თსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის ახალი პრეზიდენტის ლუკა ტაბიძის ხედვა და მიზნები

თარიღი: 2024-10-07 18:49:00

,,ჩვენ ვხედავთ, რომ ბევრი სტუდენტი აქტიურად ერთვება ღონისძიებებსა და პროექტებში, მაგრამ ველით, რომ ჩართულობა კიდევ უფრო გაიზრდება. ჩვენ გვაქვს რესურსები და შესაძლებლობები, რომლებიც მათ უნდა გამოიყენონ,” – აცხადებს თსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის ახალი პრეზიდენტი ლუკა ტაბიძე. მისი აზრით, ამჟამად სტუდენტების ჩართულობა დადებითად შეიძლება შეფასდეს, თუმცა მეტი სტუდენტი უნდა გააქტიურდეს.

პრეზიდენტის გუნდს არ სურს, რომ გაჩერდეს და მოტივირებულია – გააგრძელოს ის გეზი, რაც სტუდენტური თვითმმართველობის წინამორბედ  ხელმძღვანელობას ჰქონდა. უკვე დაგეგმილია მრავალი ახალი მნიშვნელოვანი პროექტი, რომელთა მიზანია სტუდენტების უნარ-ჩვევების განვითარება და მათი კარიერული ზრდის ხელშეწყობა. ,,ჩვენი ინიციატივები მიზნად ისახავს, დაეხმაროს სტუდენტებს კარიერულ და აკადემიურ განვითარებაში“,  – ამბობს ლუკა ტაბიძე.

პრეზიდენტი ხაზს უსვამს, რომ თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გადმოტანა უმნიშვნელოვანესია. „ისწავლო ერთია, მაგრამ თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება ბევრად მნიშვნელოვანი პროცესია”, – აღნიშნავს ის. მისი თქმით, თვითმმართველობის მთავარი მიზანი სტუდენტებისთვის ისეთი პლატფორმის შეთავაზებაა, რომელიც მათ საშუალებას მისცემს შეიძინონ პრაქტიკული უნარები და კარიერულად განვითარდნენ.

სტუდენტური თვითმმართველობის ერთ-ერთი მთავარი მისიაა სტუდენტთა უფლებების დაცვა. ლუკა ტაბიძე ხაზს უსვამს, რომ უნივერსიტეტი სტუდენტებზე დგას და მათი უფლებების დაცვა უპირველესი ამოცანაა: ,,ჩვენი პრიორიტეტი სტუდენტთა უფლებების დაცვაა. სტუდენტური თვითმმართველობა ღიაა ყველასთვის, ვინც დახმარებას საჭიროებს და მზად ვართ – ნებისმიერი პრობლემა მოვაგვაროთ“.

სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტის თქმით, მისი საქმიანობის მთავარი მიზანია, სტუდენტური ცხოვრება გახდეს უფრო საინტერესო და მრავალფეროვანი, რათა წლების შემდეგ თითოეულმა სტუდენტმა სიამაყით გაიხსენოს უნივერსიტეტში გატარებული დრო. „მნიშვნელოვანია, რომ სტუდენტური ცხოვრება იყოს მრავალფეროვანი, რადგან ეს არის პერიოდი, რომელსაც მომავალში ტკბილად გავიხსენებთ“, – აღნიშნავს ლუკა ტაბიძე.

თსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობა აერთიანებს 7 ფაკულტეტსა (ტურიზმის სკოლა) და 7 დეპარტამენტს:
• განათლების დეპარტამენტი;

• კულტურის დეპარტამენტი;

• სპორტის დეპარტამენტი;

• საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი;

• ტურიზმის დეპარტამენტი;

• სტუდენტთა უფლებათა დაცვის დეპარტამენტი;

• ხარისხის უზრუნველყოფის დეპარტამენტი.

Facebook
Twitter
LinkedIn