თედო დუნდუა – მასწავლებელი და მეცნიერი
თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საქართველოს ისტორიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის ხელმძღვანელი, პროფ. თედო დუნდუა, რომელიც, ასევე, წლების განმავლობაში, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოადგილე გახლდათ, თანამედროვე, XXI საუკუნის პირველი მეოთხედის, თსუ-ს უდავოდ გამორჩეული მასწავლებელი, მეცნიერი და ინტელექტუალი იყო. მუდამ ცოცხალი, ენერგიით აღსავსე და დაუღალავი შრომით ემსახურებოდა ისტორიული მეცნიერების ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვან მიმართულებას, საქართველოს ისტორიის კვლევას. ყველა, ვინც მას მშობლიურ უნივერსიტეტში კარგად იცნობდა, ადვილად შეამჩნევდა ქარიზმას, ენერგიასა და მონდომებას, რომელსაც არასდროს აკლებდა თავის აკადემიურ მოღვაწეობას. მის ხელში გაიზარდა უნივერსიტეტის ისტორიკოსთა არაერთი თაობა, ისინი, რომლებმაც თსუ-ში სწავლა 1990-იან წლებიდან დაიწყეს. პროფ. თედო დუნდუა იყო მრავალი ისტორიკოსის მასწავლებელი, დამრიგებელი და სამეცნიერო ხელმძღვანელი. იმ მრავალთა შორის ვიყავი მეც. ჩვენი საერთო ნაცნობობა 23 წლის წინ დაიწყო. უნივერსიტეტში ახალი ჩარიცხული ვიყავი, როდესაც 2002 წლის იანვარს პირველი გამოცდები ჩავაბარე და ყველა საგანი ფრიადზე დავხურე. მაშინ უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტზე ასეთი წესი იყო: სასწავლო წლის ბოლოს, რომელიც მაისში მთავრდებოდა, უნდა დაგესრულებინა და ჩაგებარებინა საკურსო ნაშრომი. თუმცა, საკურსო ნაშრომის ჩაბარება არ მოგეთხოვებოდა, თუ სტუდენტურ სამეცნიერო კონფერენციაზე მოხსენებას წარადგენდი. კონფერენციაზე მოხსენების წაკითხვის სურვილი ყოველთვის მქონდა, მაგრამ პირველი კურსელი კონფერენციაში მონაწილეობას ვერ მიიღებდა. ამგვარი იყო მაშინდელი წესი. ამდენად, სასწავლო წლის ბოლოს საკურსო ნაშრომი უნდა ჩაგვებარებინა, ხოლო განაცხადი საკურსოს თემის არჩევისა და სამეცნიერო ხელმძღვანელის გამოყოფის შესახებ მეორე სემესტრის დასაწყისში უნდა დაგვეწერა. ვინაიდან ჯერ კიდევ სკოლის პერიოდიდან მაინტერესებდა საქართველოს აღმოსავლეთ რომის იმპერიის მემკვიდრეობის საკითხი, განაცხადი სწორედ ამ თემის საკურსოს სახით დამუშავებაზე დავწერე და სამეცნიერო ხელმძღვანელის გამოყოფა მოვითხოვე. განცხადება დამიკმაყოფილეს, ხოლო სამეცნიერო ხელმძღვანელად პროფ. თედო დუნდუა დამიმტკიცეს. მახსოვს ჩემი პირველი შეხვედრა მასთან 2002 წლის დასაწყისში, როდესაც ვუთხარი, რომ ჩემს სამეცნიერო ხელმძღვანელად სწორედ ის იყო შერჩეული. ერთი კაი გვარიანად შემომჩივლა – რა დროს ჩემი საკურსოს ხელმძღვანელობა არის, პროფესორი ვარ და ისტორიის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, განა, ამისთვის მცალიაო?! მაგრამ უარი არ უთქვამს, დამთანხმდა. სათაურიც შემიცვალა: „საქართველო ბიზანტიის თანამეგობრობაში (X საუკუნის მეორე ნახევრიდან XIII საუკუნის პირველ ნახევრამდე)“ – ასეთი სახით დავადგინეთ. სიმართლე უნდა ვთქვა, მერიდებოდა მისი ხშირად შეწუხება, მაგრამ, ვინაიდან ბევრი კითხვა