როდის ჩამოუყალიბდა ლუკა ჯინჭარაძეს აკადემიური კარიერისადმი განსაკუთრებული ინტერესი

თარიღი: 2026-06-02 18:50:47

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ამერიკისმცოდნეობის ინსტიტუტის ახალგაზრდა მკვლევარი და დოქტორანტი ლუკა ჯინჭარაძე საერთაშორისო პოლიტიკის, ჩრდილოეთ ამერიკის უსაფრთხოებისა და ქართულ-ებრაული ურთიერთობების საკითხებზე მუშაობს. იგი სტუდენტი 2018 წელს გახდა, როდესაც უნივერსიტეტი დაარსებიდან 100 წლისთავს აღნიშნავდა. ასე აღმოჩნდა ლუკა საიუბილეო მე-100 პირველკურსელთა შორის, რომლის წინაშეც გადაიშალა უზარმაზარი ცოდნისა და განათლების სივრცე, რასაც იგი უძირო ქვევრს ადარებს.

ლუკა განსაკუთრებით ემადლიერება თსუ ამერიკისმცოდნეობის ინსტიტუტს და მის სამეცნიერო ხელმძღვანელს, პროფესორ ელენე მეძმარიაშვილს. ,,სწორედ მისი მხარდაჭერითა და ნდობით გავხდი 24 წლის ასაკში დოქტორანტი, მოგვიანებით კი, პროფესორის ასისტენტის სტატუსით, პირველად შევდგი ნაბიჯი აუდიტორიაში სტუდენტებთან. დღეს უკვე, როგორც მოწვეულ პედაგოგს, საშუალება მაქვს – დამოუკიდებლად განვახორციელო აკადემიური საქმიანობა“, – ამბობს ლუკა.

წლების განმავლობაში დაგროვილ მრავალ წარმატებულ აკადემიურ გამოცდილებას ისიც დაემატა, რომ წელს ლუკა ჯინჭარაძე ბრიტანული სამეცნიეროკვლევითი გრანტის FaRiG (Friends of Academic Research in Georgia) 2026 წლის გამარჯვებულად დასახელდა.  

                                          ინტერვიუ ლუკა ჯინჭარაძესთან

რატომ დაინტერესდით ამერიკისმცოდნეობით?

– ამერიკისმცოდნეობით ჯერ კიდევ სკოლის პერიოდში დავინტერესდი. ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკური სისტემა, დემოკრატიული ინსტიტუტები, საგარეო პოლიტიკა და მისი გლობალური გავლენა ჩემთვის ყოველთვის საინტერესო იყო. განსაკუთრებით მიზიდავდა ის, თუ როგორ ახერხებდა ამერიკა დემოკრატიული იდეების, პოლიტიკური ძალისა და კულტურული გავლენის ერთმანეთთან დაკავშირებას. როდესაც ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ჩავირიცხე, ძირითად სპეციალობად ამერიკისმცოდნეობა ავირჩიე და ვფიქრობ, ეს ერთ-ერთი ყველაზე სწორი გადაწყვეტილება იყო. ბევრს ჰგონია, რომ ამერიკისმცოდნეობა მხოლოდ აშშ-ის შესწავლას გულისხმობს, თუმცა რეალურად ეს დარგი მოიცავს მთელი ამერიკის კონტინენტის – კანადის, ლათინური ამერიკისა და აშშ-ის – კვლევას. სწორედ ამ მულტიდისციპლინურმა ბუნებამ გადამაწყვეტინა საბოლოოდ ამ მიმართულებით წასვლა.

რამდენად აქტიური სტუდენტური ცხოვრება გქონდათ საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურებზე?

– საკმაოდ აქტიური სტუდენტი ვიყავი. ხშირად არა მხოლოდ ჩემი სპეციალობის კურსებს გავდიოდი, არამედ სხვადასხვა მიმართულების საგნებსაც ვირჩევდი, რის გამოც ჩემი კვლევითი ინტერესებიც მრავალფეროვანი იყო. ლიტერატურას, ფილოსოფიასა და სხვა დისციპლინებს ყოველთვის ამერიკის კონტექსტში განვიხილავდი, ხოლო მიღებულ შედეგებს საკონფერენციო ნაშრომებად ვაქცევდი.

სამაგისტრო საფეხურზე სწავლისას სამჯერ გავხდი თბილისის მერიის სტიპენდიატი, ხოლო ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის შიდა დაფინანსება ყველა სემესტრში მოვიპოვე.

