ლიკა ვანიშვილი მამია ღაღანიძის სტიპენდიის  კონკურსში გამარჯვებულია

თარიღი: 2023-11-14 17:52:39

ლიკა ვანიშვილი მამია ღაღანიძის სტიპენდიის  კონკურსში გამარჯვებულია.  აღნიშნულ კონკურსში  მონაწილეობის მიღება შეუძლიათ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და  ბიზნესის ფაკულტეტის  ბიზნეს  ადმინისტრირების   სპეციალობის   ბაკალავრიატის სტუდენტებს. ლიკა ამავე ფაკულტეტის მეორეკურსელია, რომელიც, წარჩინებით სწავლასთან ერთად,  მუშაობასაც ახერხებს  ციფრულ სააგენტოში, გაყიდვების უმცროსი მენეჯერის პოზიციაზე.  

ლიკა  გორის მე-4 საჯარო სკოლის ოქროსმედალოსანია. იგი 100%-იანი სასწავლო გრანტით ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში  და მისი აკადემიური მოსწრება დღეს GPA 4.0-ით ფასდება.  ლიკას მიღებული აქვს ყოველსემესტრული სტიპენდია  განვლილი სასწავლო წლის საფუძველზე და კვლავ აპირებს კონკურსში  მონაწილეობის მიღებას;   ამჯერად,  მამია ღაღანიძის სახელობის  სტიპენდიატია და  ფიქრობს, რომ  ეს წარმატება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიღწევაა თავისი საქმიანობიდან გამომდინარე.

„როგორც ნოდარ დუმბაძე ამბობს: „სტუდენტობა უბედნიერესი ხანაა ადამიანის ცხოვრებაში. თუ კაცი სტუდენტი არ ყოფილა, იგი ვერასდროს ვერ გაიგებს სტიპენდიით განცდილ სიხარულს“…  ცხადია, ლიკასთვისაც  ძალიან მნიშვნელოვანია აღნიშნული სტიპენდიის მიღება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე თვით ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო სასწავლებელს ეხება და, ამავე დროს, ეკონომისტ, მამია ღაღანიძის სახელობის სტიპენდიის მოპოვებას. სწორედ ამიტომ, მას კიდევ უფრო უმძაფრდება სიამაყისა და ბედნიერების შეგრძნება.

„მიუხედავად ამ სასიხარულო შედეგებისა, უზომოდ დიდი შრომისა და ძალისხმევის ჩადება მიწევს ჩემი თითოეული წარმატების მისაღწევად; ბევრია უძილო ღამეც. ვფიქრობ, იმისთვის, რომ ადამიანმა შეძლოს დასახული მიზნის მიღწევა, აუცილებლად უნდა დაიხარჯოს ბოლომდე და არ შედრკეს რიგი წარუმატებლობის შემთხვევაში, რადგანაც ღმერთი ნამდვილად აფასებს ჩვენს მცდელობას“, – ამბობს ლიკა, რომელსაც    მომავალი პროფესიის არჩევა  ბოლო წუთამდე არ ჰქონდა გადაწყვეტილი.

„იქიდან გამომდინარე, რომ საშუალო სკოლაში მაღალი მოსწრებით გამოვირჩეოდი, რატომღაც, ყველა ფიქრობდა, რომ უკვე დიდი ხნის გადაწყვეტილი მქონდა მიმართულება, რომელზეც გავაგრძელებდი სწავლას. ბავშვობიდან ვარ ძალიან სამართლიანი, მიზანდასახული და შრომისმოყვარე, აქედან გამომდინარე, უმეტესად ფიქრობდნენ, რომ, შესაძლოა, სამართალი, პოლიტოლოგია, საერთაშორისო ურთიერთობები ან  სამედიცინო მიმართულება ამერჩია. იმისთვის, რომ ჩემი სამომავლო გათვლა ზუსტი და სასარგებლო ყოფილიყო, უზომოდ ვრცელი კვლევა-ძიებისა და გამოკითხვების საფუძველზე ჩემ მიერ ასარჩევ მიმართულებათა სია დავიწროვდა. დახმარებისთვის ოჯახის წევრებსაც ხშირად მივმართავდი და მათ აზრს ვითვალისწინებდი. ბოლო დღეებში ჩემს აზროვნებაში გარდამტეხი ცვლილება  მშობლებმა შემოიტანეს. აღსანიშნავია დედაჩემის მიერ გახსენებული მოგონებანი – თუ როგორ ვცდილობდი პატარა ასაკიდანვე ჩემ მიერ დამზადებული ნივთების გაყიდვას; როგორ ვჭრიდი „ხელოვნურ“ ფულს სათამაშოდ,  როგორ ვმუშაობდი სიახლეებზე, რომელთა დანერგვაც მომგებიანი იქნებოდა ბიზნესის ჩამოყალიბებისთვის და რა დიდ დროს ვუთმობდი ამ საკითხის შესწავლას…     უნდა ითქვას, რომ როდესაც საბოლოოდ გადავალაგე მიმართულებები უპირატესობის მიხედვით და პირველ ადგილზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირება მივუთითე, შვებით ამოვისუნთქე და დავრწმუნდი, რომ ეს მართლაც ყველაზე სწორი და სამართლიანი გადაწყვეტილება იქნებოდა ჩემი ცხოვრების ამ მნიშვნელოვან საფეხურზე“, – აცხადებს ლიკა, რომელიც თვლის, რომ  უმნიშვნელოვანესია    ქვეყანას  ძლიერი ეკონომისტები ჰყავდეს.  „გონიერი და განათლებული ეკონომისტის მოვალეობაა, სწორად განსაზღვროს თავის ქვეყანასა და დანარჩენ მსოფლიოში მიმდინარე ეკონომიკური მოვლენები, გამოწვევები, გაიანგარიშოს მიმდინარე და სამომავლო გეგმები, დასახოს მიზნები დაბრკოლებებთან გასამკლავებლად, რათა ხელი შეუწყოს ქვეყნის ეკონომიკურ მდგრადობას მაშინაც კი, როდესაც ეკონომიკური გარემო სხვა დროის მონაკვეთთან შედარებით სუსტდება“, –  ასე ფიქრობს ლიკა,  ვისთვისაც მნიშვნელოვანია  მაღალი ხარისხის ცოდნის მიღება, რასაც, მისი აზრით,  თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის  ბიზნეს ადმინისტრირების   მიმართულება ნამდვილად იძლევა.

