ლუკა ჭეჟიამ ერთი სემესტრი ბრემენის უნივერსიტეტში ისწავლა

თარიღი: 2026-10-14 14:52:53

გერმანიაში, ჰარცის მთებში, ბროკენის მწვერვალზე დგას ერთი სიმბოლური დაფა, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა დედაქალაქამდე მანძილს აჩვენებს. თბილისიდან 3532 კილომეტრით დაშორებული სწორედ ეს მწვერვალი დალაშქრა ლუკა ჭეჟიამ, თსუ-ს ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) სტუდენტმა, რომელმაც ,,ერასმუს +”-ის გაცვლითი პროგრამით ერთი სემესტრი ბრემენის უნივერსიტეტში ისწავლა. ევროპის ერთ-ერთ ყველაზე განვითარებულ ქვეყანაში, გერმანიაში, დამოუკიდებლად ცხოვრება და განსხვავებულ სასწავლო სისტემასთან ადაპტაცია, მისი თქმით, გამოწვევა აღმოჩნდა, რომლის დაძლევაც წარმატებით მოახერხა.

ბრემენის უნივერსიტეტში ლუკამ ეკონომიკის მიმართულებით ისეთი საგნები გაიარა, როგორებიცაა: კონკურენციის, ქცევითი და მდგრადობის ეკონომიკა; გარემოსდაცვითი მაკროეკონომიკა და ინოვაციების პოლიტიკა. როგორც ჩვენთან საუბარში ამბობს, თითოეული საგანი საინტერესო იყო, თუმცა ყველაზე დიდი გამოცდილება მაინც ვრცელ კვლევით ნაშრომებზე მუშაობისას მიიღო. აკადემიურ სირთულეებთან გამკლავება რომ შეძლო, ამ მხრივ თსუ-ის დიდ წვლილზე ამახვილებს ყურადღებას: „მყარი საფუძველი სწორედ ISET-ში მივიღე. აკადემიური ნაშრომის წერის პირველი გამოცდილება და სემინარის ჩატარების შესაძლებლობა აქ მომეცა, რამაც მეტი თავდაჯერებულობა შემძინა და ჩემი შესაძლებლობების ობიექტურად შეფასებაში დამეხმარა“.

ლექციების პარალელურად, ლუკა ბრემენის ერასმუსის სტუდენტური ორგანიზაციის (ESN) ღონისძიებებში მონაწილეობდა. ყოველკვირეულ მარათონებზე, თემატურ საღამოებსა და ფესტივალებზე მან იტალიიდან, ესპანეთიდან, ბრაზილიიდან, უკრაინიდან და მექსიკიდან ჩამოსული თანატოლები გაიცნო. სწორედ მათთან ერთად გაატარა  სემესტრის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეული დღე — დალაშქრა ბროკენის მწვერვალი და ჰარცის მთებს ზემოდან გადმოხედა.

გერმანიაში სწავლის პერიოდში ლუკამ მოგზაურობაც შეძლო და ჰამბურგს, ჰანოვერსა და ბერლინს ესტუმრა. „ბერლინის მთავარი ღირსშესანიშნაობები მეგობრებთან ერთად დავათვალიერე, თუმცა ჩემზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება ბერლინის საკათედრო ტაძარმა დატოვა. მისი დახვეწილი არქიტექტურა და ის ულამაზესი პანორამული ხედი, რომელიც გუმბათიდან იშლება, არასდროს დამავიწყდება, “ – იხსენებს სტუდენტი.

როდესაც ლუკა ჭეჟიას მისი წარმატების ისტორიაზე ვკითხეთ, გვიამბო: „ყველა ჩანაფიქრი ყოველთვის არ გამომსვლია, თუმცა ეს დანებების მიზეზი არ გამხდარა. პირიქით, თითოეული სირთულე ახალ გზას მიხსნიდა და საკუთარი მიზნების გადაფასების საშუალებას მაძლევდა. ჩემი წარმატება არა მხოლოდ ჩემი, არამედ ოჯახის, მეგობრებისა და ლექტორების დამსახურებაცაა, რომელთა მხარდაჭერაც წინსვლისკენ მუდმივად მიბიძგებს“ – ამბობს ლუკა. მან ოქროს მედალზე დაასრულა სკოლა, შემდგომ კი არაერთხელ მოიპოვა სახელმწიფოს საუნივერსიტეტო და ზუგდიდის მერიის სტიპენდიები.

მომავალი ეკონომისტი ISET-ში ბაკალავრიატის დამთავრების შემდეგ სწავლის გაგრძელებას მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში აპირებს. მისი კარიერული მიზანი საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებში მუშაობაა, საბოლოოდ კი სურს, რომ დაგროვილი ცოდნითა და გამოცდილებით საქართველოს განვითარებაში შეიტანოს წვლილი.

Facebook
Twitter
LinkedIn