მეცნიერება ციფრებს მიღმა: როგორ ქმნიან თსუ-ელი ახალგაზრდები მომავლის ეკონომიკას
თანამედროვე საგანმანათლებლო სივრცეში სტუდენტური სამეცნიერო წრეები ის მთავარი გარემოა, სადაც თეორიული ცოდნა რეალურ კვლევებად და საინტერესო პროექტებად იცვლება. გამონაკლისი არც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტია, სადაც ახალგაზრდების აქტიური და მზარდი ჩართულობა სამეცნიერო წრეებში საუნივერსიტეტო ცხოვრების განუყოფელი და უმნიშვნელოვანესი ნაწილი გახდა. ამის ერთ–ერთი საუკეთესო და გამორჩეული მაგალითია თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მაკროეკონომიკის კათედრაზე მოქმედი სტუდენტთა სამეცნიერო წრე MacroLab-ი. ამ გაერთიანების მთავარ მიზანს აქტუალური ეკონომიკური საკითხების სიღრმისეული კვლევა, სტუდენტური სამეცნიერო ღონისძიებებისა და შეხვედრების ორგანიზება, სამეცნიერო მოხსენებების მომზადება, პრეზენტაცია და მათი რეცენზირება წარმოადგენს.
MacroLab-ი უპირველესად ემსახურება ახალგაზრდებში წიგნიერების ამაღლებას, დამოუკიდებელი კვლევების ჩატარებისა და აუდიტორიის წინაშე ნაშრომების ეფექტურად წარდგენის უნარების გამომუშავებას, მეცნიერული ანალიზის პრაქტიკული ჩვევების ფორმირებას, სამეცნიერო კონტაქტების გაღრმავებას, სხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებთან ერთობლივი პროექტების მომზადებასა და ინტერდისციპლინური კვლევების ჩატარებას.

ამგვარი მრავალმხრივი და მასშტაბური ამოცანების წარმატებით განხორციელება, რამაც წრეს, პრაქტიკულად, ყოველკვირეული აქტივობის სახე მისცა, წარმოუდგენელი იქნებოდა მისი ხელმძღვანელობის გამართული, მიზანმიმართული საქმიანობისა და კათედრის მხარდაჭერის გარეშე. MacroLab-ის მეცნიერ-ხელმძღვანელი, მაკროეკონომიკის კათედრის ასისტენტ-პროფესორი, ეკონომიკის აკადემიური დოქტორი მარინა ტაბატაძე, მუდმივად ზრუნავს ახალგაზრდების პროფესიულ ზრდაზე, მათ მენტორობასა და მუდმივ მხარდაჭერაზე. უშუალოდ წრის მუშაობას კი, სტუდენტური თვითმმართველობის საუკეთესო ტრადიციებით, ხელმძღვანელობენ მე-4 კურსის სტუდენტი თამარ გიგინეიშვილი (თავმჯდომარე) და მე-3 კურსის სტუდენტი მანანა გიგაური (თანათავმჯდომარე).
სწორედ კათედრისა და სტუდენტების ამგვარი მჭიდრო კოორდინაცია განაპირობებს იმას, რომ ყოველკვირეული სხდომების ჩასატარებლად სპეციალურად გამოყოფილი დიდი აუდიტორია მუდამ სტუდენტებით არის სავსე. როგორც ასისტენტ-პროფესორი მარინა ტაბატაძე აღნიშნავს, განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს სხდომებზე მოხსენებების განხილვა, რომელთა თემატიკაც უაღრესად მრავალფეროვანია: „აღსანიშნავია, რომ სხდომების მუშაობაში მაკროეკონომიკის მოდულის სტუდენტებთან ერთად სხვა მიმართულების ახალგაზრდებიც იღებენ მონაწილეობას. მათ შორის განსაკუთრებული აქტივობით გამოირჩევიან თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამის – ISET-ის სტუდენტები, რომელთა ფართო ჩართულობა ვლინდება როგორც მოხსენებების მომზადების, ისე მათი რეცენზირების პროცესში. მიმდინარე ეკონომიკური ტენდენციების კვლევასთან ერთად, ახალგაზრდები დიდ ინტერესს იჩენენ ეკონომიკის ტრადიციული და თანამედროვე კონცეფციების შესწავლით,“- განაცხადა მარინა ტაბატაძემ.