„ყველა საგანი მოიცავს საკითხებს, რომლებიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ბიზნესისა თუ ეკონომიკის მიმართულებით ცოდნის გასაღრმავებლად. არ უნდა დაგვავიწყდეს არაჩვეულებრივი პროფესორ-მასწავლებლების ცალკე გამოყოფა და მათი აღნიშვნა, რადგან, მართლაც ბედნიერებაა – გქონდეს ყოველდღიური ურთიერთობა ძალიან განსწავლულ, მაგრამ, ამასთანავე, მეგობრულ და თანამედროვე მსოფლმხედველობის მქონე პიროვნებებთან, რომელთაგანაც დახმარების ხელის გამოწოდებას ყოველთვის ელი. ეს ხომ არაჩვეულებრივია“?! – აღფრთოვანებით საუბრობს ლიკა, ვისთვისაც წინდახედული, სწორად გათვლილი ნაბიჯები  წარმატების გარანტიაა.

იგი პრობლემურ საკითხებზე საუბარსაც არ ერიდება და  ამბობს: „საქართველოში სტუდენტური ცხოვრება ბევრისთვის მართლაც რთულია. გარკვეული გარემო პირობების არქონის გამო ფერხდება სტუდენტთა მიერ საგნების სიღრმისეული შესწავლა, ისინი სწავლის ნაცვლად დროს სამუშაოს უთმობენ, რათა, მაგალითად, გადაიხადონ ქირის ან სწავლის თანხა. მიუხედავად იმისა, რომ მე სწავლასთან ერთად დასაქმებულიც გახლავართ, საკმაოდ რთულია ამ ორი მნიშვნელოვანი მოცემულობის ურთიერთშეხმატკბილება.

რაც შეეხება ჩვენი სასწავლებლის მიერ სტუდენტებისთვის შეთავაზებულ შესაძლებლობებს, თავს ვგრძნობ სასიამოვნოდ გაკვირვებულად და აღფრთოვანებულად, რადგანაც გარკვეული სიხშირით ყოველთვის მხვდება  მნიშვნელოვანი დასაქმების  შემოთავაზებები ჩვენი სასწავლებლის ვებგვერდებზე. აგრეთვე, თავად პროფესორ-მასწავლებლებიც არ იშურებენ ძალისხმევას, რომ წარმატებულ სტუდენტებს ხელი მოუმართონ და შესთავაზონ დასაქმების ძალიან კარგი შესაძლებლობები.

ლიკა სამომავლო გეგმებზეც საუბრობს…  მართალია, ასეთ ცვალებად  გარემოში  გეგმებზე საუბარი რთულია, მაგრამ  ლიკას  ბევრი   მნიშვნელოვანი ჩანაფიქრი აქვს, რომლის განხორციელებაზეც თავდაუზოგავად მუშაობს. „მნიშვნელოვანია, რომ ბიზნესის კეთებასთან ერთად, ჩემი საქმიანობა მომგებიანი და სასარგებლო იყოს საზოგადოებისთვისაც, ამიტომ დიდი პასუხისმგებლობითა და თავდაჯერებულობით უნდა მოეკიდოს ბიზნეს-პიროვნება მის მიერ დასახულ გეგმებს“, – აცხადებს ლიკა,  რომლის სურვილია სწავლა უფრო დიდი  შემართებით გააგრძელოს და ასახელოს თავისი ოჯახი, სასწავლებელი და  ქვეყანა, ხელი შეუწყოს ბიზნესის განვითარებას და დაეხმაროს მათ, ვისაც ეს ნამდვილად სჭირდებათ…       

Facebook
Twitter
LinkedIn