ლილის კათოლიკურ უნივერსიტეტში მიღებულ შთამბეჭდავ გამოცდილებას ქართველი სტუდენტები სამშობლოს მოახმარენ
საქართველოში, პირველ რიგში, სტუდენტები აფასებენ მშობლიურ უნივერსიტეტში მიღებულ ცოდნას და ემადლიერებიან ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, რომლის წიაღშიც მათ საზღვარგარეთ სწავლის გასაგრძელებლად შესაბამისი უნარები შეიძინეს. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხიბლი, მის მდიდარ წარსულ ისტორიასთან ერთად, ისიც არის, რომ პირველი ქართული უნივერსიტეტი თავის წარმატებულ სტუდენტებს საზღვარგარეთ განათლების გაღრმავების საშუალებას აძლევს გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის გზით. ქართული სახელმწიფო დღეს კვალიფიციური კადრების დეფიციტთან დაკავშირებულ გამოწვევებს ახალი განათლების რეფორმის დაწყებით პასუხობს. მთავარი მიზანი საკუთარ ქვეყანაში უმაღლესი განათლების მიღების გაუმჯობესება და საზღვარგარეთის უნივერსიტეტებში სწავლულთა გამოცდილების საქართველოში რეალიზების შეთავაზებაა. დასახული მიზანი კიდევ უფრო მეტ მოტივაციასა და სურვილს აღძრავს ქართველ სტუდენტებში – ეზიარონ საერთაშორისო გამოცდილებას და ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში აიმაღლონ სწავლის დონე.
ჩვენ გიამბობთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამი წარმატებული მაგისტრანტის ,,ფრანგულ გამოცდილებაზე“, რომლებმაც კონკურსი გაიარეს და საფრანგეთში ერთი სემესტრის განმავლობაში ისწავლეს. დიპლომატიისა და საერთაშორისო პოლიტიკის პროგრამის სტუდენტმა თამარ ბიბიჩაძემ, ასევე, საერთაშორისო სამართლის პროგრამის სტუდენტებმა ნინო მაისურაძემ და დემეტრე დიასამიძემ ერთი სემესტრი ლილის კათოლიკურ უნივერსიტეტში გაატარეს, სამშობლოში კი საინტერესო შთაბეჭდილებებით დაბრუნდნენ.
,,ლილის უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი, დიდწილად, დისკუსიებზეა აგებული, რაც კრიტიკული აზროვნებისა და დებატების კულტურის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს. ვსაუბრობდით საერთაშორისო პოლიტიკის, უსაფრთხოების, ევროპული ინტეგრაციისა და თანამედროვე გლობალური გამოწვევების შესახებ და საკითხებს სხვადასხვა პერსპექტივიდან ვუყურებდით“, – იხსენებს თამარ ბიბიჩაძე. სწავლების ორიგინალურ მეთოდებზე ამახვილებენ ყურადღებას ჩვენი სხვა რესპონდენტებიც. დემეტრე დიასამიძის შეფასებით, განსაკუთრებით აღსანიშნავია მასპინძელ უნივერსიტეტში არსებული სტუდენტზე ორიენტირებული გარემო და, რაც მთავარია, იქაური პროფესორები, რომლებიც სტუდენტებს კოლეგებად აღიქვამენ.
სამივე მაგისტრანტი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიღებულ ცოდნას განსაკუთრებულად აფასებს. ,,თსუ-ს აკადემიური სიღრმე და ლილის კათოლიკური უნივერსიტეტის პრაქტიკული, კვლევითი მიდგომა ერთმანეთს ავსებს. ეს გვეხმარება ჩამოვყალიბდეთ საერთაშორისო დონის სპეციალისტად, რომელსაც შეუძლია ქვეყნის ინტერესები ღირსეულად დაიცვას გლობალურ ასპარეზზე”, – აღნიშნავს ნინო მაისურაძე. ხოლო თამარ ბიბიჩაძე მიიჩნევს, რომ უცხოურ გარემოში მარტივად ადაპტაციაში თსუ-ში გამომუშავებული ანალიტიკური უნარები დაეხმარა.
ქართველი სტუდენტების კონკურენტუნარიანობას გაუსვა ხაზი დემეტრე დიასამიძემ: „მშობლიურ უნივერსიტეტში მიღებული პრაქტიკული უნარების დემონსტრირების შედეგად შევძელი თითოეული სასწავლო კურსის უმაღლესი შეფასებით დასრულება. ქართველი სტუდენტების ასეთი მზაობა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლების მაღალ დონესა და სტუდენტების კონკურენტუნარიანობას ევროპულ და გლობალურ აკადემიურ სივრცეში“.
