ლუკა გალდავა ახერხებს სხვადასხვა პროფესია ერთმანეთს ჰარმონიულად შეუთავსოს
ლუკა გალდავა თსუ-ს ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტია, რომლის ინტერესთა სფერო და პროფესიული საქმიანობა ერთ კონკრეტულ ჩარჩოში არ ექცევა. იგი ერთდროულად ფსიქოლოგიის სტუდენტი, ხმის ინჟინერი, მუსიკოსი, ვიდეოგრაფი და მემონტაჟეა. მიუხედავად იმისა, რომ თითოეული ეს სფერო დიდ ენერგიასა და დროს მოითხოვს, ლუკა ახერხებს სხვადასხვა პროფესია ერთმანეთს ჰარმონიულად შეუთავსოს და საკუთარი თავი მუდმივ, დინამიკურ მოძრაობაში შეინარჩუნოს. საკუთარ უჩვეულო პროფესიულ გზაზე გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებზე მან გაზეთ „თბილისის უნივერსიტეტთან“ ისაუბრა.
ინტერესი ფსიქიატრიისა და ნარკოლოგიის მიმართ
ლუკას აკადემიური ინტერესების ეპიცენტრში ფსიქიატრია და ნარკოლოგიაა – სფეროები, რომლებშიც იგი საკუთარ მომავალს ყველაზე მკაფიოდ ხედავს და საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელებასაც სწორედ ამ მიმართულებით გეგმავს. მისი დაინტერესება ნარკოლოგიით მხოლოდ სამედიცინო ან ქიმიური ასპექტებით არ შემოიფარგლება. როგორც თავად აღნიშნავს, მუსიკალურ ინდუსტრიასა და საკლუბო სივრცეებში ხშირი მუშაობის გამო მას უშუალო შეხება აქვს იმ სოციუმთან, რომლისთვისაც ფსიქოაქტიური სუბსტანციების მოხმარება გართობის თანმდევ პროცესად იქცა. ლუკას მიზანი ამ ტენდენციის სოციალური საფუძვლების კვლევაა.
„საქართველო ძალიან საინტერესო ქვეყანაა სუბკულტურების მხრივ. თუ დააკვირდებით, მსგავსი ტენდენციები ყველაზე მეტად იქ არის გავრცელებული, სადაც თაობებმა კონფლიქტები, სამოქალაქო ომები და დაძაბულობა გამოიარეს. ეს მარტო გართობის სურვილიდან არ მოდის – გამოძახილია, პროტესტი ან გათავისუფლების მცდელობა. დღევანდელი ახალგაზრდების ნაწილი ფიქრობს, რომ თუ შაბათ-კვირას ნივთიერებას მოიხმარენ და ორშაბათიდან ისევ ჩვეულებრივად გაააგრძელებენ მუშაობას, სრულად ჯანმრთელები იქნებიან. მე ამას არ ვეთანხმები და სწორედ ამის სოციალიზაციისა და ნორმალიზების პროცესის გამოკვლევა მაინტერესებს“, – ამბობს ლუკა.
ოპერატორი ფსიქოლოგის უნარებით
აკადემიური ინტერესების პარალელურად ლუკა გალდავა მულტიინსტრუმენტალისტი და ვიდეოგრაფია. გიტარაზე მრავალწლიანი დაკვრის გამოცდილებას მოგვიანებით ხმის ინჟინერიის კურსიც დაუმატა და დღეს უკვე აქტიურად მუშაობს როგორც მუსიკალური პროდიუსერი. რაც შეეხება ვიდეოგრაფიას, ის არაერთ კომერციულ პროექტზე მუშაობს და საკითხს კინემატოგრაფიული ხედვით უდგება. მიუხედავად იმისა, რომ ტექნიკური დეტალების მოგვარება მისთვის სირთულეს არ წარმოადგენს, შემოქმედებით პროცესში ყველაზე დიდ გამოწვევად მაინც ადამიანებთან მუშაობას ასახელებს: გადასაღებ მოედანზე პიროვნების ,,ფსიქოლოგიური გახსნა” და კამერასთან ადაპტაციაში ხელშეწყობა მისთვის ის მთავარი ამოცანაა, რომლის დროსაც ფსიქოლოგისა და ოპერატორის უნარები ერთმანეთს კვეთს.

საუნივერსიტეტო გამოცდილება და ხედვა
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გატარებულ წლებს ლუკა უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს, რადგან, მისი თქმით, უპირველესი, რასაც ეს სივრცე აძლევს, ფასდაუდებელი ცოდნაა. იგი განსაკუთრებული სითბოთი იხსენებს თავის ლექტორებს და მიიჩნევს, რომ თითოეული მათგანი საკუთარი საქმის ნამდვილი პროფესიონალია.
როგორც აქტიურმა და მრავალმხრივმა სტუდენტმა, ლუკამ საუნივერსიტეტო ცხოვრებასთან დაკავშირებით რამდენიმე საყურადღებო მოსაზრება გაგვიზიარა. იგი ფიქრობს, რომ უნივერსიტეტმა საკუთარი სტუდენტების პროფესიული რესურსები უკეთ უნდა აითვისოს. ,,მაგალითად, საუნივერსიტეტო ღონისძიებების ტექნიკური თუ მუსიკალური უზრუნველყოფა ხშირად სწორედ იმ სტუდენტებს შეუძლიათ მაღალ დონეზე შეასრულონ, რომლებიც პარალელურად ამ სფეროებში მოღვაწეობენ” – განმარტავს ლუკა.
ჩვენი რესპონდენტი საკუთარ თავს „სტრეს-მაგისტრს“ უწოდებს. ლოგიკური, კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნება ეხმარება, რომ დღეში 20 საათის განმავლობაში ნონ-სტოპ რეჟიმში იმუშაოს ისე, რომ ხარისხი არ დაკარგოს. თუმცა, ამგვარ გადატვირთულ გრაფიკში მისი მთავარი დასაყრდენი და ენერგიის წყარო არა პროფესიული უნარები, არამედ ბავშვობის მეგობრები არიან.
„ჩემი ძლიერი მხარე ჩემი მეგობრები არიან. მათ გარეშე, იმ ემოციური მხარდაჭერის გარეშე, რასაც ისინი მაძლევენ, ძალიან ბევრი რამ გამიჭირდებოდა. მართალია, ჩემს სფეროში არცერთი არ არის – ძირითადად ექიმები არიან ან ბიზნეს სექტორში მუშაობენ, მაგრამ ბავშვობიდან ერთად მოვდივართ და სწორედ ისინი მაძლევენ ძალას“.
ლუკა გალდავას მაგალითი აჩვენებს, თუ როგორ შეუძლია მიზანდასახულ ახალგაზრდას ერთმანეთთან დააკავშიროს მეცნიერება, ხელოვნება და ტექნოლოგიები. როგორც გვითხრა, გაჩერებას არ აპირებს – ,,მუდმივ მოძრაობაში” ახალი პროექტებითა და გლობალური მიზნებით გეგმავს მომავალს.
