90 წელი ეროვნული ლიტერატურის სამსახურში: თსუ-ში XVIII საერთაშორისო სიმპოზიუმი გაიხსნა

თარიღი: 2026-09-28 21:47:26

წელს თსუ-ს შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი დაარსებიდან 90 წლის იუბილეს აღნიშნავს. ამ მნიშვნელოვან თარიღს მიეძღვნა რიგით XVIII საერთაშორისო სიმპოზიუმი „ლიტერატურათმცოდნეობის თანამედროვე პრობლემები“, რომელმაც 170-მდე მკვლევარს მოუყარა თავი იაპონიიდან, დიდი ბრიტანეთიდან, საფრანგეთიდან,  სერბეთიდან, პოლონეთიდან, ბულგარეთიდან, უკრაინიდან, ლიეტუვიდან, ლატვიიდან,  თურქეთიდან,  სომხეთიდან და მსოფლიოს  სხვა ქვეყნებიდან; ასევე – თბილისისა და საქართველოს რეგიონების  სამეცნიერო-კვლევითი და საუნევირსეტიტო ცენტრებიდან.    სიმპოზიუმი თემატურია და ყოველწლიურად კონკრეტულ აქტუალურ საკითხს ეძღვნება.  წლევანდელ სიმპოზიუმზე წარმოდგენილი იყო „ომისა და მშვიდობის თემა თანამედროვე მსოფლიო ლიტერატურასა და კულტურაში“. მომხსენებლებმა  განიხილეს როგორც რეგიონული და ეთნიკური კონფლიქტების ასახვა ტექსტებში, ისე ამ თემების წარმოჩენა ვიზუალურ ხელოვნებასა და ციფრულ მედიაში.

XVIII  საერთაშორისო ლიტერატურატმცოდნეობითი სიმპოზიუმის გახსნის საზეიმო ცერემონია ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში შედგა და  ინსტიტუტის საიუბილეო თარიღს მიეძღვნა. გახსნას ესწრებოდნენ თსუ-ს რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია,  სხვა საპატიო სტუმრები. ღონისძიება  არაერთი დასამახსოვრებელი ეპიზოდით იყო დატვირთული: უნივერსიტეტში ნაყოფიერი სამეცნიერო და პედაგოგიური საქმიანობისთვის, პროფესორი ირმა რატიანი ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედლით დაჯილდოვდა, თსუ-ის მუზეუმმა კი ფოტოგამოფენასა და საიუბილეო წიგნის – „ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი ამბებსა და ფოტოებში“ – პრეზენტაციას უმასპინძლა.

 „1936 წლის შემდეგ ჩვენმა ინსტიტუტმა მართლაც ბევრი ქარტეხილი გამოიარა, არაერთ პოლიტიკურ რეჟიმს გაუძლო, მაგრამ მაინც შეინარჩუნა ერთგულება ეროვნული ლიტერატურისადმი და, ასე ვთქვათ, ააშენა ქართული ლიტერატურათმცოდნეობითი კვლევების პირამიდა“ – აღნიშნა ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის დირექტორმა, პროფესორმა ირმა რატიანმა გაზეთ ,,თბილისის უნივერსიტეტთან” საუბარში.

საყურადღებოა, რომ თსუ-ს ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის ისტორია აკადემიკოს კორნელი კეკელიძის სახელსა და მის ,,შორსმჭვრეტელურ” ხედვას უკავშირდება. როგორც ინსტიტუტის ამჟამინდელი დირექტორი სიმპოზიუმის გახსნაზე იხსენებდა, 90 წლის წინ ლიტერატურის კვლევა გაერთიანებული იყო ენის, ლიტერატურის, ხელოვნებისა და ისტორიის  კვლევითცენტრში (ელხი). სწორედ კორნელი კეკელიძის ინიციატივითა და თსუ-ს ხელშეწყობით გამოიყო ლიტერატურათმცოდნეობა დამოუკიდებელ სფეროდ. „თუ არა ჩვენ, აბა სხვა ვინ გააკეთებს ამ საქმეს?!“ – აკადემიკოსის ამ ისტორიულმა ფრაზამ ჩაუყარა საფუძველი ქართული ლიტერატურული მემკვიდრეობის შესწავლის დამოუკიდებელი კერის ჩამოყალიბებას.

დღეს ინსტიტუტი თანამედროვე, საერთაშორისო ავტორიტეტის მქონე კვლევითი სივრცეა, რომლის ყოველდღიური საქმიანობაც მეცნიერული კვლევის სხვადასხვა მიმართულებას აერთიანებს. ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას პროფესორმა ირმა რატიანმა დაწესებულების ამჟამინდელ, მრავალფეროვან პროფილზე ისაუბრა: „ჩვენ გამოვცემთ მონოგრაფიებს, სახელმძღვანელოებს, ქრესტომათიებს, ლექსიკონებს, თარგმანებს. ვმუშაობთ აკადემიური გამოცემების მიმართულებით ძალიან ფართო სპექტრით და ამასთანავე, ვავითარებთ სრულიად ახალ დარგს – ციფრულ ლიტერატურას. ინსტიტუტში  აქტიურად ხორციელდება ეროვნული სამეცნიერო ფონდის პროექტები და, რაც მთავარია, ყველა ამ საქმიანობაში აქტიურად არის ჩართული მეცნიერთა და მკვლევართა ახალგაზრდა თაობა.

პროფესორი ირმა რატიანის თქმით, მიუხედავად აკადემიური თუ სამეცნიერო მიღწევებისა, ინსტიტუტის მთავარი მონაპოვარი მაინც   თაობათა ის  კავშირია, რომელიც აქ ათწლეულების განმავლობაში უწყვეტად გრძელდება.  ინსტიტუტის დირექტორი ამ ურთიერთობებს ასე აღწერს: „ამ 90 წლის მანძილზე ჩვენ უკვე მარტო კოლეგები არ ვართ – ჩვენ ვზრდით და მხარში ვუდგავართ ერთმანეთს. დღეს ინსტიტუტში ყველა თაობის მეცნიერი მუშაობს და ახალგაზრდებისთვის უდიდესი პატივი და მოტივაციაა, როცა ამ შენობაში შემოდიან და ისეთ ღვაწლმოსილ მეცნიერებს ხვდებიან, როგორებიც არიან  ემზარ კვიტაიშვილი, ირაკლი კენჭოშვილი, ირინე მოდებაძე, თამარ ლომიძე, ლევან ბრეგაძე, თემურ დოიაშვილი და სხვები“.

სწორედ ეს ტრადიცია, აკადემიური დისკუსიები და უფროსი თაობისგან გამოცდილების გაზიარება ქმნის იმ სივრცეს, რომელიც ქართული ლიტერატურის ინსტიტუტს უკვე ცხრა ათეული წელია, მნიშვნელოვან კვლევით ცენტრად აქცევს. 90 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებები ამ სიმპოზიუმით არ სრულდება და წლის ბოლომდე სხვადასხვა აქტივობებით გაგრძელდება.

Facebook
Twitter
LinkedIn