ვენეციაში სწავლისას ლუკა ფადიურაშვილის მიერ გადაღებული ფილმის წარმატებული ისტორია

თარიღი: 2026-03-04 17:19:03

„ბებიის უკანასკნელი ნატვრა“ – ასე ჰქვია მოკლემეტრაჟიან ფილმს, რომელიც ახალგაზრდა რეჟისორმა ლუკა ფადიურაშვილმა ვენეციაში გადაიღო. თსუ-ში მაგისტრატურაზე სწავლისას ლუკამ გაცვლითი პროგრამების კონკურსში გაიმარჯვა და იტალიურ ქალაქში ,,Erasmus +“-ის პროგრამით გაემგზავრა. ფილმის გადაღების იდეაც სწორედ ვენეციაში, კა’ფოსკარის უნივერსიტეტში სწავლისას გაუჩნდა. დღეს იგი უკვე თსუ-ს კურსდამთავრებულია და თავის გამოცდილებაზე გვიყვება.

ლუკა ფადიურაშვილმა თსუ-ში კულტურის კვლევების მიმართულებით ბაკალავრიატი 2021 წელს დაამთავრა, შემდეგ კი მაგისტრატურის საფეხურზე სწავლა კულტურული და სოციალური ანთროპოლოგიის განხრით განაგრძო. მიუხედავად იმისა, რომ პროფესიული არჩევანი ჯერ კიდევ 12 წლის ასაკში გააკეთა და რეჟისორობა სურდა, გადაწყვიტა, მხოლოდ კინოხელოვნების შესწავლით არ შემოფარგლულიყო. მისი მიზანი სხვა დისციპლინების სწავლა და მათი კინოში ,,ინტეგრირება“ იყო.

„სულ მინდოდა, ცოდნა კულტურისა და ლიტერატურის მიმართულებით გამეღრმავებინა და ეს სფეროები ჩემი შემოქმედების შთაგონების წყაროდ მექცია. კულტურული კვლევები, რომლებიც სოციოლოგიას, ეთნოლოგიას, ანთროპოლოგიასა და მეხსიერების კვლევებს აერთიანებს, ინტერდისციპლინური ბუნებისაა. თსუ-ში სწავლისას აღმოვაჩინე ვიზუალური ანთროპოლოგია და მივხვდი, რომ განვითარება ამ კუთხით შემეძლო“, – ამბობს ლუკა.

ჩვენი რესპონდენტი ვენეციას მუზეუმს ადარებს – ქალაქს, რომელიც ადამიანს ,,თითოეული წამის დაფიქსირებისკენ” უბიძგებს. ფილმის შექმნის ისტორიაც ერთი შემთხვევითი შეხვედრით დაიწყო. ვენეციის ჩინური კინოს ფესტივალზე მან მალაიზიელი სტუდენტი ადამ ზაქარია გაიცნო, რომლის მიმართაც პროფესიული ინტერესი, როგორც ანთროპოლოგიის მიმართულების სტუდენტს, გაუჩნდა. ,,აღმოჩნდა, რომ ადამი მუსლიმი იყო, ჰყავდა ჩინელი ბებია და მის იდენტობაში ერთმანეთს ერწყმოდა ისლამი, ჩინური კულტურა და ავსტრონეზიული ფესვები. ეს მულტიკულტურული სინთეზი ჩემთვის აღმაფრთოვანებელი იყო“, – იხსენებს ლუკა.

სწორედ ადამი გახდა ფილმის მთავარი გმირი. გადაღებები თავდაპირველად ლუკას საცხოვრებელ სახლში დაიწყო, ღამის სცენებისთვის კი გადასაღებ მოედნად ვენეციის ისტორიული ქუჩები იქცა. აღსანიშნავია ისიც, რომ ფილმი სრულად მობილური ტელეფონით არის გადაღებული.

სიუჟეტი ახალგაზრდა მალაიზიელ მუსიკოსზე მოგვითხრობს, რომელიც ვენეციაში ბებიის ანდერძის შესასრულებლად ჩადის – მან გარდაცვლილის ფერფლი მისი საყვარელი კომპოზიტორის იგორ სტრავინსკის საფლავზე უნდა მიიტანოს. თუმცა, როდესაც ფერფლს მოპარავენ, ადამი უცხო ქალაქში ეჭვებსა და გაურკვევლობაში მარტო რჩება.

ლუკა ფადიურაშვილის თქმით, ნამუშევარი დეტერმინიზმის პრობლემატიკას ეხმიანება: „ფილმში დასმულია ფილოსოფიური კითხვა: რამდენად განსაზღვრულია ადამიანის ქმედებები? მოვლენები ღვთიური ნებაა თუ თავად ადამიანი ქმნის საკუთარ ბედს? გარდა იმისა, რომ მთავარი პერსონაჟი დაკარგულ ფერფლს ეძებს, ის შინაგან მოგზაურობასაც გადის და პასუხებს სამყაროსგან ელის“.

ფილმის ჩვენება უკვე გაიმართა თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალსა და ქუთაისის მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალზე. „ჩვენების შემდეგ კითხვა-პასუხის რეჟიმი ძალიან სასიამოვნო იყო. მე და ფილმის მემონტაჟემ, ლევან ჭყონიამ, ბევრი ვიმუშავეთ, რათა მაყურებელს საფიქრალი დარჩენოდა. როდესაც აუდიტორიისგან ისეთ მოსაზრებებს ისმენ, როგორიც თავად ნაფიქრიც არ გქონდა, ეს რეჟისორისთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ჯილდოა“, – აღნიშნავს ავტორი.

ლუკას სამომავლო გეგმები საერთაშორისო აუდიტორიის წინაშე ფილმის გატანას უკავშირდება. რეჟისორს სურს, ნამუშევარი იტალიელმა და მალაიზიელმა მაყურებელმაც ნახოს, რადგან ფილმის მთავარი ღირსება სწორედ მულტიკულტურული ელემენტების თანაარსებობაა.

Facebook
Twitter
LinkedIn