ვიგოს უნივერსიტეტში გატარებული ერთი სემესტრი
თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტმა ლუკა ძაძამიამ 2024 წლის შემოდგომის სემესტრი ესპანეთში, ვიგოს უნივერსიტეტში გაატარა გაცვლითი პროგრამის ფარგლებში.
„ესპანეთის უნივერსიტეტში სწავლის პერიოდი ჩემთვის გამორჩეულად შთამაგონებელი იყო და ჩემი განვითარების საწინდარი აღმოჩნდა. პროფესორებთან შინაარსიანი და თავისუფალი ურთიერთობისას ხშირად ვგრძნობდი თავს არა მხოლოდ სტუდენტად, არამედ დისკუსიის აქტიურ მონაწილედ“, – გვიამბობს ლუკა.
ლექციების მიღმა იგი აქტიურად იყო ჩართული დამატებით აქტივობებში. განსაკუთრებით დაამახსოვრდა იმიტირებული სასამართლო პროცესი, რომელიც უნივერსიტეტის პროფესორების ორგანიზებით ჩატარდა.
სემესტრის განმავლობაში ლუკამ საგადასახადო, საკონსტიტუციო და ევროკავშირის სამართლის და, ასევე, ესპანური ენის კურსები გაიარა. ამბობს, რომ საგნების შერჩევისას ორი კრიტერიუმი ჰქონდა: „პირველ ყოვლისა, მინდოდა, შერჩეული კურსები დამხმარებოდა საქართველოს სამართლებრივი სივრცის უკეთ აღქმაში ევროკავშირთან მიმართებით, განსაკუთრებით იმ ასპექტებში, რომლებიც ევროინტეგრაციის სამართლებრივ საფუძვლებს ეხება. მეორე მხრივ, ვცდილობდი ისეთი საგნების არჩევას, რომლებიც ჩემს ძირითად სასწავლო პროგრამასთან მაქსიმალურად თანხვედრაში იქნებოდა, რათა საქართველოში დაბრუნებისას აკადემიური აღიარება გამარტივებულიყო“.
ლუკას ყველაზე გამორჩეულ საგნად ევროკავშირის სამართალი მიაჩნია: „ამ კურსმა არა მხოლოდ საფუძვლიანი წარმოდგენა მომცა ევროკავშირის ინსტიტუციური სტრუქტურისა და სამართლებრივი მექანიზმების შესახებ, არამედ დამეხმარა უკეთესად გამეაზრებინა საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობები“.
ლუკა თსუ-სა და ვიგოს უნივერსიტეტს შორის არსებულ განსხვავებებსაც მიმოიხილავს: „თსუ-ში სწავლება უფრო თეორიულ ცოდნაზეა ორიენტირებული, რაც ძლიერი საფუძველია სამართლის სიღრმისეულად გასაგებად. მეორე მხრივ, ესპანურ უნივერსიტეტში, კერძოდ, იმ ფაკულტეტზე, სადაც მეც ვსწავლობდი, სწავლა ბევრად უფრო პრაქტიკულ ელემენტებზე იყო დაფუძნებული. ლექციების დიდი ნაწილი დისკუსიურ ფორმატში მიმდინარეობდა, ხშირად ვიყენებდით რეალურ საქმეებს, რომლებსაც მოსამართლეთა გადაწყვეტილების საფუძველზე ვაანალიზებდით“. რაც შეეხება მსგავსებებს, ლუკა ამბობს, რომ ორივე უნივერსიტეტში იგრძნობა, რომ სამართლის სწავლება მიმდინარეობს ეროვნულ ფესვებზე აქცენტირებით და რომ ორივე უნივერსიტეტის ლექტორები სტუდენტების ცოდნის გაღრმავებაზე არიან ორიენტირებულნი.
ესპანეთში გატარებული სემესტრი ლუკასთვის, აკადემიური გამოცდილების დაგროვების გარდა, მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული გაკვეთილების მიღებითაც აღინიშნა: „ლექციების შემდეგ უნივერსიტეტის ეზოში, ქუჩის კაფეებსა თუ პარკებში ყოველთვის შეამჩნევთ სტუდენტებს და ადგილობრივებს, რომლებიც ერთად სხედან, საუბრობენ, კითხულობენ ან უბრალოდ ერთობიან, თითქოს დროის ფასი უკეთესად იციან, მაგრამ არ ჩქარობენ. ეს მათი ცხოვრების მარტივი დეტალია, მაგრამ ჩემთვის მნიშვნელოვანი აღმოჩნდა… ამ ყველაფერმა მასწავლა, როგორ დავაფასო ყოველდღიური მომენტი და როგორ ვიპოვო სიამოვნება იმაშიც კი, რაც ადრე რუტინად მიმაჩნდა“.
გაცვლითი სემესტრის განმავლობაში ლუკამ რამდენიმე ევროპულ ქვეყანაშიც იმოგზაურა და გაგვიმხილა ის შთაბეჭდილებები, რაც საფრანგეთის, პორტუგალიის, გერმანიის, ნიდერლანდების, ლუქსემბურგისა და უნგრეთის ხილვამ მასში გამოიწვია: „საფრანგეთში მომხიბლა ისტორიისა და არქიტექტურის სინთეზმა, განსაკუთრებით პარიზში არსებული მუზეუმების მრავალფეროვნებამ. პორტუგალიაში კი ყველაზე მეტად ხალხის სითბო და ზღვისპირა ქალაქების მშვიდი, მზიანი ატმოსფერო დამამახსოვრდა. გერმანიაში ვიგრძენი წესრიგის გავლენა ყოველდღიურ ცხოვრებაზე, როცა ყველაფერს აქვს თავისი ადგილი და დრო. ნიდერლანდებში აღფრთოვანებული დავრჩი მათი ,,ინკლუზიური“ საზოგადოებითა და თანამედროვე ურბანული გარემოთი, სადაც ველოტრანსპორტირებაა წარმოუდგენლად განვითარებული. ლუქსემბურგი სიმყუდროვითა და მულტილინგვური გარემოთი გამორჩეული აღმოჩნდა, უნგრეთში კი ,,ისტორიული შრეების“ სიმძაფრემ მიიპყრო ჩემი ყურადღება“.
მიუხედავად იმისა, რომ, თავდაპირველად, ლუკა ძაძამია გაცვლით პროგრამაში მონაწილეობას აკადემიური გამოცდილების მიღებისთვის კარგ საშუალებად განიხილავდა, სემესტრის ბოლოს ის უკვე საკუთარ თავსაც გამოუტყდა – რომ უცხოეთში სწავლამ მეტი თავდაჯერებულობა და დამოუკიდებლობა შესძინა. ,,პირველად აღმოვჩნდი სრულიად უცხო გარემოში, სხვა ენაზე მოსაუბრე საზოგადოებაში, სრულიად განსხვავებული წესებისა და კულტურის მქონე რეალობაში და სწორედ ამ დროს გავაცნობიერე, რომ ყველაზე დიდი ძალა ჩემშია“, – აღნიშნა ლუკამ.
