივილაშვილი (პოლიტიკის მეცნიერების მიმართულება) სტუდენტთა 83-ე საუნივერსიტეტო სამეცნიერო კონფერენციის გამარჯვებულები არიან. მათ კონფერენციაზე სექციის – ,,საქართველოში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევები: შედეგების ანალიზი“ – ფარგლებში წარადგინეს მოხსენება თემაზე: ,,NDI-ის საზოგადოებრივი აზრის კვლევები: ეროვნული პრიორიტეტებისა და სახელმწიფო ინსტიტუტების ნდობის შედარებითი ანალიზი 2016-2023 წლებში“.

,,ყველასთვის ნათელია, რამდენად ღირებულია ადამიანთა ცნობიერების აღსაქმელად და მათი დამოკიდებულების შესასწავლად საზოგადოებრივი აზრის კვლევები. კვლევების მნიშვნელობას ადასტურებს ის შედეგიც, რასაც, თუნდაც, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსზე რეკომენდაციის გაცემა ჰქვია. როგორც NDI-ის კვლევებში წერია, კვლევები მუდმივად უწყობს ხელს ისეთი პოლიტიკისა და მმართველობის ჩამოყალიბებას, რომელიც უფრო მეტად იქნება მორგებული მოსახლეობის საჭიროებებზე. ამ ყველაფერს ემატება განვლილი საპარლამენტო არჩევნების როლი და განსაკუთრებით ბოლო წელი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე, რომელსაც შეეძლო შეეცვალა ჩვენი კვლევის ზოგადი სურათი. სწორედ ამით დავინტერესდით, როდესაც საკონფერენციო თემას ვარჩევდით“, – ამბობს მაგდა სარჯველაძე.

ვინაიდან კვლევა სამაგიდე კვლევებში გადიოდა, სტუდენტები მაქსიმალურად დაეყრდნენ დოკუმენტების ანალიზს. ,,საკვლევ ამოცანებს წარმოადგენდა: გამოგვევლინა მსგავსება-განსხვავებები ეროვნული პრიორიტეტებისა და სახელმწიფო ინტიტუტების მიმართ მოსახლეობის ნდობას შორის და გვეკვლია იმ შესაძლო გარემო-ფაქტორების (პოლიტიკური, გეოგრაფიული, ეკონომიკური…) ზემოქმედება, რომელიც უბიძგებდა მოსახლეობას წლების განმავლობაში დასმულ ერთსა და იმავე შეკითხვაზე განსხვავებული ან მსგავსი პასუხი გაეცათ“, – აღნიშნავს არჩილ წივილაშვილი.

შეკითხვაზე – ,,რა დასკვნაზე გახვედით თემიდან გამომდინარე? – მაგდა სარჯველაძე გვპასუხობს:

  • იდენტური პრობლემები, რომელიც მოსახლეობას „რიტუალური“, პასიური რეაქციისკენ უბიძგებს, წლების განმავლობაში გადაუწყვეტელია;
  • პოლიტიკური აბსენტიზმი და ნიჰილიზმი საზოგადოებაში მზარდია;
  • გეოგრაფიული არეალი პირდაპირპროპორციულად განაპირობებს საზოგადოებრივი განწყობის დადებით/უარყოფით შინაარსს;
  • NDI-ის მიერ 2016-დან 2023 წლის ჩათვლით რესპონდენტებისთვის დასმულ კითხვებში არსებული ცდომილებები საერთო სურათის კომპლექსური აღქმისათვის ხელისშემშლელია.

სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ

მეცნიერებათა ფაკულტეტის ეგიდით ჩატარდა.

Facebook
Twitter
LinkedIn