შოთა რუსთაველის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტმა გასული წლის მუშაობა შეაჯამა

თარიღი: 2024-11-15 17:15:10

გასული წელი თსუ-ს ლიტერატურის ინსტიტუტისთვის ხელხვავიანი აღმოჩნდა. წლის განმავლობაში ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომლები ოთხ მნიშვნელოვან საერთაშორისო და  ადგილობრივ პროექტში იყვნენ ჩართულნი და ყველა პროექტი წარმატებით დასრულდა. მეცნიერულ მონაგარს ისიც ემატება, რომ ინსტიტუტის დირექტორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი და კომპარატივისტული ლიტერატურის ქართული ასოციაციის (GCLA) პრეზიდენტი ირმა რატიანი, საერთაშორისო მასშტაბით აქტიური სამეცნიერო მოღვაწეობის გამო, შედარებითი ლიტერატურის მსოფლიო ასოციაციის (ICLA)  ვიცე-პრეზიდენტის პოზიციაზეა ნომინირებული. ეს მოვლენა სრულიად უპრეცედენტოა, რადგან ქართველი მეცნიერი აღნიშნულ თანამდებობაზე ნომინირებული არასდროს ყოფილა.

ქართული მწერლობა მსოფლიოს მასშტაბით

ინსტიტუტში განხორციელებულ პროექტებს შორის ერთ-ერთი გამორჩეულია პროექტი „ქართული მწერლობა მსოფლიოს მასშტაბით“. იგი შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ 2022 წელს დაფინანსებული პროექტის  –  „შედარებითი ლიტერატურის მსოფლიო კონგრესი“ –  გაგრძელებაა.  ჩატარებული კონგრესის კვალდაკვალ, ცხადად გამოიკვეთა პატარა ქვეყნების ლიტერატურების, მათ შორის, ქართული ლიტერატურის მნიშვნელობა მსოფლიო ლიტერატურისათვის. კონგრესის ორგანიზატორებმა – შედარებითი ლიტერატურის ქართულმა ასოციაციამ და შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტმა – მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ესარგებლათ შექმნილი კეთილგანწყობითა და დაინტერესებით და, ეროვნული ლიტერატურის საკეთილდღეოდ, მუშაობა დაეწყოთ ახალ პროექტზე, რომელიც არა მხოლოდ პრაქტიკულად დაასაბუთებდა კონგრესის შედეგად წარმოქმნილი მაღალი ნდობის სისწორეს, არამედ – გაზრდიდა საერთაშორისო აკადემიური წრეებისა და მეცნიერების დაინტერესებას ქართული მწერლობით. პროექტის ფარგლებში განხორციელდა სამეცნიერო ვიზიტი ოთხი სხვადასხვა ქვეყნის სამეცნიერო ცენტრებსა და უნივერსიტეტებში, კერძოდ: საფრანგეთში (პარიზი – ახალი სორბონას უნივერსიტეტი – (Sorbonne Nouvelle University) გერმანიაში (ოდერის ფრანკფურტი, პოტსდამი – ვიადრინას ევროპული უნივერსიტეტი, პოტსდამის უნივერსიტეტი -Viadrina European University https://www.europa-uni.de/en/index.html); აზერბაიჯანში (ბაქო – ხაზარის უნივერსიტეტი – Khazar University – https://www.khazar.org/აზერბაიჯანის კომპარატივისტული ლიტერატურის ასოციაცია – Azerbaijan Comparative Literature Assosiation (AzCLA) –http://www.azcla.org/); ბულგარეთში (სოფია – ბულგარეთის მეცნიერებათა აკადემია, ბულგარეთის ლიტერატურის ინსტიტუტი – BulgarianAcademy of Sciences (BAS), Institute for Literature – https://www.bas.bg/?lang=enhttps://www.bas.bg/?page_id=24473&lang=en). საერთაშორისო სამეცნიერო სემინარის ფორმატში შედგა სამეცნიერო დიალოგი მსოფლიო ლიტერატურათმცოდნეობის აქტუალურ  თემებთან  დაკავშირებით. ამავე დროს შემუშავდა მომავალი თანამშრომლობის სტრატეგია/გეგმა. ვიზიტის ფარგლებში ქართველი მეცნიერები, ბულგარეთის მეცნიერებათა აკადემიის წარმომადგენლებთან ერთად, ესტუმრნენ ბაჩკოვოს (იმავე პეტრიწონის) ქართულ მონასტერს, შეხვედრა გამართეს ბაჩკოვოს მონასტრის იღუმენთან.

