უნივერსიტეტში 100%-იანი გრანტით მოხვედრილი ლიზი ნებიერიძის ქარიზმატული იდეები
,,პატარა ელჩი საქართველოდან“ – ასე მოიხსენიებდნენ ლიზის ამერიკაში, სადაც მან, FLEX პროგრამის ფარგლებში, ერთი აკადემიური წელი გაატარა, სანამ უნივერსიტეტში ჩააბარებდა.
ერთმა პატარა ქართველმა ამერიკელებს ლამის მთელი საქართველო გააცნო და ჩვენს ქვეყანაზე ბევრს საოცარი წარმოდგენა შეუქმნა. მასზე ადგილობრივ გაზეთებშიც დაიწერა და ის ოჯახიც გაახარა ამერიკაში, სადაც ერთი წელი შვილობილად მიიღეს. აი, რას ჰყვება თავის პირველ დიდ გამოცდილებაზე ლიზი ნებიერიძე: ,,ჩემთვის ყველაზე დიდი პირადი წარმატება იყო FLEX პროგრამაში გამარჯვება და გაცვლით სტუდენტად აშშ-ში ერთი აკადემიური წლის გატარება. ბავშვობიდან მიზნად მქონდა დასახული საზღვარგარეთ სწავლა და სწორედ ამ პროგრამამ მომცა ამის შესაძლებლობა. რთული და მრავალსაფეხურიანი კონკურსის შემდეგ პირველივე ცდაზე მოვახერხე გამარჯვება და მეთერთმეტე კლასი ოჰაიოში გავატარე. ამ გამოცდილებამ არა მხოლოდ აკადემიური, არამედ პიროვნული განვითარებაც შემაძლებინა – მასწავლა დამოუკიდებლობა, შემძინა პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და უკეთ გავითავისე სხვათა კულტურაც. ამასთან, მოვახერხე მონაწილეობა მიმეღო CEW (Civic Education Workshop) პროგრამაში, რომლის ფარგლებშიც ამერიკის სამოქალაქო განათლების შესახებ ცოდნა გავიღრმავე. განსაკუთრებით კი იმით ვარ ამაყი, რომ ამერიკაში ყოფნისას ორჯერ დაიწერა ჩემზე სტატია ადგილობრივ გაზეთში, რომლის საშუალებითაც ჩემი ქვეყნის შესახებ ბევრ ადამიანს მივაწოდე ინფორმაცია. ამას ვთვლი არა მხოლოდ პირად, არამედ პატარა პროფესიულ წარმატებადაც, რადგან შევძელი საქართველოს გაცნობა საზღვრებს მიღმა მცხოვრებთათვის“, – ამბობს ლიზი.
ლიზი ნებიერიძე წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი გახდა და 100%-იანი გრანტით ჩაირიცხა იურიდიულ ფაკულტეტზე. ამბობს, რომ თსუ-ს ისტორია და ტრადიციები მისთვის ყოველთვის საინტერესო იყო: ,,თსუ საქართველოს ყველაზე გავლენიანი, უდიდესი ტრადიციების მქონე უნივერსიტეტია. ვიცი, რომ ამ უნივერსიტეტმა არაერთი დიდი პიროვნება აღზარდა, რომლებმაც ქვეყნის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს. მინდოდა მეც ამ გარემოს ნაწილი გავმხდარიყავი, მიმეღო საუკეთესო აკადემიური გამოცდილება და მესწავლა იმ ახალგაზრდებთან ერთად, ვისაც საზოგადოების შეცვლა სურს“.
ლიზის, როგორც პირველსემესტრელს, არ გასჭირვებია საუნივერსიტეტო გარემოში თავის დამკვიდრება, თუ შეიძლება ასე ითქვას. ის აქედანვე მოხიბლულია უნივერსიტეტის სივრცეში პირველივე დღეებიდანვე შეთავაზებული იმ სიახლეებით, რაც სწრაფადვე აითვისა. მისი თქმით, ლექტორები და ადმინისტრაცია მზად იყვნენ პირველსემესტრელების ყველა კითხვაზე პასუხის გასაცემად. ,,მართალია, ახალ გარემოს თავისი სირთულე აქვს, მაგრამ მხარდაჭერა იგრძნობოდა“, – აღნიშნავს ლიზი ჩვენთან საუბრისას.