საკუთარი ქვეყნის, ტრადიციებისა და კულტურის წარმოჩენის უნიკალური შესაძლებლობა
საზღვარგარეთის უნივერსიტეტებში სწავლის პროცესი ყოველთვის მოიცავს აქტივობებს, რაც უკავშირდება საკუთარი ქვეყნის ტრადიციებისა და კულტურის წარმოჩენას. ამ შესაძლებლობას არაჩვეულებრივად ართმევენ თავს ახალგაზრდები, რომლებიც მიმღებ უნივერსიტეტში ერთმანეთს აცნობენ თავიანთ სამშობლოს. ამ აქტივობებით ისინი ახალ ცოდნასაც იღრმავებენ სხვა ქვეყნებზე და ასევე საკუთარი სახელმწიფოს წარმდგენნიც არიან. სწორედ ამ თემას ეხმიანებიან ჩვენი რესპონდენტები. ის, რაც სამივე სტუდენტს აერთიანებს, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობაა, რათა საკუთარი უნივერსიტეტი, ქვეყანა და კულტურა საზღვარგარეთ სათანადოდ წარმოეჩინათ. მაგალითად, თამარ ბიბიჩაძეს თავისი ქვეყნის პოპულარიზაციის შესაძლებლობა უცხოელ კოლეგებთან ერთობლივი მუშაობის დროს მიეცა. ,,ერთ-ერთი საგნის ფარგლებში სტუდენტები 12 ადამიანისგან შემდგარ ჯგუფებად გაგვანაწილეს და უნდა მოგვემზადებინა კონკრეტული ქვეყნის შესახებ კვლევითი პრეზენტაცია. ჩემი გუნდი ,,სრულიად საერთაშორისო“ იყო, მასში თითქმის ყველა კონტინენტიდან წარმოდგენილი სტუდენტები შედიოდნენ, თუმცა ჩვენი პრეზენტაცია საქართველოს შესახებ მოვამზადეთ. ეს გამოცდილება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო, რადგან მომეცა შესაძლებლობა – საერთაშორისო აუდიტორიისთვის წარმედგინა ჩემი ქვეყნის ისტორია, კულტურა და პოლიტიკური კონტექსტი“, – გვიყვება თამარი.
დემეტრე დიასამიძის შემთხვევაში კი ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი აკადემიური გამოცდილება საერთაშორისო გარემოსდაცვითი სამართლის კურსს უკავშირდება. ,,შუალედური გამოცდის სახით მონაწილეობა მივიღეთ მრავალმხრივი კლიმატური მოლაპარაკებების სიმულაციაში, სადაც თითოეულ სტუდენტს სიღრმისეულად უნდა გამოეკვლია გაეროს წევრი სხვადასხვა სახელმწიფოს პოზიცია კლიმატის ცვლილების სამართლებრივ ჩარჩოსთან დაკავშირებით. ამ ქვეყნის სამართლებრივი პოზიციის დაცვა და ინტერესების წინ წამოწევა დიპლომატიურ დისკურსებში მოითხოვდა არა მხოლოდ სამართლებრივ ცოდნას, არამედ კომპრომისის პოვნის, გუნდურობის, სიტყვით გამოსვლისა და ლიდერულ უნარებს. მიუხედავად იმისა, რომ ამ სასწავლო კურსზე ერთეული საერთაშორისო სტუდენტები ვიყავით რეგისტრირებულნი, აქტიურად ჩავერთე მოლაპარაკების პროცესში და არაერთი სამუშაო ჯგუფის დისკუსიების ხელმძღვანელობაც მერგო“, – იხსენებს დემეტრე.
იმ ეტაპებსა და გამოწვევებზე, რომლებიც გაცვლით პროგრამაში გამარჯვებამდე უნდა გადაილახოს, ნინო მაისურაძე გვესაუბრა. იგი მომავალ აპლიკანტებს ურჩევს, განსაკუთრებული ყურადღება მიზნების სწორად ფორმულირებას დაუთმონ: „შესარჩევი კონკურსი საკმაოდ კონკურენტულია და მოითხოვს კარგ აკადემიურ მოსწრებას, კარგად ჩამოყალიბებულ მოტივაციასა და ენის ცოდნას. მთავარი სირთულე იყო ნათლად მეჩვენებინა, თუ როგორ უკავშირდებოდა ეს შესაძლებლობა ჩემს გრძელვადიან მიზნებს. აქვე, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის დირექტორს, პროფესორ ირინე ქურდაძეს, იურიდიული ფაკულტეტის დეკანის მოადგილეს, პროფესორ თამარ ზარანდიას და თსუ-ს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტს იმ მხარდაჭერისთვის, რამაც ჩემს პროფესიულ განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა“.