მაგისტრატურის პერიოდში ჩავერთე შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფუნდამენტური კვლევის გრანტში, რომელსაც აღმოსავლეთმცოდნე ინგა ზაბახიძე ხელმძღვანელობდა. პროექტში ასისტენტად მუშაობამ უზარმაზარი სამეცნიერო გამოცდილება მომცა. შედეგად გამოიცა კოლექტიური მონოგრაფია ქართველთა და ებრაელთა ურთიერთობის შესახებ, რომლის თანაავტორი მეც ვარ. სწორედ ამ პერიოდში ჩამომიყალიბდა აკადემიური კარიერისადმი განსაკუთრებული ინტერესი და, როგორც ჩანს, კვლევისათვის საჭირო უნარ-ჩვევები.

ჩემი სამაგისტრო ნაშრომი კანადის ახლო აღმოსავლეთის პოლიტიკას შეეხებოდა 2001-2021 წლებში. კვლევამ საკმაოდ დადებითი შეფასებები მიიღო და სწორედ კანადისმცოდნეობის განვითარების პერსპექტივამ მიბიძგა – დოქტორანტურაშიც ამ მიმართულებით გამეგრძელებინა მუშაობა.

 თქვენი სადოქტოტო კვლევა ეხება ამერიკის უსაფრთხოების ევოლუციასა და აშშ-კანადის ურთიერთობას 1993-2003 წლებში. როგორ აისახება მასში უსაფრთხოების ტრანსფორმაცია აშშკანადის ასიმეტრიული ურთიერთობების, სუვერენიტეტის მართვისა და ამერიკული გლობალური პოლიტიკის კონტექსტში?

– ჩემ მიერ საკვლევად აღებული პერიოდი ჩრდილოეთ ამერიკის გეოპოლიტიკის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ათწლეულია, როდესაც უსაფრთხოების პარადიგმები, ინსტიტუციური სტრუქტურები და სტრატეგიული ხედვები მნიშვნელოვნად შეიცვალა. კვლევის ფარგლებში განსაკუთრებით მაინტერესებს სახელმწიფოებს შორის ასიმეტრიული ურთიერთობები, სუვერენიტეტის მართვის საკითხები და ამერიკის გლობალური პოლიტიკის გავლენა კანადასთან ურთიერთობაზე. ამ ეტაპზე აქტიურად ვმუშაობ ამერიკულ, კანადურ და ევროპულ საარქივო მასალებზე.

გვიამბეთ ბრიტანულ სამეცნიერო გრანტზე.

– ბრიტანული სამეცნიერო-კვლევითი გრანტი FaRiG-ი (Friends of Academic Research in Georgia) 2000 წელს დაარსდა დოქტორ ჯონ უილკინსონის მიერ. ის გახლდათ გამორჩეული ბრიტანელი სასულიერო პირი, არქეოლოგი და მკვლევარი, რომელმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საქართველოს ისტორიისა და კულტურის საერთაშორისო პოპულარიზაციაში. მან თარგმნა ტიმოთე გაბაშვილის „მიმოსვლა“. დოქტორი უილკინსონი დღემდე აგრძელებს ახალგაზრდა ქართველ მეცნიერთა მხარდაჭერას და ქართული აკადემიური ნაშრომების გლობალურ სამეცნიერო სივრცეში ინტეგრაციის ხელშეწყობას.

მიმდინარე წელს ჩემმა პროექტმა გაიმარჯვა პოლონსკის გრანტში, რომელიც საქართველოსა და კავკასიის ებრაული თემების ისტორიასა და კულტურაზე ორიენტირებული კვლევებისთვისაა განკუთვნილი. ჩემი პროექტის თემაა: Personal Correspondence Reflecting Georgian–Jewish Relations During the Great Aliyah  („ქართველთა და ებრაელთა ურთიერთობების ამსახველი პირადი კორესპონდენცია დიდი ალიის პერიოდში“). ეს თემა პირდაპირ არ უკავშირდება ჩემს ძირითად სპეციალობას, თუმცა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ თანამედროვეობაში განათლების მულტიდისციპლინურობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა, რის ნოყიერ ნიადაგსაც სწორედ ამერიკისმცოდნეობა და მსგავსი მრავალდისციპლინური მიმართულებები ამზადებს.

გრანტის ფარგლებში დაგეგმილია საერთაშორისო არქივებში მუშაობა, კვლევის გაფართოება და შედეგების ინგლისურენოვანი აკადემიური სტატიების სახით გამოქვეყნება.

Facebook
Twitter
LinkedIn