სიმპოზიუმი, რომელიც ამიერკავკასიის ორი ქვეყნის სამეცნიერო სფეროში თანამშრომლობის ნათელი მაგალითია
15-18 მაისს თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საქართველოს ისტორიის ინსტიტუტის ასისტენტ-პროფესორმა ლერი თავაძემ მონაწილეობა მიიღო ღონისძიებებში, რომლის ორგანიზატორი და მასპინძელი გახლდათ ბაქოს დასავლეთ კასპიის უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ჰუსეინ ბაგიროვი და ამავე უნივერსიტეტის ადმინისტრაცია.
,,მთავარი ღონისძიება გახლდათ საერთაშორისო აკადემიური სიმპოზიუმი სახელწოდებით: „წარმოდგენები კავკასიის შესახებ, კასპიის ზღვა და სეფიანთა სახელმწიფო (შუა საუკუნეებიდან ადრეულ ახალ დრომდე)“. სიმპოზიუმი ჩატარდა 16 მაისს დასავლეთ კასპიის უნივერსიტეტში (ბაქო, აზერბაიჯანის რესპუბლიკა). დასავლეთ კასპიის უნივერსიტეტი გახლავთ ყველაზე წარმატებული კერძო უნივერსიტეტი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში. აღნიშნული უნივერსიტეტის წარმომადგენლებისა და, ასევე, ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის ლალა ალიევას მიწვევით მონაწილეობა მივიღე საერთაშორისო სიმპოზიუმში, რომელიც ეხებოდა კავკასიისა და კასპიისპირეთის შუა საუკუნეების ისტორიას სეფიანთა ხანის ჩათვლით. საერთაშორისო აკადემიურ სიმპოზიუმში ჩავერთე არა მხოლოდ როგორც მონაწილე, არამედ როგორც ერთ-ერთი ორგანიზატორი, დისკუსანტი და მოდერატორი. ბაქოს დასავლეთ კასპიის უნივერსიტეტის საერთაშორისო აკადემიურ სიმპოზიუმში ჩემი ინიციატივით ჩაერთნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტები: ნინო კაკალაშვილი (საქართველოს ისტორიის სადოქტორო პროგრამა), ლალი მექერიშვილი (საქართველოს ისტორიის სადოქტორო პროგრამა) და ევგენი ჭანიშვილი (აღმოსავლეთმცოდნეობის ისტორიის სადოქტორო პროგრამა; პროექტის – „საქართველო მუსლიმურ სამყაროსა და ევრაზიის სტეპს შორის“ – ძირითადი მონაწილე). ჩვენი უნივერსიტეტის ზემოთ ხსენებული დოქტორანტების სამეცნიერო მიმართულება სწორედ შუა საუკუნეების სამხრეთ კავკასიის ისტორია გახლავთ“, – აღნიშნა ლერი თავაძემ.
სიმპოზიუმზე წარდგენილი მოხსენებები ეხებოდა სეფიანთა პერიოდის ირანისა და აზერბაიჯანის, ასევე, ადრეისლამური ხანის კასპიისპირეთის სტეპის მოსახლეობას, ხაზარებს, ყივჩაყებს, შუა საუკუნეების კავკასიის ისტორიას, ამავე პერიოდის არქეოლოგიურ აღმოჩენებს და სეფიანთა პერიოდის კულტურისა თუ არქეოლოგიის ძეგლებს. ლერი თავაძემ სიმპოზიუმზე წარადგინა მოხსენება სათაურით – „ხაზარულ-ბიზანტიურ-სლავური კოალიცია აბასიანთა ხალიფატის წინააღმდეგ და კავკასიური სახელმწიფოები 850-იან წლებში“.
,,დასავლეთ კასპიის უნივერსიტეტის ორგანიზებული საერთაშორისო აკადემიური სიმპოზიუმი მართლაც რომ ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება გახლდათ. მან საშუალება მისცა შუა საუკუნეების კავკასიის ისტორიის სპეციალისტებს, ახალგაზრდა მეცნიერებსა და დაინტერესებულ საზოგადოებას გაეგო, მოესმინა და გასცნობოდა იმ სიახლეებს, რომელსაც ადგილი აქვს კავკასიის შუა საუკუნეებისა თუ სეფიანთა ხანის ისტორიაში. სიმპოზიუმში ჩართული იყვნენ არა მხოლოდ ჩვენი აზერბაიჯანელი კოლეგები და ახალგაზრდა მეცნიერები, არამედ სპეციალისტები მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან, მათ შორის, ოქსფორდის უნივერსიტეტის რამდენიმე მეცნიერი, ტოკიოს უნივერსიტეტის, რომის ლა საპიენცის უნივერსიტეტისა და მრავალი სხვა სამეცნიერო დაწესებულებების წარმომადგენლები. სიმპოზიუმი მნიშვნელოვანია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალგაზრდა მეცნიერებისთვისაც, დოქტორანტებისთვის. მათ საშუალება მიეცათ მონაწილეობა მიეღოთ საერთაშორისო ღონისძიებაში, დაემყარებინათ კონტაქტი კოლეგებთან და შეეძინათ გამოცდილება, რაც, უდავოდ, გამოადგებათ თავიანთ პროფესიულ საქმიანობაში. ვფიქრობ, სიმპოზიუმს დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველოსა და აზერბაიჯანის სამეცნიერო თანამშრომლობის თვალსაზრისითაც. საქართველომ უნდა გააძლიეროს თანამშრომლობა სამეზობლოში, განსაკუთრებით, სამხრეთ კავკასიის ქვეყნებთან, რაც, ბუნებრივია, გულისხმობს აკადემიურ სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებასაც. ამ კუთხით აზერბაიჯანისა და თურქეთის რესპუბლიკებთან ურთიერთობა უმნიშვნელოვანესია. აღნიშნული სიმპოზიუმი ამიერკავკასიის ორი ქვეყნის სამეცნიერო სფეროში თანამშრომლობის ნათელი მაგალითია“, – ამბობს ლერი თავაძე.