სამართლის ტექნოლოგიები საკანონმდებლო პროცესში
სამართლის დარგში ინოვაციური ტექნოლოგიების – ლიგალტექის დანერგვა აქტიურად მიმდინარეობს. იურისტები ცდილობენ გამოიყენონ კომპიუტერული პროგრამები, რათა გაზარდონ საკუთარი შრომის ეფექტიანობა და ის მომხმარებლისთვის უფრო მეტად ხელმისაწვდომი გახადონ. ციფრული პლატფორმები, დისტანციური სერვისები, დოკუმენტების ავტომატური გენერირება, ციფრული ბოტების გამოყენება შესაძლებელს ხდის ხარისხიანი იურიდიული მომსახურების მიღებას რამდენიმე წუთში, რასაც ტრადიციული მეთოდების გამოყენებით რამდენიმე საათი ან, შესაძლოა, დღეც კი დასჭირდებოდა. სამართლის ტექნოლოგიების გამოყენება შეუძლიათ როგორც ცალკეულ ადვოკატებს ინდივიდუალურად, ისე იურიდიულ ფირმებს.
ლიგალტექი საქართველოში პირველად თსუ-ს პროფესორმა გია ხუბუამ და მოწვეულმა ლექტორმა ლადო სირდაძემ შემოიტანეს. მათ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი საგანი დანერგეს და სხვადასხვა სამთავრობო და არასამთავრობო სტრუქტურებთან თანამშრომლობის პარალელურად, საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში, სამართლის ტექნოლოგიების განვითარებაზე მუშაობენ. ლადო სირდაძის მონაწილეობით, მიუნხენის უნივერსიტეტის ჰაკათონის ფარგლებში, KnowledgeTools-სთან ერთად შეიქმნა ციფრული კანონშემოქმედების პროგრამა, რომელიც ალგორითმების მიხედვით ავტომატურად ქმნის საგადასახადო სამართლებრივ ნორმებს.
ვრცლად ლიგალტექის სფროში მიმდინარე სიახლეებს გია ხუბუა და ლადო სირდაძე ინტერვიუში განმარტავენ.
როგორ გამოიყენება სამართლის ტექნოლოგიები საკანონმდებლო პროცესში?
გია ხუბუა, თბილისის სახელმიწფო უნივერსიტეტისა და შტაინბაისის უნივერსიტეტის პროფესორი: „საკანონმდებლო პროცესში სამართლის ტექნოლოგიების როლი დიდია. კანონშემოქმედება საჭიროებს მოცულობით კვლევას და ნორმათა ტექსტის ზუსტ ფორმულირებას. კანონმდებელმა წინასწარ უნდა გათვალოს, თუ რა შედეგები ექნება ახალ კანონს, რაც, ხშირ შემთხვევაში, არ არის მარტივი ამოცანა. სამართლის ტექნოლოგიების გამოყენებით შესაძლებელია ნორმის სტრუქტურისა და ლოგიკის საფუძველზე ნორმის მოქმედების მოდელირება სხვადასხვა შემთხვევაზე. ვიზუალიზაციის ხელსაწყოები ეხმარება სამართალშემოქმედს გააანალიზოს რეგულირების სხვადასხვა ალტერნატივა და აირჩიოს საუკეთესო. კომპიუტერული პროგრამაც და სამართალიც მიჰყვება „თუ-მაშინ“ ლოგიკას. თუ ნორმის ტექსტი იქნება კონსტრუირებული ალგორითმისთვის გასაგები ენით, მაშინ ის გასაგები იქნება ადამიანისთვისაც, რადგანაც ალგორითმი მოითხოვს სიზუსტეს და არ უშვებს ორმაგი ინტერპრეტაციის შესაძლებლობას.
რას გვეტყვით მიუნხენის უნივერსიტეტში ახლახან ჩატარებულ ჰაკათონზე, სამართლის ტექნოლოგიების გამოყენებით საკანონმდებლო ნორმები შეიქმნა?
