გამორჩეული კვლევა რეგიონში მედიამანიპულაციების ევოლუციაზე

თარიღი: 2025-07-07 13:42:01

2025 წლის 27 ივნისს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის „მასობრივი კომუნიკაციის“ დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის დოქტორანტმა ლიანა მარქარიანმა წარმატებით დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: „მანიპულაციური მექანიზმების ტრანსფორმაცია საბჭოთა პრესიდან ციფრულ მედიამდე: ტიპოლოგია და ისტორიულ-შედარებითი ანალიზი (საქართველოსა და სომხეთის მაგალითზე)”. ნაშრომმა  უმაღლესი აკადემიური შეფასება – Summa Cum Laude დაიმსახურა.

კვლევის მიზანი იყო იმის დადგენა, თუ რა ტიპის მანიპულატორებს იყენებდნენ საბჭოთა პრესაში, როგორ მოდიფიცირდა მათი მექანიზმები საქართველოსა და სომხეთის მედიაში, რა გავლენა იქონია სოციალურმა მედიამ მანიპულაციური მექანიზმების ტრანსფორმაციაზე და რატომ მიმართავენ დღეს მედიამანიპულაციას. ასევე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, კვლევა შერჩეული ქვეყნების მედიის მაგალითებზე გვაჩვენებს პოსტსაბჭოური და თანამედროვე მანიპულაციური ელემენტების ძირითად მსგავსებებს და განსხვავებებს, მათ ტიპოლოგიას და, ისტორიულ-შედარებითი ანალიზის საშუალებით, ცხადყოფს ტექსტუალური და შინაარსობრივი მანიპულატორების გავლენებს დემოკრატიზაციაზე. 

„მულტიდისციპლინური მიდგომის გამოყენებით, კვლევა ემსახურება უფრო ფართო დისკურსს – ციფრულ ეპოქაში ინფორმაციის უსაფრთხოებისა და მთლიანობის დაცვას, ასევე, მიზანს – განავითაროს მეტად ჯანსაღი და თავისუფალი  მედია. მნიშვნელოვანია ისიც, რომ, ქართულ-სომხურ ჭრილში, საბჭოთა პრესიდან დღემდე არსებული მედიამანიპულაციების გამომჟღავნებამ და გაანალიზებამ, შესაძლოა, ხელი შეუწყოს ამ ორი ერის მეტად დაახლოებას და შეამციროს მედიის (ამ შემთხვევაში, მესამე ძალის ხელით განხორციელებული) ნეგატიური გავლენა კონფლიქტის ან შუღლის გაღვივებაში“, – აღნიშნავს ლიანა მარქარიანი.

დოქტორანტმა კვლევაში წარმოსახვითი სიზუსტითა და სიღრმისეულობით გაშალა მედიამანიპულაციების ისტორიული მექანიზმები, რომლებმაც საბჭოთა პრესიდან დღევანდელ ციფრულ მედიამდე გადმოინაცვლა. საერთაშორისო რეცენზენტმა და მანჩესტერის უნივერსიტეტის პოფესორმა სტივენ ჰატჩინგსმა რეცენზიაში აღნიშნა: „ჩემი ცოდნის საფუძველზე, შემიძლია დავადასტურო, რომ ეს არის პოლიტიკური პროპაგანდის პირველი შედარებითი ანალიზი სომხეთისა და საქართველოს მასშტაბით და, ასევე, პირველი მცდელობა – დაკავშირდეს ეს ანალიზი საბჭოთა პერიოდის შესაბამის პრეცედენტებთან. შედარების ეს ორმაგი ღერძი (გეოპოლიტიკური და ისტორიული) უნიკალური და ღირებულია და, საერთო ჯამში, ეფექტიანად არის გამოყენებული. დარწმუნებული ვარ, რომ კვლევაში არსებული აკადემიური ცოდნის სინთეზი, განსაკუთრებით მისი საბჭოთა პერიოდის კომპონენტი, მნიშვნელოვანი რესურსი გახდება მომავალი მკვლევრებისთვის ამ რეგიონში. ამასთანავე, მანიპულაციების მატრიცაც წარმოადგენს მნიშვნელოვან საკვლევ რესურსს სხვა მეცნიერებისათვის და იგი კარგად არის სტრუქტურირებული და წარმოდგენილი“, – წერს იგი.

