გამორჩეული პირველსემესტრელი ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტიდან
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია, თსუ-ს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი პეტრე ბაბილუა და სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტი ლუკა ტაბიძე ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის პირველსემესტრელ სტუდენტებს შეხვდნენ და სწავლის დაწყება მიულოცეს. შეხვედრაზე თსუ-ს რექტორმა და ფაკულტეტის დეკანმა დააჯილდოვეს 2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე ჩარიცხული ყველაზე მაღალქულიანი პირველსემესტრელი სტუდენტი ლია ერემაშვილი.
ლია ერემაშვილმა ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ფიზიკის მიმართულება აირჩია. ,,თსუ სახელგანთქმულია მდიდარი ისტორიითა და გამოცდილი ლექტორებით, იგი ერთ-ერთი წამყვანი უნივერსიტეტია, განსაკუთრებით ფიზიკის მიმართულებით. ჩემი ყურადღება საინტერესო და მრავალფეროვანმა სასწავლო პროგრამამ მიიპყრო, რადგან უნივერსიტეტი სიღრმისეულ ცოდნას მთავაზობს ფიზიკის მიმართულებით. უნივერსიტეტს გასული საუკუნიდან დღემდე უამრავი გამოჩენილი ფიზიკოსი ჰყავს აღზრდილი, მრავალი დიდი მეცნიერისთვის უმასპინძლია და აქვს კავშირები საერთაშორისო სამეცნიერო ცენტრებსა და უნივერსიტეტებთან. მეც მინდა ამ ისტორიის ნაწილი ვიყო და მჯერა, რომ თსუ-ს პროფესორები ძალ-ღონეს არ დაიშურებენ ფიზიკოსთა წარმატებული ახალი თაობის აღსაზრდელად“, – ამბობს ლია.
ლია ერემაშვილმა სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრა. როგორც თავად ამბობს, ბავშვობიდან ბეჯითად სწავლობდა და მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა ოლიმპიადასა და კონკურსში. იგი 2023-2024 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის ერთ-ერთი გამარჯვებულია ინგლისურ ენაში. ამჟამად წარჩინებით სწავლობს მუსიკალურ სკოლაში ფორტეპიანოს სპეციალობით.
თვლის, რომ თსუ-ს ზუსტ და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტიდან, როგორც პირველსემესტრელი, გამოარჩიეს 2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგით, რადგან ფაკულტეტზე ჩარიცხულთა შორის მას საუკეთესო საკონკურსო ქულა ჰქონდა. ქართულში, ინგლისურსა და ფიზიკაში თითქმის უმაღლესი ქულა აიღო, ხოლო მათემატიკაში – მაქსიმალური.
პირველსემესტრელს არ გასჭირვებია უნივერსიტეტში თავისი ფაკულტეტის შესახებ ინფორმაციის მიღება. ,,უნივერსიტეტში რეგისტრაციასა და სწავლასთან დაკავშირებით ინფორმაცია ჩემთვის ხელმისაწვდომი იყო თსუ-ს ვებ-გვერდზე, სოციალურ ქსელებში, თან ჩატარდა არაერთი საინფორმაციო შეხვედრა. საჭირო ინფორმაცია სრულყოფილად მომაწოდეს“, – აღნიშნავს ლია.
ლია ერემაშვილს დიდი სურვილი აქვს, გაიცნოს მასსავით მონდომებული სტუდენტები, რომლებსაც ასევე უყვართ და აინტერესებთ ფიზიკა და მათემატიკა. მის სამომავლო გეგმებში შედის ჯერ კიდევ ბაკალავრიატის დონეზე კვლევებში ჩართვა და კონფერენციებში მონაწილეობა, ხოლო ბაკალავრიატის შემდგომ უცხოეთში სწავლის გაგრძელება მაგისტრატურასა და დოქტორანტურაში თეორიული ფიზიკის რომელიმე მიმართულებით.
,,მინდა, ვისწავლო ლექტორებისგან, რომლებიც მრავალი წლის განმავლობაში დაგროვილ ცოდნასა და გამოცდილებას გამიზიარებენ. ამასთან ერთად, თსუ-ს ბიბლიოთეკის კარი ჩემთვის ღია იქნება და იმედი მაქვს, რომ ამ რესურსებს მაქსიმალურად გამოვიყენებ“, – აღნიშნავს ლია ერემაშვილი, რომელიც უნივერსიტეტის პირველ კურსზე უკვე შეუდგა სწავლას.
