ლუკა ტუღუში თვლის, რომ კვლევის შედეგად მათი ჰიპოთეზა გამართლდა

თარიღი: 2023-06-19 18:08:20

,,რუსი მიგრანტები და საქართველო: ეკონომიკური გამოწვევა თუ შესაძლებლობა?” – ამ სახელწოდებით წარადგინა თავისი მოხსენება სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტმა ლუკა ტუღუშმა ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის ორგანიზებით გამართულ სტუდენტთა IX საფაკულტეტო სამეცნიერო კონფერენციაზე (სექცია – რუსეთ-უკრაინის ომის პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური ეფექტები საქართველოზე).

რატომ დაინტერესდა ამ თემით და რა დასკვნა გამოიტანა კვლევის შედეგად?  – ლუკა ტუღუში, რომლის მეწყვილეც სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტი თამარ ბიბიჩაძე გახლდათ, საკუთარ ინტერესებზე გვიამბობს და აცხადებს: ,,მოგეხსენებათ, უკვე ერთ წელზე მეტია, რაც რუსეთ-უკრაინას შორის ომი მიმდინარეობს. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო ვითარდება, რუსეთი მაინც ვერ ამბობს უარს თავის ჰეგემონურ ხასიათზე. ომის მიმდინარეობის პარალელურად ბევრი პრობლემა წარმოიშვა და ის შეეხო არა მარტო უკრაინას, არამედ მსოფლიოს, მათ შორის, საქართველოს. ამ პერიოდიდან მოყოლებული საქართველოში დიდი რაოდენობით რუსი მიგრანტი შემოვიდა, რომლებმაც დაარეგისტრირეს უამრავი შპს, იყიდეს მიწები, წამოიწყეს ბიზნესები. მოკლედ რომ ვთქვათ, ისინი დიდი ხანია თავის დამკვიდრებას ცდილობენ საქართველოში. ამის ფონზე იცვლება საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა, თანაც, საგრძნობლად… სწორედ ამიტომ გაჩნდა კითხვები, მათ შორის, ჩვენი კვლევის მთავარი კითხვა – რუსი მიგრანტების შემოდინება საქართველოში ეკონომიკური გამოწვევაა თუ შესაძლებლობა? კვლევის ხარჯზე კი პასუხებიც ცალსახად გამოიკვეთა“, – ამბობს ლუკა ტუღუში.

ახალგაზრდა მკვლევრებმა მკაფიოდ გაწერეს კვლევის მიზანი და ამოცანები. მათ 2022-2023 წლის განვლილი მონაკვეთების სტატისტიკური მონაცემები მოიცვეს და სიღრმისეული ინტერვიუები ჩაატარეს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან, საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტებთან, ეკონომისტებთან და სტუდენტებთან.

,,ჩვენი სამიზნე სეგმენტი არ იყო შეზღუდული, შესაბამისად, მოქმედების და ლავირების შესაძლებლობა მოგვეცა. განსაკუთრებით გამოვყოფდით საფრანგეთის ერთ-ერთი უდიდესი ბანკის BNP Paribas-ის წარმომადგენელთან ჩაწერილ ინტერვიუს, რომელმაც ღიად ისაუბრა საქართველოს წინაშე არსებულ რისკებზე, რუსეთისთვის სანქციების არიდებაზე, პოტენციურ ,,შავ ხვრელებზე“ და ა.შ. საკითხს ვიკვლევდით საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომიკის თეორიიდან გამომდინარე, შესაბამისად, ეკონომიკური ურთიერთდამოკიდებულების პოლიტიკური ზომები, სტრუქტურული ძალა, ასიმეტრიული ურთიერთდამოკიდებულება და ეკონომიკურ ურთიერთობებში თანდაყოლილი მოწყვლადობა ჩვენი ნაშრომის ძირითადი ნაწილი იყო“, – აღნიშნავს კვლევის თანაავტორი თამარ ბიბიჩაძე.

ძირითად კითხვებზე პასუხების მოძიების შედეგად ახალგაზრდა მკვლევრებმა დასკვნა წარმოადგინეს და შედეგები აუდიტორიას გააცნეს.

,,საბოლოო ჯამში, ბევრ საინტერესო სტატისტიკას გავეცანით, ბევრი საინტერესო რესპონდენტისგან მოვისმინეთ კითხვებზე პასუხები, ფაქტებისა და დოკუმენტების ანალიზის საფუძველზე კი დავასკვენით, რომ მოკლევადიან პერსპექტივაში არსებული მდგომარეობა ეკონომიკაზე დადებითად აისახა, თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში იგი საფრთხეს უქმნის ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას და დისკრიმინაციულ გარემოში აყენებს შრომით ბაზარს. ამიტომ, ცალსახად გამოჩნდა, რომ ჩვენი კვლევის ჰიპოთეზა გამართლდა. რა კუთხითაც არ უნდა შევხედოთ ამ საკითხს, ფაქტი ჯიუტად უცვლელია. აქედან გამომდინარე, მე და ჩემი კოლეგა თამარი ვფიქრობთ, რომ არსებული საკითხი ძალზე საყურადღებოა. ვხვდებით, რომ სასწორის ორ მხარეს განთავსებულ შესაძლებლობასა და გამოწვევას შორის გამოწვევამ გადაწონა და კიდევ ერთხელ დაამტკიცა ჩვენი ჰიპოთეზა, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში საფრთხის ქვეშ დგას საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საკითხი“, – ასკვნის ლუკა ტუღუში, რომლის მოხსენებამაც კონფერენციის დამსწრეთა შორის მოწონება დაიმსახურა.

Facebook
Twitter
LinkedIn