პროექტის ფარგლებში ღონისძიებები ჩატარდა სხვადასხვა ფორმატში, კერძოდ, ახალი სორბონას უნივერსიტეტში ღონისძიება გაიმართა საერთაშორისო სემინარის „ქართულ-ფრანგული ლიტერატურული დიალოგი“  სახით,  ხოლო ვიადრინას ევროპულ და პოტსდამის უნივერსიტეტებში – საერთაშორისო კოლოკვიუმის – „ქართული მწერლობა ევროპული მწერლობის ნაწილი“ ფორმატში. წაკითხული მოხსენებების თემატიკა შეირჩა მასპინძელი მხარის სამეცნიერო ინტერესების გათვალისწინებით და მოიცვა ქართული ლიტერატურის განვითარების უმნიშვნელოვანესი პერიოდები. ქართული ლიტერატურის წარდგენამ ევროპული სამეცნიერო საზოგადოების უდიდესი ინტერესი გამოიწვია. საჯარო ლექციებს, სტუდენტებისა და პროფესორების გარდა, ესწრებოდნენ გამომცემლები, მწერლები. გაჩნდა მნიშვნელოვანი ინიციატივები სამომავლო თანამშრომლობასთან დაკავშირებით, დაიგეგმა ერთობლივი კვლევები და პროექტები.

პერსონაჟთა ციფრული ანალიზი

გასულ წელს ლიტერატურის ინსტიტუტში განხორციელებული პროექტებიდან ასევე მნიშვნელოვანი იყო პროექტი „პერსონაჟთა ციფრული ანალიზი“. 2024 წლის წლის 21-22 მაისს ინსტიტუტმა უმასპინძლა სორბონის უნივერსიტეტის პროფესორებისა და ინსტიტუტის ლიტერატურის ციფრული ლაბორატორიის ერთობლივ ვორქშოფს: „პერსონაჟთა ციფრული ანალიზი“. ვორქშოფი ჩატარდა AUF-ის მხარდაჭერითა და ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს დაფინანსებით. სემინარები ჩაატარეს სორბონას უნივერსიტეტის პროფესორებმა ფრანსუა ზალავოკატმა და იოანა გალერონმა.

კულტურული გადაკვეთები შოთა რუსთაველისა და ნიზამი განჯელის შემოქმედებაში

„კულტურული გადაკვეთები შოთა რუსთაველისა და ნიზამი განჯელის შემოქმედებაში“ – ასე ერქვა პრეზენტაციას, რომელიც შოთა რუსთაველის სახელობის ქართულილი ტერატურის ინსტიტუტში, 2024 წლის 21 იანვარს გაიმართა. წარმოდგენილი იყო კემბრიჯის აკადემიური გამომცემლობის მიერ მომზადებული სამეცნიერო წიგნი – „კულტურული გადაკვეთები შოთა რუსთაველისა და ნიზამი განჯელის შემოქმედებაში“. სამეცნიერო ფონდის მესვეურებს უმასპინძლეს ინსტიტუტის დირექტორმა და მისმა მოადგილემ – პროფესორებმა ირმა რატიანმა და მაკა ელბაქიძემ.

პრეზენტაციაზე ლიტერატურის ინსტიტუტის დირექტორმა, პროფესორმა ირმა რატიანმა ყურადღება გაამახვილა კვლევითი ორგანიზაციისა და სამეცნიერო ფონდის მრავალწლიანი თანამშრომლობის გამოცდილებასა და კოლაბორაციის სამომავლო პერსპექტივებზე. ამავე დროს ისაუბრა საერთაშორისო მიღწევებსა და გამორჩეულად წარმატებულ პროექტებზე, აღინიშნა პროფესორ მაკა ელბაქიძის წვლილი წიგნის საერთაშორისო წარმატების საქმეში.

