87 წლის ლია ბარამიძის განვლილი გზა და დამსახურებული ჯილდო
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოცენტს, ქიმიკოსსა და პედაგოგ ლია ბარამიძეს 87 წელი შეუსრულდა. უნივერსიტეტის ქიმიის კათედრაზე მოღვაწეობის განმავლობაში იგი ასწავლიდა ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებს, დაწერა 24 სამეცნიერო ნაშრომი და 7 სახელმძღვანელოს შექმნაში მიიღო მონაწილეობა.
გაზეთ ,,თბილისის უნივერსიტეტთან” საუბარში ლია ბარამიძე ამბობს, რომ ამ წლების განმავლობაში შეძლო და მოიპოვა მთავარი, ყველაზე ძვირფასი – სიყვარული სტუდენტებისგან, რასაც ყოველთვის გრძნობდა და დღემდე გრძნობს. მისი თქმით, მუდამ ცდილობდა, რომ სტუდენტებისთვის მაქსიმუმი მიეცა და ყოველდღიურად რაღაც ახალი ეჩვენებინა. ამაყობს, რომ ბევრი სტუდენტი დააკვალიანა და ხელი შეუწყო, რომ ქიმიის მიმართულებით გაეგრძელებინათ სწავლა თუ მუშაობა.
ლია ბარამიძეს 2023 წლის 30 მაისს, ქიმიკოსის დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა მადლობის სიგელი გადასცა, როგორც წარმატებულ და ღვაწლმოსილ ქიმიკოსს.
თავად ქიმიკოსის კავშირი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან 1956 წლიდან იწყება, როცა 18 წლის ასაკში ქიმიის ფაკულტეტზე ჩაირიცხა. წარჩინებული და მონდომებული სტუდენტი ქიმიის ფაკულტეტის დასრულებისთანავე კათედრაზე დაიტოვეს და მას შემდეგ 64 წელი პასუხისმგებლობით ემსახურა საყვარელ სფეროსა და პროფესიას. როგორც გვიყვება, თავდაპირველად უფროსი ლაბორანტი იყო, შემდეგ ასისტენტი, 1971 წლიდან დოცენტი, 2006 წლიდან 2024 წლამდე კი უკვე მოწვეული პედაგოგი.
ლია ბარამიძის თქმით, მისთვის ბედნიერება იყო, ემუშავა გამოჩენილი ქართველი ქიმიკოსების გვერდით. განსაკუთრებით, მან ხაზი გაუსვა კათედრის ხელმძღვანელთა როლს თსუ-ს ქიმიის სკოლის ჩამოყალიბებაში. ქალბატონი ლიას კოლეგები სხვადასხვა დროს იყვნენ კათედრის გამგეები: შოთა სამსონია, ნოე ფირცხალავა, ვიქტორ კოკოჩაშვილი, ალექსანდრე ნოღაიდელი და, ასევე, ნინო ციციშვილი, რომელიც პირველი პროფესორი ქალი იყო ქიმიაში.

,,1960 წლიდან დავიწყე მუშაობა ორგანული ქიმიის კათედრაზე უფროს ლაბორანტად. მაშინ კათედრის გამგე იყო ილია გვერდწითელი. იგი ჩემი უშუალო ხელმძღვანელი, მასწავლებელი და იდეალური პიროვნება იყო, რომელმაც მასწავლა როგორ უნდა მემუშავა, როგორ უნდა ვყოფილიყავი სტუდენტებთან, როგორი სტილით უნდა ჩამეტარებინა ლექციები. რაც კი შეიძლება უფროსმა ადამიანმა ასწავლოს თავის მოწაფეს, მან ასე გადმომცა ყველა სიკეთე მთელი სიცოცხლის მანძილზე. ჩვენ ვიკვლევდით, კერძოდ, ფენილაცეტილენური რიგის ნაერთებს, რომლისგანაც ვღებულობდით სილიციუმ-გერმანიუმ-ის შემცველ ნაერთებს. შემდეგ საფეხურზე ეს იყო უკვე ჩემი სადისერტაციო ნაშრომის თემა“, – იხსენებს ლია ბარამიძე. ასევე აღსანიშნავია, რომ 1971-1976 წლებში ის იკავებდა ქიმიის ფაკულტეტის დეკანის მოადგილის პოზიციას სასწავლო მიმართულებით.
საინტერესოა, როგორ აფასებს ხანგრძლივი გამოცდილების მქონე პედაგოგი სწავლების მიდგომების ცვლილებას დროთა განმავლობაში. ქალბატონი ლია ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, რომ ,,შეცვლილია სტუდენტთა დატვირთვა – მაშინ, როცა წარსულში 300 საათიანი მუშაობა მიმდინარეობდა, ახლა ეს დრო 30 საათამდეა შემცირებული. დადებითად არის შესაფასებელი ახალი დროის ტექნოლოგიური სიახლეები, რასაც მოჰყვა კომპიუტერული სისტემის დანერგვა სწავლა-სწავლების პროცესში“. ლია ბარაბაძის თქმით, ტექნოლოგიურ პროცესს იგი ყოველთვის კარგად უწყობდა ფეხს.
საყურადღებოა ქიმიკოსის სამეცნიერო ინტერესები და კვლევის მიმართულებებიც. სილიციუმ და გერმანიუმ ორგანული ნაერთების გარდა, ლია ბარამიძე კოლეგებთან ერთად იკვლევდა აზოტშემცველ ჰეტეროციკლურ ნაერთებს და შეისწავლიდა საქართველოს ფლორის ალკალოიდებს. მისი თქმით, კვლევისას მთავარი მიზანი იყო სინთეზის შედეგად ახალი ნივთიერებები მიეღოთ. შრომებს აქვეყნებდნენ ჟურნალებში, გარდა ამისა, მათ მიერ მიღებული ნაერთები გარკვეულ ცნობარებშიცაა შესული და აღწერილი. სილიციუმ ორგანულ ნაერთებზე გამოცემული იყო ოთხტომეული; ასევე გამოიცა წიგნი გერმანიუმ ორგანული ნაერთის შესახებ სახელწოდებით ,,უჯერი ნაერთების ჰიდროგერმილირება”.
ლია ბარამიძე ახალგაზრდა მეცნიერებსა და სტუდენტებს კვლავაც თავის გამოცდილებას უზიარებს და რჩევებსაც აძლევს. როგორც თავისი მასწავლებლებისგან ახსოვს, ახალგაზრდებს თავისეურად უნდა მიუდგე და ასეც იქცევა. ქალბატონი ლია ასეთ გზავნილს უტოვებს სტუდენტებს, რომელთა მომავალზეც დიდიხანია უკვე ნაფიქრი აქვს: ,,ვურჩევდი მათ, ყოველდღიურად აიმაღლონ ცოდნის დონე, მიჰყვნენ ცხოვრებას… კარგია, რომ კომპიუტერული სისტემით ყველაფერ ახალს, სიახლეს შეუძლიათ – გაეცნონ; აითვისონ ენები… სასურველია იმუშაონ ჯერ სამეცნიერო ლიტერატურაზე და შემდეგ უკვე პრაქტიკული უნარები გაიუმჯობესონ ექსპერიმენტებზე. არ უნდა დაიღალონ. შრომა აუცილებლად მოიტანს შედეგს“.
