მაღალრეიტინგულ საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალებში გამოქვეყნებული სტატიების პრეზენტაცია სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 105 წლისთავთან დაკავშირებული კვირეულის ფარგლებში, 1 თებერვალს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე მაღალრეიტინგულ საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალებში გამოქვეყნებული სტატიების პრეზენტაცია გაიმართა. არაერთ მნიშვნელოვან კვლევას შორის, რომელიც ფაკულტეტის მკვლევრებმა გამოაქვეყნეს, შეირჩა 3 ყველაზე რეიტინგული კვლევა, რომელიც მომხსენებლებმა წარმოადგინეს.
მათ შორის იყო მსოფლიოს სოციალურ-პოლიტიკური და ტურიზმის გეოგრაფიის პროფესორის იოსებ სალუქვაძის, ინტერდისციპლინური მიმართულების ასოცირებული პროფესორის თამარ ვეფხვაძის და სოციოლოგია და სოციალური მუშაობის ასოცირებული პროფესორის ნინო შატბერაშვილის კვლევები.
* * *
ინტერდისციპლინური მიმართულების ასოცირებული პროფესორის თამარ ვეფხვაძის სტატია – „ევროპული დისკურსი ქართული მწერლობის გარდამავალ ხანაში“ გასულ წელს ორმა მაღალრეიტინგულმა ჟურნალმა („Balkanistic Forum,2“; ,,WayScience”) გამოაქვეყნა.
„ევროპული დისკურსი ქართული მწერლობის გარდამავალ ხანაში“ – ეს არის ტიპოლოგიური კვლევის მეთოდზე და წყაროების ანალიზზე დაფუძნებული ნაშრომი, რომელიც საინტერესოა საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის მსოფლმხედველობითი სიახლოვის კვლევის თვალსაზრისით. კვლევა XVIII-XIX საუკუნეების მიჯნის ქართულ მწერლობას შეეხება და იმითაა გამორჩეული, რომ აანალიზებს – თუ როგორ იცვლება ქართული შემოქმედების აზროვნების პარადიგმა და დისკურსი აღმოსავლური გამომსახველობითი ფორმებიდან ევროპულისკენ და როგორ შემოდის საქართველოში ევროპეიზმი. ავტორის თქმით, ქართული მსოფლმხედველობის და აზროვნების ფოკუსი სწორედ ამ პერიოდში იცვლება და ეს გამოხატულია ქართულ მწერლობაში და სხვადასხვა ევროპელი ავტორის შერჩევასა და თარგმნაში:
– „გარდამავალ პერიოდს“ განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიაში. სწორედ ამ დროს, XVIII-XIX საუკუნეების მიჯნაზე, აღინიშნება დიდი ცვლილებები ქართველი ერის პოლიტიკურ თუ სულიერ ცხოვრებაში, რამაც რადიკალურად შეცვალა ქართველთა საზოგადოებრივი მდგომარეობა და, გარკვეულწილად, ცნობიერებაც. ამ ცვლილებებს მოჰყვა XIX საუკუნის უდიდესი ლიტერატურული მოვლენა – ქართული რომანტიზმი, რომლის ქრონოლოგიურად წინა პერიოდი, ე.წ. „გარდამავალი პერიოდი“ ემთხვევა ევროპაში რომანტიზმის წინამორბედი ლიტერატურული ფენომენის არსებობას, რომელიც ცნობილია როგორც „პრერომანტიზმი“ – რომანტიზმის ერთგვარი „მოსამზადებელი“ ეტაპი. ამ დროს ქართული „პრერომანტიზმის“ და შემდგომში XIX საუკუნის ქართველი რომანტიკოსების წარმომადგენლებმა თარგმნეს და საზოგადოებას გააცნეს ვოლტერის, რუსოს, კორნელის, რასინის, ლაფონტენის, ჰიუგოს, მიცკევიჩის, ჰაინეს, დერჟავინის, პუშკინის, ლერმონტოვის და სხვათა ნაწარმოებები, რამაც გავლენა მოახდინა როგორც პოლიტიკურ, ასევე კულტურულ და სოციალურ ფაქტორებზე“, – აღნიშნა თამარ ვეფხვაძემ.
რა იყო ის მახასიათებელი, რაც გვაფიქრებინებს, რომ დისკურსი აღმოსავლური გამომსახველობითი საშუალებებიდან ევროპულისკენ სიღრმისეულად შეიცვალა? მკვლევარი სათანადო წყაროების მოხმობით ასაბუთებს, რომ გარდამავალ პერიოდში ეს იყო, უპირველესად, ადამიანის პიროვნული საწყისის წინ წამოწევა, ეგზისტენციალურ მოვლენებსა და პრობლემატიკაში ჩაღრმავება, პიროვნული თავისუფლების გააზრება.
* * *
მსოფლიოს სოციალურ-პოლიტიკური და ტურიზმის გეოგრაფიის პროფესორ იოსებ სალუქვაძის ნაშრომი – „მრავალჯერადი ტრანსფორმაცია, კოორდინაცია და საზოგადოებრივი საქონელი. თბილისი და დაგეგმარების ძიება, როგორც კოლექტიური სტრატეგია“, რომელიც მან თანაავტორთან, კრისტოფ ვან აშესთან (Kristof Van Assche) ერთად მაღალი იმპაქტ-ფაქტორის მქონე საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალში – „European Planning Studies“ – გასული წლის მაისში გამოაქვეყნა, საყურადღებოა იმით, რომ ის დეტალურად იკვლევს ქალაქის ურბანულ თუ სივრცით გარდაქმნებს, რომელიც მან პოსტსოციალისტური ქალაქებისთვის დამახასიათებელი „მრავალჯერადი გარდაქმნების“ ფონზე განიცადა.