კათედრის მხრიდან სტუდენტთა სამეცნიერო წრე მუდმივი ყურადღების ცენტრშია. მისი თითოეული წევრი პირადად ხელმძღვანელობს მოხსენებების მომზადებას. როგორც წრის თავმჯდომარემ, თამარ გიგინეიშვილმა აღნიშნა, სწორედ ამ აქტიური მუშაობის შედეგია ყოველწლიურ საუნივერსიტეტო სამეცნიერო კონფერენციებში მაკროეკონომიკის კათედრის განსაკუთრებით მასშტაბური ჩართულობა, რაც ყოველწლიურად 20-30 საუკეთესო მოხსენების წარდგენაში გამოიხატება.
აუდიტორიებში დაგროვილი ეს თეორიული ბაზა და კვლევითი პოტენციალი სტუდენტებმა წარმატებით გარდასახეს პრაქტიკულ გამარჯვებაში – მათმა პროექტმა „საქართველოს მონეტარული პოლიტიკის ისტორიული ანალიზი“ – 2026-2027 წლების თსუ სტუდენტთა საუნივერსიტეტო საგრანტო კონკურსში მოიპოვა გამარჯვება. აღნიშნული საგრანტო პროექტის ფარგლებში, 14 ივნისს, სამეცნიერო წრის წევრები საგანმანათლებლო ყვარლის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდნენ ვიზიტით, რომელსაც ხელმძღვანელობდა MacroLab-ის სამეცნიერო ხელმძღვანელი მარინა ტაბატაძე.

ვიზიტის ფარგლებში სტუდენტები ეწვივნენ საქართველოს ეროვნული ბანკის ყვარლის ფულის მუზეუმს. თსუ-ელებმა მასპინძლებს უნივერსიტეტის სამახსოვრო სუვენირები გადასცეს, თავის მხრივ კი, მუზეუმმა MacroLab-ს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოცემული უნიკალური წიგნი – „ქართული ლარის კატალოგი“ უსახსოვრა. ეს წიგნი, რომელიც დეტალურად აღწერს ეროვნული სავალუტო სისტემის ფორმირების მრავალწლიან პროცესს, მისი განვითარების ეტაპებსა და ცალკეული მონეტისა თუ ბანკნოტის, როგორც ქართველი ერის კულტურული იდენტობის ნაწილის შექმნის ისტორიას, უდიდესი მნიშვნელობისაა როგორც სპეციალისტებისთვის, ისე ფართო საზოგადოებისთვის.
ფულის მუზეუმის დირექტორმა როლანდ სპანდერაშვილმა სტუდენტებისთვის ჩაატარა ინფორმაციული ლექცია საქართველოს სავალუტო სისტემის ჩამოყალიბებისა და ეროვნული ფულის შექმნის შესახებ, სადაც ახალგაზრდები გაეცნენ საარქივო ნაშრომს „ბანკირის დღიურები“ და ნახეს ტელესტუდია „იმედის“ მიერ საქართველოს ეროვნული ბანკის დაკვეთით მომზადებული სამეცნიერო-დოკუმენტური ფილმი „ლარის გზა“.
ამავე შეხვედრაზე სამეცნიერო წრის წევრებმა თავადვე წარმოადგინეს MacroLab-ში სპეციალურად მომზადებული სამეცნიერო მოხსენება საქართველოს თანამედროვე სავალუტო სისტემისა და გაცვლითი კურსის რეგულირების მექანიზმების შესახებ.