წარმატების ისტორიები
გაცვლით პროგრამაში მონაწილეობამდე თითოეულმა მაგისტრანტმა საინტერესო და მრავალფეროვანი განვითარების გზა გაიარა. ისინი დასახული მიზნებისკენ სწრაფვას კვლავაც აქტიურად აგრძელებენ. გიზიარებთ თითოეული მათგანის წარმატების ისტორიას:
დემეტრე დიასამიძის პროფესიული გზა თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის საერთაშორისო სამართლის საბაკალავრო პროგრამიდან იწყება, სადაც ის სრული დაფინანსებითა და სტიპენდიით სწავლობდა. საფრანგეთამდე მან, გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, ფინეთში, ჰელსინკის უნივერსიტეტშიც მიიღო განათლება. დემეტრე აქტიურად მონაწილეობს საერთაშორისო თუ ეროვნულ იმიტირებულ სასამართლო პროცესებში – არის წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დელეგაციის მიერ ორგანიზებული საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ეროვნული შეჯიბრის გამარჯვებული, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ ორგანიზებული ევროკავშირის სამართლის ეროვნული შეჯიბრის ფინალისტი, ჟან-პიქტესა და ტელდერსის საერთაშორისო კონკურსების მონაწილე. მაგისტრატურაზე ჩაბარებისას მან პროგრამის რეიტინგულ სიაში პირველი ადგილი დაიკავა. რაც შეეხება პრაქტიკულ გამოცდილებას, თსუ-ს საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტში, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტსა და სახალხო დამცველის აპარატში გავლილი სტაჟირებების შემდეგ დღეს დემეტრე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო სამართლებრივ დეპარტამენტში მუშაობს.
თამარ ბიბიჩაძის წარმატების ისტორია მიზანდასახულობასა და მუდმივ განვითარებას უკავშირდება. მან თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ბაკალავრიატი უმაღლესი აკადემიური მოსწრებით (4.0 GPA) დაასრულა და ფაკულტეტის წარჩინებული კურსდამთავრებულის სტატუსიც მოიპოვა. ამავე პერიოდში თამარი აქტიურად მონაწილეობდა კონფერენციებში და ჩართული იყო საუნივერსიტეტო ცხოვრებაში – გახლდათ ფაკულტეტის საბჭოს წევრი და სტუდენტური თვითმმართველობის დელეგატი. მისი პრაქტიკული გამოცდილება ისეთ მასშტაბურ პროექტებს აერთიანებს, როგორიცაა ევროპული ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის საორგანიზაციო პროცესში მონაწილეობა, რისთვისაც მან სპეციალური ჯილდო დაიმსახურა. გაცვლითი პროგრამით საზღვარგარეთ სწავლა კი ამ პროფესიული და აკადემიური გზის ლოგიკური ნაბიჯი აღმოჩნდა, რამაც მას საერთაშორისო ურთიერთობებისა და დიპლომატიის სფეროში ხედვის გაფართოების საშუალება მისცა.
ნინო მაისურაძისთვის წარმატება მიზანმიმართული და თანმიმდევრული შრომის შედეგია. საფრანგეთში გატარებული სემესტრი მისთვის განსაკუთრებით გარდამტეხი აღმოჩნდა, რადგან სწორედ ამ პერიოდში წარადგინა საქართველო სტრასბურგში ევროპის საბჭოს მაღალი დონის ღონისძიებებზე, რომელიც სიკვდილით დასჯის აკრძალვას ეხებოდა. მისი მთავარი ინტერესი საერთაშორისო სისხლის სამართალი და ადამიანის უფლებებია. ევროპულმა აკადემიურმა გარემომ და ევროპულ სტრუქტურებთან უშუალო პროფესიულმა კავშირმა მას საერთაშორისო დონის სპეციალისტად ჩამოყალიბებისთვის საჭირო თავდაჯერებულობა მისცა. ნინოს თქმით, მკაფიო ხედვა და სწორი მოტივაცია ნებისმიერ კონკურენტულ გარემოში წარმატების გასაღებია, თუმცა დასძენს, რომ მთავარი გამოწვევები და მიღწევები ჯერ კიდევ წინაა.