ნაშრომში ავტორები ასაბუთებენ, რომ პოსტსაბჭოთა ქვეყნებსა და ქალაქებში, მათ შორის, თბილისში, საკანონმდებლო, ინსტიტუციური და სოციალური საფუძვლების რეფორმასთან ერთად, მოხდა ურბანული თუ სივრცითი ტრანსფორმაცია. მკვლევრები გამოყოფენ თბილისის ურბანული ტრანსფორმაციის სხვადასხვა ფაზას, განიხილავენ მიზეზებს და აანალიზებენ გარდამავალი პროცესის შედეგებს.
,,ჩვენ ვამტკიცებთ, რომ 90-იანი წლებიდან მომხდარმა მრავალრიცხოვანმა ტრანსფორმაციამ საფრთხე შეუქმნა ურბანული ცხოვრების ხარისხისთვის აუცილებელ ბევრ საზოგადოებრივ საქონელს, ხოლო იმავე მრავალფეროვნებამ გაანადგურა მმართველობის კოორდინაციის მექანიზმები, რომლებიც გამოსადეგი იქნებოდა ურბანული მმართველობისა და მისი ახალი ფორმის განსაზღვრასა და დაგეგმვაში. დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ გარდამავალმა ეტაპმა შექმნა კოლექტიური სტრატეგიის საჭიროება, თუმცა, ამავდროულად, გაართულა ასეთი სტრატეგიის ჩამოყალიბება და განხორციელება. მრავალჯერადი ტრანსფორმაციის კონცეფცია სასარგებლო აღმოჩნდა არა მხოლოდ ურბანული ცვლილების კონკრეტული მაგალითის ანალიზის, არამედ ამ ცვლილების მომავალი სტრატეგიის კონტექსტუალიზებულ ვარიანტებთან დაკავშირებისთვისაც. თბილისის შემთხვევაში ანალიზმა ხაზგასმით აჩვენა ის დრო, რომელიც საჭირო იქნება ინსტიტუციების აღსადგენად, ცრუ წინააღმდეგობების დასადგენად და სარგებლიანობის საპოვნელად როგორც დაგეგმარებისა და საბაზრო პრინციპების გაერთიანებაში, ასევე კოლექტიური მიზნებისკენ კოორდინირებულად მოქმედების იდეაში“, – აღნიშნა იოსებ სალუქვაძემ, რომელმაც, საკითხის აქტუალობის ფონზე, საზოგადოებას პრობლემის გადაჭრის მისეული ხედვებიც გაუზიარა.
* * *
სოციოლოგიისა და სოციალური მუშაობის ასოცირებული პროფესორის ნინო შატბერაშვილის ნაშრომი – „SDG-ზე ორიენტირებული სოციალური სამუშაოს განათლება საქართველოში“, თანაავტორთან – შორენა საძაგლიშვილთან ერთად ივლისში გამოქვეყნდა მაღალრეიტინგულ ჟურნალში „Social Work Education“.
ნაშრომის მიზანი იყო სოციალური მუშაობის აკადემიური პროგრამების (განსაკუთრებით პრაქტიკის სწავლების კომპონენტი) მისადაგება მდგრადი განვითარების მიზნებთან და 2020-2030 წლებში სოციალური მუშაობის და სოციალური განვითარების გლობალური დღის წესრიგის მეოთხე სვეტთან: ადამიანური ურთიერთობების გაძლიერების მნიშვნელობის აღიარებასთან.
„ნაშრომი განიხილავს სოციალური მუშაობის მიმართულებით სწავლებას ორ ქართულ უნივერსიტეტში, გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების (SDG) კონტექსტში. 2015 წელს მდგრადი განვითარების მიზნების მიღების შემდეგ საქართველომ განვითარების ეროვნულ გეგმებში მოახდინა მისი ინტეგრირება, ხოლო მთავრობამ SDG ეროვნულ პრიორიტეტად გამოაცხადა. სტატიაში სოციალური მუშაობის საველე სამუშაოს სწავლების მეთოდოლოგია აღწერილია, როგორც SDG-ზე ორიენტირებული პროცესების უზრუნველყოფა აუდიტორიებსა და მის გარეთ. ნაშრომში გამოყენებულმა მეთოდმა – შემთხვევის ანალიზმა გამოავლინა სტუდენტების აქტიური ჩართულობა SDG-სკენ მიმავალი სოციალური პროექტების განხორციელებაში. ისინი იყენებენ ეფექტურ ინსტრუმენტს სოციალური პასუხისმგებლობის გასაძლიერებლად“, – ნათქვამია ნაშრომის აბსტრაქტში.
წარმოდგენილი ნაშრომების თემატიკაზე საინტერესო დისკუსია გაიმართა.
დასასრულ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 105 წლისთავისადმი მიძღვნილი პრეზენტაცია, რომელიც სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის მიერ მაღალრეიტინგულ სამეცნიერო ჟურნალებში გამოქვეყნებული ნაშრომების გაცნობას ეძღვნებოდა, ფაკულტეტის დეკანმა სალომე დუნდუამ შეაჯამა.