XVII საერთაშორისო სამეცნიერო სიმპოზიუმი – პატარა ქვეყნების ლიტერატურები და თანამედროვე გლობალური სამყაროს გამოწვევები

თსუ-ს შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის მიერ 2024 წელს ჩატარებულ ღონისძიებათა შორის გამორჩეული ადგილი უჭირავს XVII  საერთაშორისო სამეცნიერო სიმპოზიუმს – „პატარა ქვეყნების ლიტერატურები და თანამედროვე გლობალური სამყაროს გამოწვევები“.

იმ ფაქტის გათვალისწინებით,  რომ  2023  წელს საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რეგიონული ცენტრი – ქალაქი ქუთაისი – იუნესკოს შემოქმედებითი ქალაქების ქსელის წევრი გახდა ლიტერატურის მიმართულებით, საორგანიზაციო კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება მიმდინარე წლის საერთაშორისო სიმპოზიუმის ქალაქ ქუთაისში ჩატარების შესახებ. სიმპოზიუმს უმასპინძლა  ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტმა.

სიმპოზიუმის ორგანიზატორები იყვნენ: კომპარატივისტული ლიტერატურის ქართული ასოციაცია (GCLA), თსუ-ს შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი; თანაორგანიზატორი – კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი; მხარდამჭერები: გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაცია (იუნესკო),  ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია; მასპინძლები:  ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სასტუმრო „არგო“, ქუთაისი მე-4 საჯარო სკოლა. წლევანდელი სიმპოზიუმის თემა იყო – „პატარა ქვეყნების ლიტერატურები და თანამედროვე გლობალური სამყაროს გამოწვევები“.

სიმპოზიუმი გახსნა და ღონისძიების ლოკალურ და გლობალურ მნიშვნელობაზე, აგრეთვე, ქართული სიმბოლიზმის ფორმირების პროცესში ქალაქ ქუთაისის განსაკუთრებულ წვლილზე ისაუბრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის დირექტორმა ირმა რატიანმა.

სიმპოზიუმის ქართველ და უცხოელ მონაწილეებს სიტყვით მიმართეს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა შალვა კირთაძემ, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი ხუბუამ და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა კახაბერ კორძაიამ.

ღონისძიების სტუმრები იყვნენ ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა ლომინაძე, იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ლევან კიკნაველიძე, ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი. მათ აუდიტორიისადმი სიტყვით მიმართვისას ყურადღება გაამახვილეს რეგიონის კულტურული განვითარების პროცესშისაერთაშორისო სამეცნიერო სიმპოზიუმის როლზე და აღნიშნეს, რომ ქუთაისისთვის იუნესკოს ლიტერატურული ქალაქის სტატუსის მინიჭება არის უდიდესი შესაძლებლობა, რათა, მდიდარ ლიტერატურულ ტრადიციაზე დაყრდნობით, ქალაქმა შეიძინოს სრულიად ახალი კულტურული იდენტობა.

საერთაშორისო სიმპოზიუმის მუშაობაში, ქართველ კოლეგებთან ერთად, მონაწილეობას იღებდნენ ცნობილი მეცნიერები მსოფლიოს 14 ქვეყნიდან. მათ შორის, პლენარული მომხსენებლები: კომპარატივისტული ლიტერატურის მსოფლიო ასოციაციის (ICLA) პრეზიდენტი, ლონდონის უნივერსიტეტის პროფესორი ლუჩია ბოლდრინი, პარიზის ახალი სორბონას უნივერსიტეტის პროფესორი ალექსანდრ სტროევი, ბულგარეთის მეცნიერებათა აკადემიის ბულგარული ლიტერატურის ინსტიტუტის წამყვანი მკვლევარი იორდან ლუცკანოვი.

სიმპოზიუმის ფარგლებში გაიმართა სამეცნიერო-დოკუმენტური ფილმის – „ქართული სიმბოლიზმის დაბადება“ ფილმის ჩვენება; აგრეთვე, ჩატარდა ორი ღონისძიება: ქართველი სიმბოლისტების სწავლება სკოლაში (მოდერატორი – ნათია ფურცელაძე); ქუთაისელ მწერლებთან შეხვედრა: გამოწვევები და პერსპექტივები (მოდერატორები: ელგუჯა თავბერიძე და როსტომ ჩხეიძე). სიმპოზიუმის მასალები უახლოეს ხანებში გამოიცემა თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობის მიერ.

Facebook
Twitter
LinkedIn