ლიანა მაფრქარიანმა კვლევის ფარგლებში შექმნა ორი მნიშვნელოვანი პრაქტიკული ინსტრუმენტი: ტექსტის მანიპულაციური მექანიზმების ტაქსონომია – ქართულ ენაზე შედგენილი კლასიფიკაცია, რომელიც აუდიტორიას ეხმარება მედიაში მანიპულაციური და პროპაგანდისტული ტექნიკის ამოცნობაში და  მედიამანიპულაციების მატრიცა – ინოვაციური ანალიტიკური მოდელი, რომელიც კვლევის პროცესში მედიის მანიპულაციური სტრატეგიების ვიზუალურ წარმოსახვას და შინაარსობრივ შეფასებას აადვილებს.

მისი სამეცნიერო ხელმძღვანელის, ასოცირებული პროფესორის მაია ტორაძის თქმით, ლიანა მარქარიანი გამოირჩევა როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული კომპეტენციით: „ის არის ერთ-ერთი გამორჩეული ახალგაზრდა მკვლევარი, რომელიც წარმატებით უთავსებს კვლევით და მედიაპრაქტიკულ საქმიანობას.“

ლიანა მარქარიანს მდიდარი აკადემიური და პროფესიული ბიოგრაფია აქვს. წითელი დიპლომით დაამთავრა თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკის საბაკალავრო და მედიაფსიქოლოგიის სამაგისტრო პროგრამები. სომხური სკოლის კურსდამთავრებულმა უნივერსიტეტის წიაღში დახვეწა ქართული ენა, რისთვისაც დაჯილდოვდა უნივერსიტეტის ოქროს მედლით. ის უკვე რამდენიმე წელია არის თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მულტიმედია ცენტრის უფროსი სპეციალისტი, ამასთან ასწავლის „მობილურ ჟურნალისტიკასა“ და „ვიზუალურ თხრობას სოციალურ მედიაში“. პრაქტიკულ ჟურნალისტიკაში კი გვევლინება, როგორც საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემების წამყვანი და კორესპონდენტი.

 „დამსახურებული მადლობა უნდა გადავუხადო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს და განსაკუთრებით, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტს თავისი ჟურნალისტიკის მიმართულებით! ეს იყო 11 წლის წინ გაკეთებული არჩევანი, რომელიც არცერთი წამით არ მინანია! მაშინაც მჯეროდა და დღესაც მჯერა, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოში  საუკეთესო უნივერსიტეტია. ეს არის ადგილი, რომელსაც, ზუსტად ათი წელია, სახლად მივიჩნევ. თითოეული თანამშრომელი და სტუდენტი ოჯახის წევრივითაა. აქ, ჩემი ლექტორებისგან და, განსაკუთრებით, ჩემი სამეცნიერო ხელმძღვანელისგან – ქალბატონ მაია ტორაძისგან – ვისწავლე ყველაფერი ის, რამაც საბოლოო ჯამში ამ ხარისხამდე მომიყვანა“, – აღნიშნა ლიანა მარქარიანმა ჩვენთან საუბარში.

მისი კვლევითი გამოცდილება მოიცავს მოხსენებებს ისეთ საერთაშორისო სამეცნიერო პლატფორმებზე, როგორიცაა სტამბოლის უნივერსიტეტი, „ჰორაიზონ 2025“-ის ფარგლებში ბრიუსელში გამართული ვორქშოფი, საერთაშორისო კონფერენციები პორტუგალიასა და ინდოეთის სხვადასხვა უნივერსიტეტში ჩატარებული სამეცნიერო სიმპოზიუმები. კვლევის ნაწილობრივი შედეგები უკვე გამოქვეყნებულია WoS და Scopus-ის საერთაშორისო სამეცნიერო ბაზებში.

Facebook
Twitter
LinkedIn