ლიკა ფირცხალაიშვილი კონფერენციაში გამარჯვებულთა შორისაა
,,ადგილობრივ თვითმმართველობებში ზოგადსაგანმანათლებლო ეფექტურობის კვლევა – ონისა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტების მაგალითების შედარებითი ანალიზი“ – ამ სახელწოდებით წარადგინა თავისი მოხსენება სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პოლიტიკის მეცნიერების მიმართულების მეორე კურსის სტუდენტმა ლიკა ფირცხალაიშვილმა ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის ორგანიზებით გამართულ სტუდენტთა IX საფაკულტეტო სამეცნიერო კონფერენციაზე (სექცია – ახალგაზრდები თანამედროვე საქართველოში). ლიკა ფირცხალაიშვილი კონფერენციაში გამარჯვებულთა შორისაა.
რატომ დაინტერესდა ამ თემით და რა პროცესი გაიარა თემის დასამუშავებლად? – კონფერენციაში გამარჯვებული ლიკა ფირცხალაიშვილი, რომლის მეწყვილეც სტუდენტი ნათია სირაძე გახლდათ, საკუთარ ინტერესებზე გვიამბობს და აცხადებს: ,,ჩემი და ჩემი თანაპარტნიორისთვის საკმაოდ საინტერესო აღმოჩნდა ადგილობრივი თვითმმართველობების ზოგადსაგანმანათლებლო სერვისების კვლევა, ისეთ მხარეში, სადაც დემოგრაფიულ კრიზისს ვაწყდებით. ამიტომ მე და ჩემმა თანაპარტნიორმა გამოვითხოვეთ საქსტატიდან სტატისტიკური მონაცემები და შემდგომ დავიწყეთ ამ თემაზე მუშაობა. ჩვენ მიერ არჩეული ონისა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტები რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთის რეგიონს მიეკუთვნება, სადაც შობადობის მაჩვენებელი საკმაოდ დაბალია, სიკვდილიანობა კი – მაღალი. ამის ფონზე, მე და ნათიამ გადავწყვიტეთ ადგილზე ჩავსულიყავით ორივე მუნიციპალიტეტში და ჩაგვეტარებინა სიღრმისეული ინტერვიუ მერიაში ,,განათლების, კულტურის, სპორტის სამსახურის“ თანამშრომლებისთვის. ინტერვიუ ორივე მუნიციპალიტეტში საკმაოდ კარგად წარიმართა და, ამას გარდა, შესაბამისი ანგარიშებიც გამოვითხოვეთ“.
კვლევის შედეგად გაირკვა, რომ ონში, ამბროლაურთან შედარებით, მაღალია ჩართულობის ხარისხი ზოგადსაგანმანათლებლო სერვისებში. ,,მაგალითად, ჩართულობა ონში 52 % -ს აღწევს, ხოლო ამბროლაურში – 34 %-ს, რაც რადიკალურად განსხვავებული მაჩვენებლებია.
შედეგები გვიჩვენებს, რომ ონის მერია მეტადაა ორიენტირებული ზოგადსაგანმანათლებლო სერვისების განვითარებაზე და მეტ პროექტს სთავაზობს მოსახლეობას მათი მოთხოვნის შესაბამისად“, – ამბობს კვლევის ერთ-ერთი ავტორი ლიკა ფირცხალაიშვილი.
ბლიც-ინტერვიუ
- რატომ აირჩიე შენი პროფესია და რამდენად მოგწონს?
- როდესაც სკოლაში ვსწავლობდი, საკმაოდ მიმზიდველად და საინტერესოდ ჩანდა სამოქალაქო განათლება. ამ საგნისადმი დაინტერესება, მეტწილად, მასწავლებელმაც განაპირობა, რადგან მას არაჩვეულებრივი ახსნის მანერა ჰქონდა. მეათე კლასში გადავწყვიტე მომეძია – თუ რა პროფესიები ისწავლებოდა უმაღლეს საგანმანათლებლო სასწავლებლებში. ამ ძიებაში აღმოვაჩინე თსუ-ს პოლიტიკის მეცნიერების მიმართულება, რაც, გარკვეულწილად, დავუკავშირე ჩემს ინტერესებს სამოქალაქო განათლებასთან მიმართებით. ორი წლის შემდგომ კი ჩავაბარე თსუ-ს პოლიტიკის მეცნიერებაზე. ჩაბარების შემდგომ დავინტერესდი სოციოლოგიის მიმართულებითაც და დღეს ის მაინორად მაქვს არჩეული, რა კუთხითაც ვხვედავ ჩემს მომავალ კარიერას.
- რა ცოდნას გაძლევს უნივერსიტეტი?
- ყოველ წელს, ყოველ სემესტრში ვხედავ – როგორ გავიზარდე და ვიზრდები კიდეც სამეცნიერო სივრცეში. უნივერსიტეტი მაძლევს როგორც თეორიულ, ისე, გარკვეულწილად, პრაქტიკულ ცოდნას, რომელიც დამოკიდებულია ამა თუ იმ საგნის სპეციფიკასა და ლექტორზე. ყოველი სემესტრი ჩემთვის პროდუქტიულია და, ასევე, საინტერესო მოლოდინების ახდენის პროცესია. უნივერსიტეტი – ეს ის ადგილია, სადაც, ცოდნის მიღების გარდა, ჩვენი მიმართულების სტუდენტებთან ერთად ვატარებთ დიდ დროს აკადემიურ სივრცეში, ვცვლით აზრებს და წარვმართავთ დებატებს, რაც ინტელექტუალურად გვზრდის.
- ვინ არის/არიან უნივერსიტეტში შენი საყვარელი ლექტორ(ებ)ი?
- საკმაოდ ბევრი ლექტორი მახსენდება, მაგრამ სამს გამოვყოფდი, ესენია: სანდრო ტაბატაძე, ნიკა გიგაური, იაგო კაჭკაჭიშვილი.
- რა პრობლემას გამოკვეთდი საუნივერსიტეტო ცხოვრებიდან?
- პრობლემებიდან გამოვკვეთდი: 1) პრობლემაა სტუდენტური სივრცეების არარსებობა, რადგან სხვადასხვა ლექცია-სემინარებს შორის დიდი შუალედია და, შესაბამისად, გვიჭირს გააზრება – სად განვთავსდეთ; 2) ჩვენი მიმართულების გარკვეული საგნების ასათვისებლად ლექცია დაინიშნა თამარაშვილის ქუჩაზე, ეს კი ართულებს საგნის არჩევის დროს გადაწყვეტილების მიღებას, რადგან საინტერესო საგნები ეწირება მათი ჩატარების ლოკაციას. რთულია, როდესაც ერთი სემინარიდან გამოდიხარ და წამებში უნდა აღმოჩნდე ფიზიკის ინსტიტუტის კორპუსში; 3) ასევე, პრობლემად მიმაჩნია კაფეტერიის არარსებობა, მაგრამ სასიხარულო აღმოჩნდა ამ პრობლემაზე ზრუნვა რექტორისგან. იმედია, საკვები ობიექტები მალე მოეწყობა უნივერსიტეტის შენობებში.