ლიზი ნებიერიძე აქედანვე ფლობს ინფორმაციას იმ შესაძლებლობების შესახებ, რაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სივრცეშია დამკვიდრებული სტუდენტთათვის. ამის გათვალისწინებით პირველკურსელი გვიმხელს თავის სურვილებს, რაც მის მიერ პირველ ნომრად არჩეულ უნივერსიტეტს უკავშირდება. ,,მინდა, თსუ-ში სწავლისას მაქსიმალურად გამოვიყენო უნივერსიტეტის შესაძლებლობები – ჩავერთო საერთაშორისო პროექტებში, გაცვლით პროგრამებსა და დისკუსიებში, სადაც სტუდენტები ერთმანეთისგან სწავლობენ და საერთო ძალებით ცდილობენ თანამედროვე გამოწვევებზე ფიქრსა და გადაწყვეტილებების ძიებას. ჩემთვის მნიშვნელოვანი იქნება არა მხოლოდ მაღალი აკადემიური მოსწრებით უნივერსიტეტის დამთავრება, არამედ ისიც, რომ ამ გზაზე ჩამოვყალიბდე როგორც აქტიური, პასუხისმგებლიანი და პროგრესული მოქალაქე, რომელიც მომავალში ცოდნასა და გამოცდილებას ქვეყნის განვითარებას მოახმარს“, – ასე ფიქრობს ლიზი, რომელსაც წინასწარ აქვს გათვლილი სტუდენტურ ცხოვრებაში აქტიური მონაწილეობის მიღება. მას დიდი სურვილი და მოლოდინიც აქვს, რომ სტუდენტურ ცხოვრებას მეგობრულ ატმოსფეროში გაატარებს და რომ ყველასთვის იარსებებს სივრცე თავისუფალი იდეების გასაზიარებლად.
ლიზის სამომავლო მიზნებიც გაცხადებული აქვს და აქედანვე მოტივირებულია, რომ მის მიერ არჩეული სპეციალობა – საერთაშორისო სამართალი – სიღრმისეულად შეისწავლოს. ,,მსურს, ერთ დღეს აქტიურად ჩავერთო დიპლომატიურ ურთიერთობებში, ვიყო საერთაშორისო ორგანიზაციების წევრი ან მონაწილეობა მივიღო ისეთ საქმიანობაში, რომელიც ჩემს ქვეყანას ევროპულ და გლობალურ პროცესებთან უკეთესად დააკავშირებს. გარდა ამისა, ვგეგმავ სწავლა გავაგრძელო საზღვარგარეთ და შევიძინო ცოდნა, რომელიც ჩემს მომავალ პროფესიულ განვითარებას უმნიშვნელოვანესად დაეხმარება“, – ასეთი სამომავლო გეგმები აქვს ლიზის, რომელიც თავის გეგმებს იმ ოცნებას ადარებს, რაც აუცილებლად სრულდება. მას სჯერა იმ ოცნებების ახდენის, რომელსაც მთელი სულითა და გულით ჩაუთქვამს და რომლის განსახორციელებლადაც მცდელობებს თავადაც არ დააკლებს. ასეთი ქარიზმა მოდგამთ ხოლმე, ზოგადად, იმ ბავშვებს, რომელთაც ობლობის ტკივილი გამოსცადეს. მათ რიცხვშია ლიზი ნებიერიძეც, რომელიც მარტოხელა დედამ გაზარდა მამის ტრაგიკულად დაღუპვის შემდეგ. ის ემოციები, რომელიც ბავშვობიდან მოჰყვება, ლიზის უკეთესი ცხოვრებისთვის ბრძოლის უნარიანობას ჰმატებს და ჩვენი ბოლოთქმაც ეს არის: სწორედ რომ ასეთი ადამიანებისთვის ,,შეითქმება” ხოლმე სამყარო – დიდ-პატარად მოვლენილს ხელი შეაშველოს სამომავლოდ გასაკაფ გზაზე.
