ელისაბედ (ლიზი) ანთაძის ოცნებისკენ გადადგმული ნაბიჯი
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტი ელისაბედ (ლიზი) ანთაძე დარწმუნებულია, რომ პროფესიული წარმატების საფუძველი ხარისხიანი განათლებაა. სწორედ ამ რწმენამ განაპირობა მისი არჩევანი – სწავლა გაეგრძელებინა ქვეყნის უძველეს და ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ უნივერსიტეტში.
როგორც ელისაბედი ამბობს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ყოველთვის გამოირჩეოდა მაღალი ხარისხის განათლებითა და წარმატებული კურსდამთავრებულებით. მისი მოლოდინი იყო, რომ უნივერსიტეტში პროფესიონალი ლექტორებისგან მიღებული ცოდნა მომავალ კარიერაში მნიშვნელოვან საყრდენს შეუქმნიდა. „მიუხედავად იმისა, რომ ჯერ მხოლოდ მეორე კურსის სტუდენტი ვარ, უნივერსიტეტმა უკვე მომცა ახალი ცოდნა, საინტერესო გამოცდილება და განვითარების კიდევ უფრო მეტი მოტივაცია. აქ შევიძინე მეგობრები, ვისწავლე გუნდური მუშაობა და უკეთ გავიცანი სტუდენტური ცხოვრების მრავალფეროვნება“, – აღნიშნავს ის.
იურიდიულ ფაკულტეტზე ელისაბედი მობილობის წესით გადავიდა. მისი თქმით, სამართალი ყოველთვის იყო ის სფერო, რომელიც ყველაზე მეტად აინტერესებდა და საკუთარ მიზნებსა და ინტერესებს სწორედ ამ სპეციალობას უკავშირებდა. მობილობის პროცესი, როგორც თავად ამბობს, პასუხისმგებლობასა და ყველა აუცილებელი დოკუმენტის დროულად მომზადებას მოითხოვდა. მიუხედავად იმისა, რომ ახალ სასწავლო გარემოსთან, პროგრამასთან და განსხვავებულ აკადემიურ მოთხოვნებთან შეგუება თავდაპირველად გარკვეულ სირთულეებთან იყო დაკავშირებული, დროთა განმავლობაში ადაპტაცია წარმატებით შეძლო: „დღეს დარწმუნებული ვარ, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე. იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლა ჩემი ოცნების ახდენაა“, – ამბობს იგი.
სასწავლო პროცესში განსაკუთრებულად გამოარჩევს ლექტორებს – ნუგზარ სურგულაძეს, თამარ ზარანდიასა და გულიკო ფერაძეს. მისი შეფასებით, სწორედ მათმა პროფესიონალიზმმა და სწავლების მეთოდებმა სამართლის საგნები კიდევ უფრო საინტერესო და საყვარელი გახადა.
ელისაბედის აზრით, უნივერსიტეტში თეორიულ ცოდნასთან ერთად პრაქტიკული კომპონენტის გაძლიერებაც მნიშვნელოვანია. მისი შეფასებით, პრაქტიკული გამოცდილება სტუდენტებისთვის აუცილებელია, რადგან სწორედ რეალურ გარემოში მიღებული გამოცდილება ეხმარება მომავალ იურისტს პროფესიული უნარების სრულყოფაში.
მიუხედავად იმისა, რომ საუნივერსიტეტო აქტივობებში აქტიურად ჩართვა ჯერ ვერ მოასწრო, საკუთარ ყველაზე დიდ მიღწევად სწორედ იურიდიულ ფაკულტეტზე გადასვლასა და სასურველი პროფესიის დაუფლების დაწყებას მიიჩნევს.
სამომავლოდ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს საერთაშორისო გამოცდილების მიღებას. მისი სურვილია მონაწილეობა მიიღოს გაცვლით პროგრამებში, რაც, მისი აზრით, შესაძლებლობას მისცემს გაეცნოს სხვა ქვეყნის განათლების სისტემას, გაიღრმაოს პროფესიული ცოდნა, გაიფართოოს საერთაშორისო კონტაქტები და გაიუმჯობესოს უცხო ენის ცოდნა: „ვფიქრობ, ასეთი გამოცდილება ჩემს მომავალ კარიერაში ძალიან მნიშვნელოვანი და სასარგებლო იქნება“, – აღნიშნავს ელისაბედი.
მისი სამომავლო მიზანი პროფესიის საფუძვლიანად დაუფლება, ახალი გამოცდილების დაგროვება და კვალიფიკაციის შესაბამისი სამსახურის პოვნაა. იგი დარწმუნებულია, რომ მიზანმიმართული შრომა, მუდმივი სწავლა და პროფესიული განვითარება წარმატების მიღწევის საუკეთესო გზაა.