მქონდა, პერიოდულად, როდესაც შემთხვევით ვხვდებოდი, ვეკითხებოდი ხოლმე. როგორც წესი, კონსულტაციას დერეფანში გამიწევდა, ვიდრე უნივერსიტეტის პირველი კორპუსის დერეფნის ერთი ბოლოდან მეორე ბოლოში გავიდოდით. სულ რაღაც საქმეებით იყო დაკავებული, აშკარად ვატყობდი – საკურსო ნაშრომებისთვის ნაკლებად ეცალა. ბოლოს ჩემმა შეძლებისდაგვარად მონდომებულმა შრომამ თავისი ნაყოფი გამოიღო, 40-გვერდიანი საკურსო ნაშრომი დავწერე და ჩავაბარე. ჩემს სამუშაო ოთახში შენახულ სტუდენტის აკადემიური მოსწრების წიგნაკში დღემდე შესამჩნევია ღია ლურჯი კალმით ჩაწერილი 5/ფრიადი და ხელმოწერა, რომელიც პროფ. თედო დუნდუამ, ჩემმა მაშინდელმა სამეცნიერო ხელმძღვანელმა, 2002 წლის 15 მაისს გამიფორმა. ამავე ოთახში, ჩემს პირად ბიბლიოთეკაში, მისი ხელმოწერილი პირველი წიგნი (ბროშურა) – „პუბლიკიუს აგრიპა, ფლავიუს დადე და ორმაგი მოქალაქეობა – არის თუ არა ეს მომავალი ევროპის მოდელი?“ (გამომცემლობა „მერიდიანი“, თბილისი, 2002) – მაქვს შენახული, რომელიც საკურსოს დაცვამდე ორი დღით ადრე მაჩუქა. ეს „ბროშურა“, როგორც ამას პატარა მოცულობის წიგნებს უწოდებდა, სწორედ იმ ხანებში იყო გამოცემული, როდესაც ჩემი საკურსო ჩავაბარე. მახსოვს, მითხრა – სხვა წიგნები უკვე დავარიგე და ეს ჯერ დარჩენილი მაქვს და გჩუქნიო. მას შემდეგ, ვიდრე მიმდინარე წლის ჩათვლით, მისი ავტორობით დაწერილი იმდენი წიგნი მივიღე საჩუქრად, რომ ერთ პატარა თაროს კარგად გაავსებს. ჩემს თაროს ამშვენებს ჩვენი ერთობლივი ნამუშევარიც „ფრანკი ლიმიტანები ლაზიკაში“ (2007), ასევე, ჩემი თანამონაწილეობით და მისი თანაავტორობით შედგენილი ორენოვანი „ქართული ნუმიზმატიკის კატალოგი“, რომელიც ოთხ ტომად გამოიცა (2013-2015) ქართულ და ინგლისურ ენებზე, ხოლო კატალოგის მეორე გამოცემა (ინგლისური ვერსია) ერთტომად ათენში დემეტრიუს სიატრასის გამომცემლობამ დაბეჭდა (2021), რომლითაც ის განსაკუთრებით ამაყობდა. ვიდრე ჩვენი ერთობლივი ნამუშევარი გამოიცემოდა და უნივერსიტეტში კოლეგები გავხდებოდით, საკურსო ნაშრომის დასრულების შემდეგ, პროფ. თედო დუნდუასთან შეხვედრა, ფაქტობრივად, აღარ მიწევდა. ბაკალავრიატში მას ჩემთვის არ უსწავლებია. საკონფერენციო ნაშრომებიც, რომელთაც მე ვასრულებდი (ამგვარი სახით საკურსო ნაშრომი შესრულებულად მეთვლებოდა), სხვა პროფესორ-მასწავლებლების სამეცნიერო ხელმძღვანელობით მქონდა გაკეთებული. პროფ. თედო დუნდუას სამეცნიერო ხელმძღვანელობა და მისი რამდენიმე საგნის გავლა მხოლოდ მაგისტრატურაში მომიწია, როდესაც 2005 წლის შემოდგომაზე სწავლა საქართველოს ისტორიის სამაგისტრო პროგრამაზე გავაგრძელე. იქ მას ხელახლა შევხვდი, ჩემი სამომავლო სამაგისტრო ნაშრომის ხელმძღვანელობა ვთხოვე და თანხმობაც მივიღე. ამის შემდეგ, მთელი ოცი წელი, მასთან ურთიერთობა არასდროს გამიწყვეტია, თავიდან – როგორც სამეცნიერო ხელმძღვანელთან, შემდეგ უკვე – როგორც მის უმცროს კოლეგას, თანაავტორს, თანამშრომელსა და მეგობარს. აქედან მოყოლებული ის ჩემთვის უფროსი მეგობარი და, უბრალოდ, თედო გახდა, რომელსაც იმ უშუალო ურთიერთობის აღსანიშნავად, რომელიც გვქონდა დიდი ასაკობრივი