ეს შთაბეჭდილებებით სავსე და შემეცნებითი დღე ყვარლის მუნიციპალიტეტში ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო მუზეუმში სტუმრობით გაგრძელდა. აქ მომავალმა ეკონომისტებმა დიდი ინტერესით დაათვალიერეს ილიას ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი ექსპონატები, თუმცა მათი განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო ილია ჭავჭავაძის მიერ საადგილმამულო ბანკის დაარსების ისტორიამ, მისმა წინაპირობებმა და ამ ისტორიული ნაბიჯის როლმა საქართველოს დამოუკიდებელი საბანკო-საკრედიტო სისტემის ფორმირებაში.

ყვარელში გამართულმა წარმატებულმა ვიზიტმა სტუდენტებში დიდი კმაყოფილება გამოიწვია და საფუძველი ჩაუყარა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს. დაიგეგმა 2026-2027 სასწავლო წელს ფულის მუზეუმის წარმომადგენლების მონაწილეობა MacroLab-ის საუნივერსიტეტო ღონისძიებებში, სადაც ისინი თსუ-ის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებს საქართველოს ფულისა და სავალუტო სისტემის ისტორიის შესახებ საინტერესო ინფორმაციას გააცნობენ.
ეს კოლაბორაცია ლოგიკურად აგრძელებს ეროვნულ ბანკთან მუშაობის ტრადიციას, რომლის ფარგლებშიც MacroLab-ელები აქტიურად მონაწილეობდნენ საქართველოს ეროვნული ბანკისა და „ფინედუს“ სტუდენტურ კონკურსში „მარეგულირებლის დილემა“. ამ კონკურსში, სადაც ქვეყნის 12 უნივერსიტეტის 14 გუნდი მონაწილეობდა და ცენტრალური ბანკის სოციალური პასუხისმგებლობისა და ფინანსური დისციპლინის ბალანსირების პრობლემებს იკვლევდა, მაკროეკონომიკის კათედრის სტუდენტთა სამეცნიერო წრიდან, ასისტენტ-პროფესორ მარინა ტაბატაძის მენტორობით, ორი გუნდი: „BrainBank“ და „ეკონომიქსი“ წარსდგა, რომლებმაც მევალეთა მხარდაჭერის ციფრული პლატფორმის შექმნის საინტერესო პროექტები აჩვენეს.
მსგავსი პრაქტიკული გამოცდილება სტუდენტებმა მიიღეს 2025 წლის 24 დეკემბერსაც, როდესაც ეროვნულ ბანკთან თანამშრომლობით მოეწყო ვიზიტი საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის მონეტარულ დეპარტამენტში. იქ მუზეუმის დირექტორის, დავით ლორთქიფანიძის უშუალო ჩართულობითა და მხარდაჭერით, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა, ქალბატონმა მედეა შეროზიამ სტუდენტებს გააცნო უახლესი მეცნიერული კვლევები და შესაბამისი უნიკალური სამუზეუმო ექსპონატები, რამაც ახალგაზრდებს ცალკეული მონეტარული მექანიზმის გამოყენების ისტორიულ ტენდენციებზე სიღრმისეული პრაქტიკული ცოდნა მისცა.
სამეცნიერო წრეში შეძენილი ცოდნა და პრაქტიკული ჩვევები მყარ საფუძველს უყრის მისი წევრების წარმატებებს სხვადასხვა საზოგადოებრივ, სამეცნიერო თუ საერთაშორისო ასპარეზზე. კერძოდ, წრის თანათავმჯდომარე მანანა გიგაური მოხსენებით გამოვიდა ივანე ჯავახიშვილის 150 წლისთავისადმი მიძღვნილ სტუდენტურ კონფერენციაზე, სადაც მას სპეციალური დიპლომი გადაეცა. წრის თავმჯდომარე თამარ გიგინეიშვილი კი ნიუ-იორკის, კემბრიჯისა და მიუნხენის უნივერსიტეტების გაეროს მოდელირების საერთაშორისო კონფერენციების დელეგატია, ასევე იყო თბილისის კონფერენციის – „AI and Global Governance“ (ხელოვნური ინტელექტი და გლობალური მმართველობა) – კომიტეტის თავმჯდომარე და Global Shapers Community-ის (მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის) თბილისის ჰაბის კურატორი და ორგანიზატორი. MacroLab-ი განსაკუთრებული სიამაყით აღნიშნავს საქართველოს სახელით მისი თავმჯდომარის, თამარ გიგინეიშვილის მიწვევას მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის 2026 წლის სამიტზე ჟენევაში.