ლადო სირდაძე, თსუ-ს მოწვეული ლექტორი, ბტუ-ს ასოცირებული პროფესორი: „მიუნხენის უნივერსიტეტში ჩატარდა ჰაკათონი, რომლის მიზანიც იყო ლიგალტექის დღეს არსებული შესაძლებლობების დადგენა. ჰაკათონი ეხებოდა საგადასახადო სამართალს. მასში მონაწილეობას იღებდნენ ისეთი საერთაშორისო კომპანიები, როგორებიცაა KnowledgeTools GmbH, Capgemini & mgm technology, DATEV, KPMG,(https://bit.ly/3MQegtj). მე პროექტში ჩართული ვიყავი KnowledgeTools-ის მხრიდან მის დირექტორ თილო ვენდთან ერთად. ჰაკათონის ფარგლებში შევქმენით ციფრული პროდუქტი, რომელიც პროგრამა Logos-ის გამოყენებით შესაძლებლობას იძლევა გადასახადის გამოთვლის სასურველი მათემატიკური ფორმულის საფუძველზე ავტომატურად შეიქმნას შესაბამისი საკანონმდებლო ტექსტი. ეს გაუადვილებს კანონშემოქმედებს ნორმის შექმნას და უზრუნველყოფს, რომ კანონი გასაგებად და ნათლად იყოს ფორმულირებული. პროგრამა უკვე შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს პრაქტიკაში, თუმცა, ჯერჯერობით, ის მხოლოდ გერმანულ ენაზე მუშაობს. პროგრამის მიერ შექმნილი ფორმულირებები, რა თქმა უნდა, შესაძლოა გადაკეთდეს და შეიცვალოს, თუ ამის საჭიროება არსებობს. პროგრამის გამოყენების დადებითი მხარე ისიცაა, რომ ის გააადვილებს კანონის აღსრულებას, რადგანაც პროგრამა ყოველთვის თანხვედრაში იქნება კანონთან.“
არის თუ არა საქართველოში მსგავსი პროდუქტი ან თუ შეიძლება მისი შექმნა?
გია ხუბუა: „საქართველოში ჩვენ წარმატებით განვახორციელეთ საგრანტო პროექტი „სამართლის ინოვაციური ტექნოლოგიები“ საქართველოს იუსტიციის სამინისტროში. აღნიშნული პროექტის ფარგლებში სამინისტროს კანონშემოქმედების დეპარტამენტის თანამშრომლებს მიეცათ შესაძლებლობა პროგრამა LOGOS-ის გამოყენებით მოეხდინათ კანონპროექტების სტრუქტურისა და ლოგიკის ვიზუალიზაცია. რამდენიმე წლის წინ საპილოტე პროექტი განხორციელდა ასევე საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტშიც.“
აკადემიურ სფეროში როგორ ხდება სამართლის ტექნოლოგიების გამოყენება?
ლადო სირდაძე: „სამართლის ტექნოლოგიების, ლიგალტექის მიმართ ინტერესი აკადემიურ სფეროში იზრდება. ბოლო დროს არაერთი პუბლიკაცია გამოქვეყნდა ამ თემაზე. მე, პირადად, ოქსფორდის უნივერსიტეტში ვიკვლევ ხელოვნური ინტელექტის გამოყენების შესაძლებლობას საკანონმდებლო პროცესში. კვლევის მიზანია შესწავლილ იქნას ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობები და მისი თანმდევი რისკები საკანონმდებლო ნორმათა შექმნის პროცესში“.
რას გვეტყვით თსუ–ს იურიდიულ ფაკულტეტზე არსებულ ლიგალტექის საგანთან დაკავშირებით?
გია ხუბუა: „ლიგალტექი, როგორც საგანი, უკვე ერთ წელზე მეტია, ინტეგრირებულია სამართლის საბაკალავრო პროგრამაში. ეს არის ლიგალტექის ერთადერთი სასწავლო კურსი საქართველოში და ის შევქმენით გერმანელ პროფესორ შტეფან ბრაიდენბახთან ერთად. კურსის მონაწილე სტუდენტები არა მხოლოდ ეცნობიან სამართლის ტექნოლოგიების შესაძლებლობებს, არამედ თავად ქმნიან ციფრულ პროდუქტებს, რომელთა გამოყენება შესაძლებელი იქნება იურისტების მიერ“. https://bit.ly/49MFtab