ლიკა ტეფნაძის წარმატების ისტორია

თარიღი: 2026-09-28 19:29:18

ლიკა ტეფნაძე  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლაში (ISET) მეორე კურსზე სწავლობს.  მისთვის  საზაფხულო სკოლაში მოხვედრა საკმაოდ მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო. თავდაპირველად, როცა პროგრამის შესახებ გაიგო, იცოდა, რომ კონკურენცია საკმაოდ მაღალი იქნებოდა, ამიტომ თავიდანვე დაიწყო მზადება. ყურადღება გაამახვილა აკადემიურ მიღწევებზე, უნივერსიტეტში მიღებულ გამოცდილებაზე, მოხალისეობრივ საქმიანობასა და იმ აქტივობებზე, რომლებიც მის  ინტერესებსა და მიზნებს ითვალისწინებდა.

„განაცხადის მომზადებისას, ვეცადე, მეჩვენებინა, თუ რატომ იყო ეს პროგრამა ჩემთვის მნიშვნელოვანი და რას ველოდი მისგან. პარალელურად, პროგრამის ენობრივი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ავიღე ინგლისური ენის სერტიფიკატიც და ამის შემდეგ გავიარე გასაუბრება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც უფრო დეტალურად ვისაუბრე ჩემს გამოცდილებასა და სამომავლო მიზნებზე.  ჰარვარდის საზაფხულო სკოლა ამერიკის შეერთებულ შტატებში, ჰარვარდის უნივერსიტეტში, გავიარე. ვისწავლე საერთაშორისო კორპორატიული მართვა და დეტალურად შევისწავლე მისი ეკონომიკური საფუძვლები. ეს გამოცდილება ჩემთვის ბევრად მეტი იყო, ვიდრე უბრალოდ აკადემიური კურსი. პროგრამის ფარგლებში მქონდა შესაძლებლობა, უშუალოდ მესაუბრა და მომესმინა არაერთი კომპანიის CEO-სა და chairman/woman-ისთვის. ადამიანებისთვის, რომლებმაც რეალურად ააშენეს და მართეს დიდი ორგანიზაციები. მათი ისტორიების მოსმენა , თუ როგორ მიდიოდნენ გადაწყვეტილებამდე, როგორ უმკლავდებოდნენ კრიზისებს და როგორ აშენებდნენ გუნდებს, ჩემთვის ნამდვილად სამაგალითო იყო. ამის პარალელურად, გავიჩინე ახალი მეგობრები მსოფლიოს მასშტაბით. ერთად ვათვალიერებდით ბოსტონს, კემბრიჯს, ნიუ იორკსა და ქეიფ ქოდს, ვესტუმრეთ Ivy League-ის უნივერსიტეტებს და  გავეცანით ამერიკულ  კულტურას. ამასთანავე, ვიყავი ჩემი ქვეყნის “ელჩი”.  ხშირად ვესაუბრებოდი უცხოელ მეგობრებს საქართველოსა და ქართულ კულტურაზე, რაც ჩემთვის ერთგვარი პასუხისმგებლობაც იყო და სიამაყეც“, – გვიყვება ლიკა.

მის თქმით, თსუ-მ შესაძლებლობების კარი გაუღო: „სწორედ თსუ-ს მხარდაჭერამ და დაფინანსებამ მომცა შესაძლებლობა, გამევლო Harvard Summer School-ის პროგრამა აშშ-ში. ამ უნივერსიტეტმა მომცა  გამოცდილება, რომელმაც ჩემი პროფესიული და პიროვნული ხედვა მნიშვნელოვნად ჩამომიყალიბა. რომ არა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ეს კარი ალბათ არასდროს გაიღებოდა“.

რაც შეეხება მისი წარმატების ისტორიას: „ კურსი A-ზე დავხურე და გავიხსენებ ერთ-ერთ მომენტს, რომელიც განსაკუთრებით დამამახსოვრდა და დამარწმუნა, რომ სწორ გზაზე ვარ. ეს იყო ჩემი ლექტორის სიტყვები,რომელმაც მითხრა, რომ ბიზნესს სწორედ ჩემნაირი ქალები სჭირდება. ეს სიტყვები ჩემთვის არა მხოლოდ პირადი კომპლიმენტი, არამედ სტიმულის მომცემი იყო, რომ გავაგრძელო ის, რასაც ვაკეთებ და არ მივცე საკუთარ თავს დანებების უფლება. ჩემი სამომავლო მიზანი ძალიან მკაფიოა:  მინდა გავხდე წარმატებული ბიზნესლიდერი და ვიმუშაო ჩემს საოცნებო საინვესტიციო ბანკში, იქნება ეს JP Morgan თუ Goldman Sachs და საბოლოოდ, გამოვადგე საკუთარ ქვეყანას. დარწმუნებული ვარ, რომ სწორედ ის შესაძლებლობები, რომლებსაც თსუ მაძლევს, უდიდესი წვლილს შეიტანს იმაში, რომ ეს ოცნება რეალობად ვაქციო“ _ ამბობს ლიკა ტეფნაძე.

Facebook
Twitter
LinkedIn