სხვაობის მიუხედავად, სახელით მივმართავდი. სწორედ თედოს ხელმძღვანელობით დავიცავი როგორც სამაგისტრო ნაშრომი, ასევე სადოქტორო დისერტაცია. სამაგისტრო ნაშრომის სათაური – „მართლმადიდებელი იმპერიის იდეა და საქართველო (ნარკვევები აღმოსავლეთ ევროპის საინტეგრაციო ზონის ისტორიიდან XII-XV საუკუნეებში)“ – ძირითადად, სწორედ მისი შერჩეული იყო. ამავე საკითხზე ვაგრძელებდი მუშაობას დოქტორანტურაში, მისივე სამეცნიერო ხელმძღვანელობით, თუმცა, როდესაც დავინახე, რომ თემა ვრცელი და ზოგადი იყო, ამჯერად, უკვე ჩემი ინიციატივითა და მისი თანხმობით სათაური შევცვალე უფრო კონკრეტულით – „ბიზანტიური საიმპერიო ტიტულატურა საქართველოში“, რომელიც, მოგვიანებით, მისი სამეცნიერო ხელმძღვანელობით წარმატებით დავიცავი. ცალკე აღსანიშნავია სამეცნიერო გრანტები, რომლებშიც საქართველოს ისტორიის კათედრის წევრებმა მე და ჩემი კურსელები ჯერ კიდევ მაგისტრატურაში სწავლის დროს ჩაგვრთეს. პირველი ასეთი სერიოზული სამეცნიერო პროექტი იყო „საქართველო და გარე სამყარო“, რომელშიც მე თედოსთან ერთად მომიწია ჩართვა. სწორედ ამ პროექტის ფარგლებში განვავრცეთ ჩვენი ერთობლივი სტატია ფრანკ ლიმიტანებზე საქართველოში, რომელიც გადამუშავებული და განვრცობილი სახით თსუ-ს საქართველოს ისტორიის ინსტიტუტის შრომების III ტომში დაიბეჭდა (2011). თედოს სამეცნიერო ხელმძღვანელობით შესრულებული პირველი სამეცნიერო პროექტი, რომელშიც ერთად მოგვიწია ყოფნა, „ქართული ნუმიზმატიკის ინგლისურ-ქართული ონლაინ კატალოგი“ იყო. მართალია, კატალოგი მხოლოდ ონლაინ სივრცეში უნდა ყოფილიყო განთავსებული, მაგრამ თედოს დაუღალავი შრომის წყალობით, რაშიც მეც დიდი რუდუნებით ვიყავი ჩართული, ონლაინ კატალოგის გარდა ამავე ონლაინ ვერსიის ბეჭდური ოთხი ტომიც გამოიცა, რომლის ინგლისურენოვანი ნაწილის მეორე გამოცემა, რამდენიმე წლის შემდეგ, ბერძნულმა გამომცემლობამ აიღო საკუთარ თავზე. თედოს ბოლო სამეცნიერო პროექტიც, ამჯერად, ჩემი მონაწილეობის გარეშე, ნუმიზმატიკას ეხებოდა – „აფხაზეთი საქართველოა: ისტორიულ-ნუმიზმატიკური ნარატივი“, რომელშიც დასავლეთ საქართველოს და მასში შემავალი აფხაზეთის, როგორც დასავლურქართული სივრცის ეკონომიკური შემადგენელის, ნუმიზმატიკური ისტორია არის გადმოცემული. როდესაც ვიხსენებ თედოს როგორც მეცნიერს, ალბათ, შეუძლებელია გვერდი ავუარო მას, როგორც საქართველოს ევროინტეგრაციის ისტორიული ფორმების კვლევის ფუძემდებელს. საქართველოს ევროინტეგრაციის ისტორიის შესწავლის მნიშვნელობა თანამედროვე რეალობაში სსრკ-ს დაშლის შემდეგ განვითარებულმა მოვლენებმა განაპირობა, როდესაც ნელ-ნელა საქართველომ ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით დაიწყო სვლა. შესაბამისად, გაჩნდა იმისი ინტერესიც – შესწავლილიყო საქართველოს წარსული თანამედროვე ევროპის წინამორბედ და წინაპარ გაერთიანებებთან ურთიერთობის კონტექსტში. თამამად შეიძლება ითქვას, რომ თავისი სამეცნიერო მოღვაწეობის დიდი ნაწილი თედომ, ქართული ნუმიზმატიკის კვლევის პარალელურად, საქართველოს ევროინტეგრაციის ისტორიული პროცესის წარმოჩენას დაუთმო. მას ეს