გზა ლიდერობისკენ – ლიზა კუნცევა

თარიღი: 2025-11-21 13:43:07

თანამედროვე სტუდენტური სივრცე უამრავ შესაძლებლობას აჩენს, თუმცა ყოველთვის ადვილი არ არის საკუთარი გზის პოვნა, ინტერესების იდენტიფიცირება და მიზნების ჩამოყალიბება. ლიზა კუნცევა სწორედ იმ ახალგაზრდა ლიდერების კატეგორიას მიეკუთვნება, რომლებიც საკუთარ გამოცდილებას არა მხოლოდ პირადი განვითარების, არამედ თანატოლების მოტივირებისა და სამოქალაქო განათლების გაძლიერებისთვის იყენებენ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სოციოლოგიის მიმართულების სტუდენტი დღეს უკვე აქტიური მონაწილეა სხვადასხვა მოდელირებაში, საგანმანათლებლო პროექტსა თუ ახალგაზრდულ ინიციატივაში, ხელმძღანელობს UNHCR კომიტეტს ორგანიზაციაში „საქართველოს ახალგაზრდა დიპლომატები“.

ლიზას თქმით, ბავშვობაში ექიმობაზე ოცნებობდა, შემდგომ – ფსიქოლოგიაზე, მაგრამ ერთიანი ეროვნული გამოცდების შემდეგ აღმოჩნდა, რომ არჩევანი სხვანაირად უნდა ჩამოყალიბებულიყო. „გული მეტკინა, რადგან ვერ მოვხვდი სასურველ ფაკულტეტზე“, – იხსენებს ლიზა, თუმცა სწორედ ამ წარუმატებლობის შემდეგ იპოვა საკუთარი გზა – სოციოლოგია, დისციპლინა, რომელსაც დღეს მისი პროფესიული წარსული და მომავალი უკავშირდება.

ლიზას ლიდერული თვისებები მოდელირების პროცესში გამოიკვეთა. ვარშავაში გაცვლით პროგრამაში მონაწილეობამ მის წინაშე სრულიად ახალი სამყარო გახსნა და საქართველოში დაბრუნებისთანავე ჩაერთო გაეროსა და ევროკავშირის მოდელირებებში. პირველივე მოდელირებაში ის პაკისტანის წარმომადგენელი იყო და ტექნოლოგიების კომიტეტში შედარებით ,,სუსტი ქვეყნის” პოზიციების დაცვა მოუწია. ეს გამოწვევა გამარჯვებით დასრულდა და ლიზა საუკეთესო დელეგატი გახდა: „მომენტი, როცა ჩემი სახელი გამოაცხადეს, იყო დაუვიწყარი… მივხვდი, ჩემს ცხოვრებაში იწყებოდა რაღაც ახალი“, – იხსენებს ის.

დღეს ლიზა მოდელირების პროცესში თავადაც ხელმძღვანელის როლს ასრულებს და განსაკუთრებით ელის ახალგაზრდა მონაწილეებთან მუშაობას. მისი მოსაზრებით, საკუთარი გზა იოლი გასაკვალია რთული და მრავალფეროვანი ინტერესების პირობებშიც კი, თუ გარემო განვითარებაზეა ორიენტირებული, ამიტომაც ახლა თავად ცდილობს თანატოლებისთვის შექმნას ასეთი გარემო – ამ ეტაპზე ლიზა მეგობრებთან ერთად მუშაობს იმისთვის, რომ  დააარსოს  ახალი ორგანიზაცია  „სოციოსფერო“, რომლის მისიაც იქნება ახალგაზრდებისთვის სოციოლოგიის, როგორც მეცნიერების, მნიშვნელობის გაცნობა.

ორგანიზაციის პირველი დიდი პროექტი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის მოდელირებას გულისხმობს. ეს იქნება პირველი ასეთი ღონისძიება საქართველოში, რომელიც 2026 წლის დასაწყისში ჩატარდება და რომლის ფარგლებშიც მონაწილეებს სამდღიანი ინტენსიური სამუშაო ელით. შედეგად, დელეგატებს სამეცნიერო კონფერენციაზე წარგზავნა, მნიშვნელოვანი პრიზები და საზღვარგარეთ სწავლის 100%-იანი დაფინანსების შესაძლებლობაც ელოდებათ.

მომავალში „სოციოსფერო“ ახალგაზრდებისთვის სოციოლოგიურ კვლევებს, ლექციებსა და სემინარებსაც გეგმავს. ორგანიზაცია დამოუკიდებელია, თუმცა თანამშრომლობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან.

ლიზა კუნცევა იმ ახალგაზრდის მაგალითია, რომელიც საკუთარ გზას მუდმივად თავად აყალიბებს. ეს არის ამბავი მოტივირებულ, განვითარებაზე ორიენტირებულ სტუდენტზე, რომლის ყველა ნაბიჯი ნათლად აჩვენებს: ლიდერობა მხოლოდ სტატუსი არაა – ის ყოველდღიური შრომაა საკუთარი თავის უკეთეს ვერსიად ჩამოყალიბებისთვის.    

ნია ნიჟარაძე

თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის

ჟურნალისტიკის და მასობრივი კომუნიკაციების მიმართულების სტუდენტი

Facebook
Twitter
LinkedIn