სტუდენტების ასეთი მაღალი აქტივობისა და კვლევებისადმი მზარდი ინტერესის გათვალისწინებით, MacroLab-ი მომავალში კიდევ უფრო ამბიციურ და მასშტაბურ გეგმებს სახავს. წრის საქმიანობას განსაკუთრებულ ელფერს სძენს და მომავალშიც გაამდიდრებს უცხოელი ლექტორების მოხსენებები დისტანციურ ფორმატში, ასევე მაკროეკონომიკის მიმართულებით მომუშავე მეცნიერებთან თუ საჯარო მოხელეებთან შეხვედრები. დაგეგმილია ISET-ის სტუდენტებთან უფრო აქტიური თანამშრომლობა და ერთობლივი კვლევების ჩატარება თანამედროვე მაკროეკონომიკურ პრობლემებზე.

უკვე 2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში გათვალისწინებულია ფართომასშტაბიანი სამეცნიერო ღონისძიების ორგანიზება სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტთა ჩართულობით, ასევე საგანმანათლებლო ვიზიტები საქართველოს ეროვნულ ბანკში, ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს პარლამენტის სხვადასხვა უწყებაში (საბიუჯეტო ოფისი, ეროვნული ბიბლიოთეკა), მოეწყობა შეხვედრა მთავრობის წევრებთან. ამასთანავე, მიმდინარეობს მოლაპარაკებები თანამედროვეობის ერთ-ერთ უდიდეს მაკროეკონომისტთან, კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორთან, უნივერსიტეტის „გლობალური აზროვნების კომიტეტის“ ხელმძღვანელთან და ნობელის პრემიის ლაურეატთან, ჯოზეფ სტიგლიცთან MacroLab-ში მოწვევასთან და ლექციის ჩატარებასთან დაკავშირებით.
ამ შთამბეჭდავი მიღწევებისა და გეგმების ფონზე, MacroLab-ის სტუდენტები დიდ მადლიერებას გამოხატავენ ყველა იმ ადამიანისა თუ ინსტიტუტის მიმართ, ვინც მათ გვერდით დგას.
MacroLab-ის მეცნიერ-ხელმძღვანელი მარინა ტაბატაძე და სამეცნიერო წრის თავმჯდომარე – თამარ გიგინეიშვილი განსაკუთრებული მადლობას უხდის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელმძღვანელობასა და ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ადმინისტრაციას სტუდენტური საგრანტო პროექტის ფინანსური მხარდაჭერისა და ტექნიკური უზრუნველყოფისთვის. MacroLab-ი მადლობას უხდის მაკროეკონომიკის კათედრის თითოეულ წევრს სტუდენტთა სამეცნიერო მუშაობაში აქტიური ჩართულობისთვის, კათედრის გამგეს, პროფესორ მირიან ტუხაშვილს სამეცნიერო წრის განსაკუთრებული მხარდაჭერისთვის და ქალბატონ მარინა ტაბატაძეს წრის წარმატებული ხელმძღვანელობისა და სტუდენტთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობისთვის. სტუდენტები ასევე მადლობას უხდიან საქართველოს ეროვნული ბანკის ფულის მუზეუმს, პირადად ბატონ როლანდ სპანდერაშვილს, და ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო მუზეუმს გულთბილი მიღებისა და უაღრესად მნიშვნელოვანი სამეცნიერო მასალის გაცნობისთვის.
ყოველივე ამის საფუძველი კი MacroLab-ის დევიზია: „ვქმნით მომავლის ეკონომიკას – პროგრესი ციფრებს მიღმა“. თსუ-ელი სტუდენტების ამბიცია მარტივია: დაინახონ რეალური ცხოვრება მშრალი ციფრების მიღმა და შექმნან ქვეყნის ეკონომიკური წინსვლის ახალი, მყარი ხედვა.