პროცესი, დიდწილად, სამ ეტაპად ჰქონდა წარმოდგენილი: ბერძნულ, რომაულ და ბიზანტიურ სივრცეში საქართველოს ინტეგრაციას ცალ-ცალკე განიხილავდა და იმ კონკრეტულ შემთხვევებზე აკეთებდა აქცენტს, როდესაც ქართული სივრცე ამ იმპერიათა გავლენის ქვეშ იყო მოქცეული. თედო დუნდუას სამეცნიერო კვლევების ეს ნაწილი, ისევე, როგორც ქართული ნუმიზმატიკის შესწავლა, მოცემული აქვს როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ ენებზე. ამდენად, თავისი შრომების მნიშვნელოვანი ნაწილი საერთაშორისო აუდიტორიისთვისაც არის ხელმისაწვდომი. შთამბეჭდავია მისი საერთო სამეცნიერო მონაგარიც. ბოლოს განახლებული CV-ს მიხედვით, რომელიც researchgate.net-ზეა ატვირთული და განახლებულია 2025 წლის 27 ივლისს, თედო დუნდუას გამოცემული ან ინტერნეტში აკადემიური პროფილის მქონე საიტებზე ატვირთული აქვს თავისი ავტორობითა თუ თანაავტორობით დაწერილი 99 წიგნი და ბროშურა, 187 სტატია, 11 საგაზეთო პუბლიკაცია, ასობით სხვა სახის საკონფერენციო მოხსენება, თეზისები, საპრეზენტაციო სტატიები, ინტერნეტ- მასალები, რადიო თუ სატელევიზიო ინტერვიუები, სილაბუსები, რეცენზიები, სამეცნიერო გამოცემათა მიმოხილვები და მრავალი სხვა სახის ნაშრომი. მხოლოდ სათაურების ჩამონათვალი, რაც CV-ში დანომრილი სახით არის მოცემული, 177 გვერდზეა გაშლილი და PDF-ის ფორმატშია ატვირთული. ასეთია პროფ. თედო დუნდუას სამეცნიერო და პედაგოგიური მემკვიდრეობა, რამაც უნივერსიტეტის სამეცნიერო სივრცეს ბევრი საინტერესო გამოცემა, სალექციო კურსი და მრავალი აღზრდილი თაობა დაუტოვა. ის თითქმის ნახევარი საუკუნე ემსახურა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ჯერ როგორც ისტორიის ფაკულტეტის სტუდენტი, შემდეგ უკვე ეტაპობრივად როგორც ასპირანტი, ლაბორანტი, დოცენტი, პროფესორი და ადმინისტრატორი. მისივე თქმით, რასაც ჩემთან ხშირად იმეორებდა ხოლმე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მას გავლილი ჰქონდა ყველა საფეხური – დაწყებული ყველაზე დაბალი პოზიციით, დამთავრებული უმაღლესი აკადემიური თუ ადმინისტრაციული თანამდებობებით. თამამად შეიძლება ითქვას, რომ უნივერსიტეტი იყო მისი მეორე ოჯახი, სადაც მან მთელი თავისი შეგნებული ცხოვრება გაატარა. ყველასთვის მოულოდნელად 2025 წლის 14 ოქტომბერს, სვეტიცხოვლობის დღეს, პროფ. თედო დუნდუა 64 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამავე წლის 18 ოქტომბერს, შაბათს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ბაღის პანთეონის ტერიტორიაზე მდებარე წმ. დავით აღმაშენებლის სახელობის ეკლესიიდან უნივერსიტეტის დამსახურებული პროფესორი თავის უკანასკნელ გზაზე გააცილეს მისმა სტუდენტებმა, კოლეგებმა, ახლობლებმა, ნაცნობებმა, ოჯახის წევრებმა თუ უბრალოდ გულშემატკივრებმა. ჩვენი უნივერსიტეტის გამორჩეული წევრი წავიდა, მაგრამ მისი მემკვიდრეობა კიდევ დიდხანს დარჩება, როგორც პროფ. თედო დუნდუას პედაგოგიური და სამეცნიერო მოღვაწეობის ცოცხალი ნიმუში.
ლერი თავაძე
ისტორიის დოქტორი,
თსუ-ს ასისტენტ-პროფესორი,
თსუ-ს სასწავლო პროცესის მართვის
დეპარტამენტის უფროსის მოადგილე
